Nabucco

Nabucco-ს კრიზისი

უნგრეთმა Nabucco-ს პროექტის დაფინანსებაზე უარი თქვა და 2012 წლის ბიუჯეტი არ დაამტკიცა. ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, Nabucco-ს პროექტი „შარშია”. მის მაგივრად, უნგრეთი მხარს დაუჭერს რუსეთის ენერგოგიგანტის – Gazprom-ის პროექტს – სამხრეთის ნაკადის მილსადენს.

თავის დროზე Nabucco დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ 6 წლის წინათ Gazprom-ის გაზზე დამოკიდებულ ევროპას, კომპანიამ გაზის მიწოდება ყველა კონტრაქტის დარღვევით შეუწყვიტა მოულოდნელად. მაშინ ითქვა, რომ უკრაინასთან – მთავარ ტრანზიტორ ქვეყანასთან, გაზის ფასზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. სხვადასხვა მიზეზით, მსგავსი შანტაჟი რუსეთმა ევროპას ბოლო პერიოდშიც რამდენჯერმე მოუწყო.

ამას დაემატა ამავე პერიოდში რუსეთის ენერგობაზარზე მიმდინარე პროცესებიც: მსხვილ ნავთობკომპანიებს Shell-სა და BP-ის რუსეთის ენერგოგიგანტის სასარგებლოდ საკუთარი აქტივების იძულებით დათმობა მოუწიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის პირას იდგნენ. მიუხედავად ამისა, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა ევროპულმა ქვეყნებმა მის მიმართ ეკონომიკური სანქციები არ გამოიყენეს. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირმა პასუხად გაზის კრიზისი მიიღო.

2006 წლის შემდეგ ევროპამ აქტიურად დაიწყო ენერგოდივერსიფიკაციაზე ფიქრი. Nabucco იყო პირველი პროექტი, სადაც რუსეთის გვერდის ავლით ევროპისთვის გაზის მიწოდების პერსპექტივა გამოჩნდა: მილსადენს კასპიის რეგიონიდან ევროკავშირში გაზი უნგრეთის გავლით უნდა მიეტანა. ამ შემთხვევაში Gazprom-ი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებოდა.

რუსეთმა Nabucco-ს პროექტის საპირწონედ სამხრეთის ნაკადის პროექტის განვითარება დაიწყო. ამ შემთხვევაშიც ძირითადი ტრანზიტორი ქვეყანა უნგრეთი გამოდიოდა.

სამხრეთ ნაკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მილსადენის საშუალებით ევროპა ყოველწლიურად 63 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ეს ევროპაში რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას გაზრდის. პროექტში ჩართულ და მილსადენის მარშრუტის გარშემო არსებულ ქვეყნებში მოხმარებული გაზის 63% რუსულია. სხვადასხვა შეფასებით, სამხრეთის ნაკადის ამოქმედების შემდეგ, ეს მაჩვენებელი, სულ მცირე, 85%-მდე გაიზრდება. ამ პირობებში რუსეთს ექნება საშუალება, თავი აარიდოს კონკურენციას და ფასები ერთპიროვნულად დააწესოს. ეკონომიკური მონოპოლია კრემლის პოლიტიკურ ბერკეტებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

რუსეთის სტრატეგია ცბიერია: ხელშეკრულებას დებს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან და საშუალება აქვს, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა პირობა წაუყენოს. ამით რუსეთი თავის აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს და ევროკავშირში შუღლის წარმოქმნას ხელს შეუწყობს. ეს კი, საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის, როგორც ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის როლს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს.

ამ ეტაპზე ევროპის კრიზისმა რუსეთზე იმუშავა: მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ნაკადის ამოქმედება დიდ ხარჯებს უკავშირდება – სხვადასხვა გათვლებით, სულ მცირე, 25 მილიარდი ევრო – დაფინანსების წყაროები ამ დრომდე არ არის საჯარო; რუსეთს კი შავი ზღვის ფსკერზე მილის ასაშენებლად არც საკმარისი გამოცდილება და არც აღჭურვილობა აქვს, მაგრამ მაინც მოახერხა უნგრეთის დარწმუნება, რომ კასპიის რეგიონზე თავისი დიდი გავლენის პირობებში, Nabucco-ს მილსადენს საჭირო ოდენობის გაზის მოძიება კიდევ უფრო გაუჭირდება.

ევროკავშირის პოზიცია იმდენად მკვეთრი არ არის, რომ უნგრეთს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ოფიციალური განცხადებით,

ევროპისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კორიდორის გახსნა, თუმცა ევროპაში კონკრეტულად რომელ პუნქტამდე მივა გაზი – აქ რამე პრეფერენციები არ არსებობს: ევროკავშირი მხარს უჭერს როგორც Nabucco-ს, ისე ნებისმიერ სხვა პროექტს, რომელიც ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

Nabucco-ს ამ მხრივ კონკურენტები ნამდვილად არ აკლია. მათგან ყველაზე რეალური ორია – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მილსადენი (SEEP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP).

TAP-ის მფლობელი და აქტიური მხარდამჭერია სამი წამყვანი ევროპული ენერგოკომპანია – შვეიცარიის EGL (42.5%), ნორვეგიული Statoil (42.5%) და გერმანული E.ON Ruhrgas (15%). TAP-ის მიზანია, აითვისოს შაჰ-დენიზის მარაგები და გაზი კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებამდე მიიტანოს. მილსადენი სათავეს აიღებს საბერძნეთში, გადაკვეთს ალბანეთს, ადრიატიკის ზღვას და სამხრეთ იტალიის სანაპირომდე მივა. შაჰ-დენიზის გაზით მილსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მომარაგდება.

SEEP შაჰ-დენიზის გაზს აღმოსავლეთ თურქეთიდან ავსტრიამდე მიიტანს. მთელი მარშრუტი 3800 კილომეტრს შეადგენს და მის უდიდეს ნაწილს უკვე არსებული მილსადენები დაფარავს. თუმცა SEEP-ს სხვადასხვა ქვეყანაში, სულ მცირე, 1000 კილომეტრი სიგრძის მილის გაყვანა მაინც მოუწევს. მილსადენის პროექტი ეკუთვნის BP-ის.

როგორც გამოჩნდა, Nabucco-ს კონკურენტი ორივე პროექტი, მის მსგავსად, აზერბაიჯანულ გაზზეა ორიენტირებული. იმისთვის, რომ Nabucco რეალურად კონკურენტუნარიანი გახდეს, საჭირო იქნება SOCAR-მა და შაჰ-დენიზის რამდენიმე მეწილემ, ამ პროექტში თავისი ინტერესი ჩადოს.

ანალიტიკოსების შეფასებით, უნგრეთის გადაწყვეტილება Nabucco-სთვის დიდი დარტყმა, Gazprom-ისთვის კი პოზიციების გამყარებაა. რუსეთმა Nabucco-ს პროექტის საბოლოოდ ჩასაკლავად მშვენიერი დრო შეარჩია, რადგან ევროს კრიზისმა ევროპის პრიორიტეტები აშკარად შეცვალა.

 

კომენტარები