საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირმა საქართველოს მიერ სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შესრულება შეაფასა

დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებას ასახავს 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

22 გვერდიანი დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და საქართველომ წარმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების საქმეში. ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები კონსტრუქციულად ჩატარდა და წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა.

საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (რაც ასოცირების შესახებ შეთანხმების შემადგენელი ნაწილია) შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელი ძირითადი რეკომენდაციების შესრულებაში საკმარისი წინსვლა აღინიშნა. ამ წინსვლის საფუძველზე, დეკემბერში, ევროკავშირი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკვე ჩატარდა , - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესში.

ასევე წარმატებული ნაბიჯები გადადგა საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში. გაგრძელდა პოლიტიკური რეფორმების განხორციელება. რამდენიმე შესწორება შევიდა ძირითად კანონებში პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და თავისუფლების და უსაფრთხოების სფეროებში. ამავდროულად, აღნიშნულია დოკუმენტში, კითხვის ნიშნები დარჩა სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებში, მათ შორისაა: სხვადასხვა უბანში საარჩევნო კომისიის მოადგილის არჩევისთვის საჭირო ხმათა განსხვავებული რაოდენობა, საარჩევნო დავების გადაწყვეტის მექანიზმში არსებულ ბუნდოვანება, მედიასაშუალებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა და მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც არასათანადოდაა რეგულირებული.

საქართველოს სახელმწიფო მმართველობა კვლავაც ხასიათდება აღმასრულებელი ხელისუფლების დომინანტური პოზიციით, სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობითა და სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობით, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების სფეროში რამდენიმე მიმართულებით მიღწეული აშკარა წინსვლისა, ზოგიერთი პრობლემა კვლავ დაუძლეველი რჩება, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პროკურორს ძლიერი პოზიცია უკავია, ხოლო სასამართლოს აკლია დამოუკიდებლობა. ამაზე მეტყველებს გამამტყუნებელი განაჩენების ძალიან მაღალი მაჩვენებელი (98%), თუმცა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა. გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლისა და მკაცრი სასჯელების შედეგად გახშირდა საპროცესო შეთანხმების გამოყენების მაჩვენებელი ( საქმეთა 87.5%–ის შემთხვევაში), ხოლო შეთანხმების შედეგად შემოსული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებები, რომელიც ძალაში 2011 წლის ნოემბერში შევიდა, აძლიერებს საპროცესო შეთანხმების პროცედურაზე სამართლებრივ კონტროლს და საგანგებოდ სთხოვს მოსამართლეებს, შეაფასონ პროკურატურასა და მოპასუხე მხარეს შორის დადებული შეთანხმების არამარტო კანონიერება, არამედ სამართლიანობაც.

საგრძნობი წინსვლა აღინიშნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში, ასევე სისხლის სამართლის სფეროში უფრო ლიბერალური მიდგომის დამკვიდრებაში.

2011 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა დანაშაულის შესახებ კვლევამ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად ჩატარდა, აჩვენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოსახლეობის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კვლევამ, აჩვენა, ასევე, რომ თანდათანობით იზრდება საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სფეროს ინსტიტუტების მიმართ, - ნათქვამის დოკუმენტში.

ამავე დროს, ევროკავშირის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2011 წლის იანვარში ვეტერანთა მშვიდობიანი პროტესტის დაშლამ და შემდეგ, მაისში საპროტესტოდ შეკრებილ ადამიანთა ძალადობრივი დაშლამ, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული შეშფოთების საფუძველი შექმნა.

2011 წელს სისხლის სამართლის სექტორის რეფორმირება და მისი ლიბერალიზაცია საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული გეგმებისა და პროგრამების მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა საპყრობილეებში პატიმართა დიდი რაოდენობა კვლავ შეშფოთების საგანია.

დაკავებისა და წინასწარი პატიმრობისას გადამეტებული ძალის გამოყენება, საპყრობილის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და კანონის არათანაბრად გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვები ჯერ კიდევ შეშფოთებას იწვევს.

ამავე დროს, რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, ევროკავშირისთვის კვლავ შეშფოთების საგანის შრომითი უფლებების დაცვა. კერძოდ, საქართველოს მიერ საერთაშორისო შრომითი უფლებების შესახებ კონვენციების შეუსრულებლობა. გაიზარდა ასევე შეშფოთება არასათანადოდ დაცული საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის საფუძველზე ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის:

• უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად;

• უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგების/კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა;

• განაგრძოს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

• განაგრძოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცება. განახორციელოს ,,მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონი“; წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოს დაბალანსებული გაშუქება მედიაში და თანაბრად ხელმისაწვდომი მედია და რეკლამა;

• განაგროს სამართლის სისტემის რეფორმირება და განამტკიცოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის და პრაქტიკის შემდგომი ლიბერალიზაცია ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად;

• გაზარდოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა; ებრძოლოს დაუსჯელობას და სრულად გამოიძიოს ნებისმიერი ბრალდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ;

• გააუმჯობესოს შრომითი უფლებები; სრულად განახორციელოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები;

• გააგრძელოს სექტორული რეფორმები და ევროკავშირის acquis – თან (კანონთა კრებულთან) მარეგულირებელი ბაზის დაახლოების პროცესი ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში.

 

კომენტარები