ჩოგბურთი

წითელი ქვიშის რაფაელი

როლან გარო რაფაელ ნადალის ტერიტორია, ესპანელის პატარა პლაჟია, სადაც ის ისვენებს. როლან გარომდე კი პრო ტური რამდენიმე საინტერესო გრუნტის ღონისძიებას ატარებს. მადრიდის ლურჯ და რომის სტანდარტულ, წითელ ქვიშას ორ სასპარინგო ტურნირს (დიუსელდორფის World Team Cup და ნიცა) უზავებენ და მერე მოდის პარიზის ამბები. წელს როლან გარო 27 მაისს იწყება. პარიზში ჩადის რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, პარიზში ჩავა ჩოგბურთის ბობ დილანი, მისტერ როჯერ ფედერერი. პარიზში ჩავა ერთჯერადი ენდი მარი. პარიზში ჩავა ხუან მარტინ დელ პოტრო. ხუან მარტინი მარტინ პალერმოსთან ერთად იქნება და იქვე, მაღალი ბიჭის ძალიან ლამაზი მეგობარი გოგონა წამოწვება. პარიზის ფესტივალზე რაფაელ ნადალიც ჩადის.

ნადალი რეიტინგში მეორეზე ზის. ხდება ხოლმე. ნადალამდე პირველი ფედერერი იყო და ესპანელმა როჯერს სტამინა, ბევრი ქულა, ბევრი ფინალი და უფრო მეტი ევრო წაართვა. ჯოკოვიჩმა სერბულად, მოურიდებლად აქაჩა, ნადალი რაფაელის ტერიტორიაზე აჭრა და შარშან ესპანელს შვიდივე პირადული მოუგო. შარშან ჯოკოვიჩი არარეალური იყო. ნადალი იგებდა სხვებთან და იშლებოდა ჯოკოვიჩთან. სერბმა როლან გაროს გარდა ყველაფერი წამოიღო – პარიზში ნოვაკს ფედერერმა დაუკრა. როჯერის რიფინგმა სერბი ანაკონდა მიაძინა და ფედერერმა ჯოკოვიჩი ნახევარფინალში, 7:6, 6:3, 3:6, 7:6 გააჩერა. ბოლო გარჩევაში ნადალმა ფედერერს 7:5, 7:6, 5:7, 6:1 დაუსვა. Game, Set, Match Nadal. როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ესპანელი როლან გაროს თითქმის სულ იგებს. ნადალი შვიდჯერ ჩადის ტურნირზე და ექვსი ბონუსი მოაქვს. რაფაელი ღია ერაში (1968 წლის შემდეგ) როლან გაროს ჩემპიონებში პირველზე ზის. ბიორნ ბორგთან ერთად. ლორედანა ბერტეს ყოფილმა სიყვარულმაც ექვსჯერ დაირტყა მთავარი პრიზი.

ნადალის შვიდი როლან გარო განსხვავებული დატვირთვის იყო. არ იცვლება რაფაელის სტატუსი და იცვლებიან ასაჩეხი პერსონაჟები. ნადალის ნავახა უფრო ლეტალურია, ვიდრე დენი ტრეხოს მაჩეტე და რაფაელი გემოვნებით იგებს.

ნადალის პირველი როლან გარო. 18 წლის ბიჭი საკურსოს წერას ლარს ბურგსმიულერთან ერთად იწყებს. გერმანელი 6:1, 7:6, 6:1 განადგურდა და მეორე ტესტში ქსავიე მალისი დაიჭრა (6:2, 62, 6:4). ნახევარფინალამდე რაფაელი აგებს ერთ სეტს, სებასტიან გროჟანთან და მერე მოდის ფედერერი. ნადალმა როჯს ერთი, მეორე სეტი მიუგდო, სამი წამოიღო და ფინალში მარიანო პუერტაზე გავიდა. არგენტინელი იმ სეზონში ხმაურობდა და ფინალიც საინტერესოდ დაიწყო. მერე ნადალის ხვნეშის სეანსები მოდის – 6:7, 6:3, 6:1, 7:5. თავის 1 103 960 დოლართან ერთად.

II როლან გარო. ნადალმა თითო სეტი ლეიტონ ჰიუიტს (1/8 ფინალი) და პოლ-ანრი მატიოს (III წრე) ათხოვა. ბოლო გაჩერება – ფედერერი. როჯერი პირველ სეტში ნადალია (6:1) და მეორე სეტიდან რაფაელის რაფსოდია მოდის. სმენადი, ცოტა დამღლელი და აგრესიული რაფსოდია. ნადალმა ფინალი 1:6, 6:1, 6:4, 7:6 შეახვევინა. საბანკო ანგარიშზე 1 196 700 დოლარი მოდის. ჯიბის ფული.

III როლან გარო. პირველ წრეში ხუან მარტინ დელ პოტროს მოხვდა. მერე ფლავიო ჩიპოლას, ალბერტ მონტანიესს, ისევ ჰიუიტს, კარლოს მოიას. მატადორის შემდეგ გატყდა ჯოკოვიჩი (7:5, 6:4, 6:2) და ფინალში ისევ ფედერერი მოდის. ნადალმა 190 წუთში ოთხი ბრეიქი აიღო და 6:3, 4:6, 6:3, 6:4 დატოვა. იმ სეზონში ტურნირის ორგანიზატორებმა კარგი სპონსორები იპოვეს და საპრიზო ფონდიც ცოტა გაიზარდა. ნადალმა 1 343 550 დოლარი აიღო.

IV როლან გარო. სპორტმა ჩოგბურთის კლაივ ბარკერი მიიღო. ნადალის ჩოგბურთი ბარკერის სადისტური შტრიხებით ივსება, სტივენ კინგის ცივი სუნთქვით იკვრება და ნადალი ვენსან კასელის ღიმილით გემშვიდობება. შვიდ გარჩევაში ესპანელმა მხოლოდ 41 გეიმი ვერ მოიგო. ერთ თამაშში საშუალოდ, 6 გეიმზე ნაკლები. ფენომენალური სტატისტიკა. ნადალი ფინალში ფედერერს დაჟანგული სამართებლით აცლის კანს – 6:1, 6:3, 6:0. შვიდ თამაშში ესპანელი შვიდ შედევრს ტოვებს და ორგანიზატორებისგან 1 000 000 ევროც მოაქვს.

V როლან გარო. რაფაელი ბოლომდე ვერ დაიტენა. ნადალი მეოთხე წრეში დაჯდა და უემოციო, სხვა ესპანელი რობინ სოდერლინგმა წაიკითხა. პირველ სამ წრეში სამი სოლოს (მარკოს დანიელთან, თეიმურაზ გაბაშვილთან და ჰიუიტთან) შემდეგ, შვედმა ოთხიდან სამი სეტი წაართვა ნადალს. 6:2, 6:7, 6:4, 7:6. სოდერლინგი იგებს, გადის ფინალში და იქ ფედერერმა ფილ ანსელმოზე მაგრად დაიღრიალა, ნადალი რომ ვერ დაინახა. როჯერმა სოდერლინგს საჩოგბურთო Mission Impossible აყურებინა.

VI როლან გარო. სოდერლინგმა აკრიფა. რობინმა ზედიზედ მეორედ შემოარტყა წინა სეზონის ჩემპიონს და უკვე ფედერერი გააგდო. ნადალი სეტის წაუგებლად გადის რობინზე. პირველ ექვს სერიაში რაფაელის კასტინგი ვერ გაიარეს ჯანი მინამ, ჰორასიო სებალიოსმა, ჰიუიტმა, ტომაზ ბელუჩიმ, ნიკოლას ალმაგრომ და იურგენ მელცერმა. ფინალში რაფაელმა 6:4, 6:2, 6:4 გადაშალა. 1 120 000 ევრო ნადალს.

VII როლან გარო. მშრალი სტატისტიკა – 241 წუთი ჯონი იზნერთან, პირველ წრეში. ნადალმა ამერიკელი გააჩერა – 6:4, 6:7, 6:7, 6:2, 6:4. შემდეგი თემა – 7:5, 6:3, 7:6 პაბლო ანდუხართან (ესპანეთი). 6:1, 6:3, 6:0 ანტონიო ვეიჩთან. ვეიჩი ხორვატია და ხორვატია ივან ლიუბიჩიჩიც. ნადალმა ჩოგბურთის იულ ბრინერს 7:5, 6:3, 6:3 აჩუქა. 6:4, 6:1, 7:6 სოდერლინგთან. 6:4, 7:5, 6:4 ენდი მარისთან და მერე იყო ფედერერი.

როლან გარო ისევ რაფაელის ტერიტორია იქნება. რაღაცები ვერ იცვლება.

კომენტარები