წიგნი

ლეონ ვერტს. როდესაც ის პატარა ბიჭი იყო

თუ გეოგრაფიაში ძალიან არ მოიკოჭლებთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევარქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა და ზოგი ისეთი პატარაა, რომ დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს. ხოლო მაშინ, როცა ასტრონომი ასეთ პლანეტას აღმოაჩენს, სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, „ასტეროიდი ბ612”.

ისე, თუ სიტყვა „გეოგრაფიის” ეტიმოლოგიაშიც კი გაჭირვებით ერკვევით და საერთოდ, მზის სისტემაზე არც არაფერი გსმენიათ, „ასტეროიდ ბ612”-ზე ან წაკითხული გექნებათ, ან, უბრალოდ, ყურმოკრული მაინც. იმიტომ არა, რომ ეს ასტეროიდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს – როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, ის მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა, მაგრამ საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესზე არაფრით არ დაუჯერეს, რადგან ეროვნული ტანსაცმელი ეცვა.

უბრალოდ, „ასტეროიდი ბ612”-ის არსებობის შესახებ რთულია არაფერი იცოდე. ის ხომ რამდენჯერმე არის ნახსენები ნაწარმოებში, რომელიც ფრანგულენოვანი წიგნებიდან ყველაზე ხშირად ითარგმნება უცხო ენებზე (უფრო მეტი სიზუსტისთვის დავძენთ – ორას ორმოცდაათ ენასა თუ დიალექტზე – რადგან სწორედ ამ წიგნის ავტორი გვარწმუნებს, დიდებს ყველაფერს დააჯერებ, თუ ციფრები უხსენე), Le Monde-მა საუკუნის 100 საუკეთესო წიგნის სიის პირველ ხუთეულში შეიყვანა, და საერთოდ, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ „ასტეროიდი ბ612” ნაწარმოებში რამდენჯერმე იმისთვის ახსენა, რომ სკეპტიკურად განწყობილი დიდებისთვის უფრო სარწმუნო გამხდარიყო – პატარა უფლისწული ნამდვილად არსებობდა და საჰარის უდაბნოში სწორედ ამ ასტეროიდიდან მოვიდა. აბა, რომ ეთქვა, „იყო ერთი პატარა უფლისწული, და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ჰყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა, არსებობს კიდეც”, დიდები არა მხოლოდ არ დაუჯერებდნენ, ბავშვადაც ჩათვლიდნენ. ამ ხერხის დამსახურებაა თუ რაიმე სხვის, დღეს პატარა უფლისწულის არსებობაში არც ისე ადვილია ეჭვის შეტანა. მას ნახავთ ლიონში, ბელკურის მოედანზე, შეერთებულ შტატებში – ნორზპორტში, ჰაკონეში (იაპონია), სადაც მას საკუთარი მუზეუმიც კი აქვს...

ამ წიგნთან დაკავშირებულ ფაქტებზე ყველას ბევრი გვსმენია. მთავარი, ანუ ის, ვინ იყო სინამდვილეში პატარა უფლისწულის პერსონაჟის პროტოტიპი, ცნობილი არ არის. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს შეიძლება თავად სენტ-ეგზიუპერი ყოფილიყო. ან კვებეკელი ოქროსთმიანი ბიჭი, ტომას დე კონინკი. ვარდის პერსონაჟის შექმნის შთაგონების წყაროდ მწერლის ცოლი, კონსუელო მოიაზრება, ხოლო წიგნის ყველა თაყვანისმცემელმა იცის, რომ უდაბნოში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების ამბავი სულაც არაა გამოგონილი – სენტ-ეგზიუპერი ანდრე პრევოსთან ერთად თვითმფრინავით 1935 წლის 30 დეკემბერს მართლაც ჩამოვარდა საჰარის უდაბნოში. რამდენიმე ყურძნის, თერმოსში შემორჩენილი ყავის, ფორთოხლისა და ცოტა ღვინის იმედზე დარჩენილებს, ცოტა ხანში მირაჟისა და ჰალუცინაციების ხილვები დაეწყოთ. მეოთხე დღეს ორივე ბედუინმა იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა.

სამაგიეროდ, ცოტას თუ ეცოდინება, თუ პირველად ვის შეხვდა პატარა უფლისწული, როდესაც დედამიწაზე აღმოჩნდა. ეს არ ყოფილა გველი, რომელსაც მთვარის სხივის ფერი დაჰკრავდა, თუმცა აქამდე ყველას ასე გვეგონა. ახლახან, ექსპერტებმა ერთ კოლექციონერთან (რომელმაც არც კი იცოდა, რომ ასეთი დიდი ღირებულების მქონე ნივთის მფლობელი იყო) წიგნის ორიგინალი ხელნაწერი იპოვეს. ეს შავად ნაწერი 1941 წლით თარიღდება, არადა ნაწარმოებმა პირველად 1943 წელს იხილა მზის სინათლე. ხელნაწერი გამოუქვეყნებელ ნაწყვეტებს მოიცავს წიგნის მე-17 და მე-19 თავებიდან. როდესაც ეგზიუპერიმ წიგნი თავიდან გადაწერა, საბოლოო ვარიანტში ეს ნაწყვეტები ვერ მოხვდა.

აუქციონის სახლში Artcurial ამბობენ, რომ ხელნაწერის გარჩევა რთულია, თუმცა ექსპერტებმა ეს მაინც შეძლეს და აღმოაჩინეს, რომ მე-17 თავში წერია შემდეგი: „დედამიწის ყველა მცხოვრებლისთვის რომ ერთად მოგვეყარა თავი, როგორც მიტინგებზე ხდება ხოლმე – თეთრებისთვის, ფერადკანიანებისთვის, შავკანიანებისთვის, ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, ქალებისა და კაცებისთვის – მთელი კაცობრიობა ლონგ აილენდზე მოთავსდებოდა”. საბოლოო ვერსიაში ლონგ აილენდი ნახსენები არ არის. ექსპერტების აზრით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ნაწარმოები სწორედ ნიუ იორკში იწერებოდა.

მე-19 თავის გამოუქვეყნებელი ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაციას შეიცავს და წარმოგვიდგენს ახალ, სრულიად უცნობ პერსონაჟს, რომელსაც უფლისწული დედამიწაზე მოხვედრის შემდეგ პირველად შეხვდა. ეს არის კროსვორდის ენთუზიასტი, რომელსაც პატარა უფლისწული გზაზე შემოხვდება და იფიქრებს, რომ ის შეიძლება „ადამიანური სულის ელჩი” იყოს. „ელჩი” უფლისწულს ეუბნება, რომ ძალიან დაკავებულია. „რა თქმა უნდა, დაკავებული იქნება, როდესაც ამხელა პლანეტაზე ზრუნავს. რამდენი საქმეა გასაკეთებელი”, – გაიფიქრებს უფლისწული. კაცი კროსვორდით მას ეუბნება, რომ უკვე სამი დღეა წარუმატებლად ცდილობს მოიფიქროს ექვსასოიანი სიტყვა, რომელიც იწყება ასო „G”-ზე და ნიშნავს „Gargarisme” (ქართ. ყელში გამოვლება). ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სიტყვა „Guerre” – ომი, რადგან მწერალი ამას 1941 წელს წერდა, მაშინ, როდესაც ეს თემა ძალიან აღელვებდა. თუ ეს ასეა, მაშინ სიტყვა ნაწარმოების ინტერპრეტაციას ცოტათი ცვლის და პაციფისტურ ხასიათსაც კი აძლევს.

Artcurial-ში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია – ტექსტს გაგრძელება არ აქვს და ალბათ ასე უკეთესიცაა. აღმოჩენილი ხელნაწერი კი 40-50 ათას ევროდ შეფასდა – ათჯერ უფრო ძვირად, ვიდრე მწერლის ავტოგრაფები. მას აუქციონზე გასაყიდად სულ რამდენიმე დღეში გაიტანენ.

კომენტარები