საგადასახადო კოდექსი

ახალი ინიციატივა ორმაგი ინტერპრეტირების დასაძლევად

შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივის მიხედვით, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე მომხმარებელს უკვე შეუძლია იხილოს საგადასახადო კოდექსის გარკვეული მუხლები კომენტარებით და ყოველ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებული დოკუმენტებით.

პროექტს, რომელსაც შემოსავლების სამსახური საკანონმდებლო მაცნესთან ერთად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებები ქვია. მისი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს კოდექსის მუხლების ორმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზა, შემოსავლების სამსახურის თქმით, მომხმარებლისთვის დოკუმენტების სრული ნუსხის მიწოდებაა - იქნება ეს ფინანსთა მინისტრის ბრძანება თუ მთავრობის დადგენილება.

საკანონმდებლო მაცნეს საიტზე გამოქვეყნებულ კომენტარებს  შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის თანამშრომლებისათვის კანონის ძალა ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მეწარმესთან რომელიმე მუხლთან დაკავშირებით დავა წამოიჭრება, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მუხლის განმარტებისას საიტზე გამოქვეყნებული კომენტარებით ისარგებლებენ.

პროექტის განხორციელებაში კერძო სექტორიც ჩაერთვება. შემოსავლების სამსახურის უფროსის, ჯაბა ებანოიძის განმარტებით, უკვე შეიქმნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებების  მომზადების საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს წევრები არიან როგორც თვითონ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები და გადამხდელები. საბჭო საგადასახადო კოდექსის თითოეულ მუხლს განმარტავს.  

კომენტარები