დიზაინი

ჯონ ფოტიადისი: ჩვენ დიზაინს ასე ვაკეთებთ...

ჯონ ფოტიადისის ინტერნეტსივრცეში პოვნა საკმაოდ რთულია – საძიებო სისტემა, სულ მცირე, ოთხ ჯონ ფოტიადისს მაინც გიჩვენებს. მე ნიუ იორკელ არქიტექტორ ფოტიადისს ვეძებ, რომელსაც სახლების მშენებლობასთან ერთად მუსიკის კეთება და ბლოგების წერა უყვარს. Hello Friends – მგონი მივაგენი – I'm the owner and Principal of John Fotiadis, Architect PLLC, a multi-disciplinary design firm based in New York City...

არქიტექტორი
ფოტიადისის შესახებ

ზუსტად იცის, არქიტექტორი რომ არა, მუსიკოსი გამოვიდოდა, მაგრამ შტატებში ემიგრირებულ “მშრომელ ბერძენთა” ოჯახისთვის ეს ნამდვილი ფუფუნება იყო, ნებას არ დართავდნენ. მართალია, როგორც თავად ამბობს, მამის სურვილს მაინც გადაურჩა – მის კვალს გაჰყოლოდა, სკალპელით ხელში ეჩხიკინა ადამიანის ორგანოებში, მაგრამ... არჩევანი დროზე უნდა გაეკეთებინა. “არც არქიტექტურა გახარებიათ დიდად, მაგრამ უკეთესი არქიტექტორი გამოვედი, ვიდრე ექიმი ვიქნებოდი”, – მეუბნება საკუთარი არჩევანით კმაყოფილი.

ჯონ ფოტიადისმა 2009 წელს არქიტექტურული კომპანია JFA დააარსა. 20-წლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორისთვის, რომელიც ნიუ იორკის სხვადასხვა არქიტექტურულ ფირმებსა და სტუდიოებში მუშაობდა, საკუთარი კომპანიის შექმნა იყო შესაძლებლობა, ბევრი ემოგზაურა, ახალი ხალხი გაეცნო და თავისი კვალი რუკის სხვადასხვა წერტილში დაეტოვებინა.

დღეს JFA თავისი ინტერნაციონალური გუნდით აქტიურად მუშაობს ნიუ იორკში, უკრაინაში, თურქეთსა და საქართველოში. იქნება ეს საცხოვრებელი, საოფისე თუ კომერციული ნაგებობები, ქალაქის ცენტრში განთავსებული ფეშენებელური შენობები თუ ზღვის პირას, პატარა ქალაქებში “ჩადგმული” სახლები.

ზუსტად აღარც ახსოვს, ეს საქართველოში მისი მეშვიდე თუ უკვე მერვე ვიზიტია. გახშირებული სტუმრობები სილქ როუდ ჯგუფთან ერთად დაწყებულ ორ მნიშვნელოვან პროექტს უკავშირდება: ბათუმი და წინანდალი. ეს ის ადგილებია, სადაც სულ რამდენიმე წელიწადში JFA-მ თავისი კვალი უნდა დატოვოს – “სანამ პროექტზე დაიწყებ მუშაობას, ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდე, რას ითხოვენ შენგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შტატების გარეთ გიწევს მუშაობა. JFA არ არის დიდი ფირმა, მაგრამ აქ არიან: ბერძნები, თურქები, ეგვიპტელები, კორეელები, ინდოელები. ყველას განსხვავებული გამოცდილება აქვს. მომწონს სხვადასხვა გამოცდილება და ახალი კულტურების შესწავლა. მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ოდნავ უკეთ ვმუშაობთ, ვიდრე სხვები”.

ამბობს, რომ ბათუმი ტრანსფორმაციის პერიოდში იმყოფება, რაც მისთვის, როგორც არქიტექტორისთვის, ძალიან საინტერესოა. მოსწონს, რომ მუშაობს ადგილზე, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი – ახალი ნავსადგური და 47-სართულიანი ტრამპ თაუერი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები უნდა გახდეს. ტრამპის ორგანიზაციის პროექტებზე ადრეც უმუშავია – „როცა აშენებ შენობას, რომელზეც ტრამპის სახელია, ის უნდა აკმაყოფილებდეს მთელ მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო მოთხოვნებს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც ესმის ბრენდის ძალა და მისი მნიშვნელობა. როგორც არქიტექტორი, შენ მათ დიზაინით და მასალით წარმოადგენ”.

JFA მუშაობს წინანდალშიც. აქ რადისონის სასტუმრო და 15-მეტრიანი მიწისქვეშა დერეფანი უნდა გაკეთდეს, რომელიც 100-კაციან სასტუმროს წინანდლის ღვინის ქარხანასთან დააკავშირებს – “ჩვენ ამას ვეპყრობით, როგორც არტეფაქტს. ეს ადგილი ხომ ნამდვილი

ეროვნული საგანძურია”. ძველი მარანი და სასტუმროს შენობა კარგად შეეწყობა ორიგინალურ არქიტექტურას. ეს იქნება ისტორიული ადგილი, შეზავებული რაღაც ძალიან ახლით, თანამედროვეთი.

საქართველო, თურქეთი, უკრაინა. რითია თქვენთვის საინტერესო ამ ქვეყნებში მუშაობა?

მიუხედავად თვალშისაცემი განსხვავებულობისა, სამივე ქვეყანას ბევრი აქვს საერთო – სამივე გარდამავალ პერიოდშია, სამივე წარსულიდან გამოსვლას და თვითიდენტიფიცირებას ცდილობს. ამიტომ არქიტექტურას ძალიან სერიოზულად უყურებენ და ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რისი თქმა სურთ მისი დახმარებით მსოფლიოსთვის. ეს არის სარკე, რომელიც აჩვენებს ვინ ხარ და რა გინდა. საქართველოც ამის მაგალითია. აქ ოპტიმიზმი და ენერგია იგრძნობა. შესანიშნავი დროა, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში იყო არქიტექტორი და ხალხს მათი ხედვის რეალიზებაში დაეხმარო.

ჩვენ ვაშენებთ რაციონალურ შენობებს – ეს თქვენი ფირმის ერთ-ერთი სლოგანია. როგორი უნდა იყოს რაციონალური შენობა?

თუ შეხედავთ ფრენკ გერის არქიტექტურას, ძალიან საინტერესო და პოეტურ მომენტებს დაინახავთ. მაგრამ მე არ ვიცი როგორ იგება ასეთი შენობები. არქიტექტურასთან მთელი ჩემი ურთიერთობა გულისხმობს პრობლემების გადაჭრას, ფუნქციონალური გადაწყვეტილებების მიღებას ელეგანტურობით, მინიმალიზმით, სილამაზით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დიზაინს ასე ვაკეთებთ. ფუნქციონალურობას უნდა მოჰყვეს ფორმა. როდესაც შეხედავ შენობას, უნდა მიხვდე რა ხდება იქ, რისთვისაა აშენებული.

მოთხოვნებიც შეიცვალა. ის, რაც 10 წლის წინ ეგზოტიკური და უცნაური იყო, დღეს მოთხოვნადია. თუნდაც „მწვანე” დიზაინი, რაც მდგრად განვითარებას გულისხმობს. ასეთი შენობების აგებით მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და იკლებს ხარჯი. ასე რომ, ფუნქციონალური ასპექტიც მოქმედებს. მეორე არის ის, რომ ადამიანების უმრავლესობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, უკვე სულ სხვა ტემპია: მუმბაის აქვს ურთიერთობა ნიუ იორკთან, ამ უკანასკნელს ლოს ანჯელესთან და ტოკიოსთან... ამიტომ მთავარ ურბანულ ცენტრებში ცხოვრების წესი შეიცვალა. ბინები გახდა ის ადგილები, სადაც ადამიანები ტანსაცმელს იხდიან, იძინებენ და მერე ისევ გარეთ გამოდიან, სამზარეულო კი ის სივრცეა, სადაც ათბობენ საჭმელს, რომელიც სადღაც იყიდეს... ოფისები მთელი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ... არ ვიცი, შეიძლება ექსტრემალურად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა, ეს ჩემი გამოცდილებაცაა”.

აი აქ, საუბარში ნიუ იორკი შემოდის. ნიუ იორკი და მუსიკა. ეს ის ორი რამაა, რაზეც საუბარი ჯონს ნამდვილად დიდხანს შეუძლია. ამბობს, რომ ნიუ იორკი ნონსტოპ რეჟიმშია და ყველაფერი საუკეთესო სწორედ აქ შეგიძლია იპოვო. მარტივია, ნიუ იორკი ხომ მსოფლიოს დედაქალაქია – „ცხოვრობდე ნიუ იორკში და გეძინოს, წარმოუდგენელია. როგორც კი დაწვები, ეგრევე ფიქრობ – ოო, მე ერთადერთი ვარ, ვისაც ახლა სძინავს. აი, გავიღვიძებ და შანსი ხელიდან იქნება გაშვებული. რა თქმა უნდა, პლუსებთან ერთად ბევრი მინუსიცაა – აქაურობა საშინლად გადაჭედილია და ყველაფერი ერთმანეთთან კონკურენციაშია. ხანდახან ისეთი ხმაურია, რომ გინდა სამყარო

გაჩერდეს. ხუთწუთიანი შესვენება გჭირდება... სულ რაღაც 5 წუთი!”.

20 წელი მანჰეტენზე ცხოვრობდა, ახლა ადგილი შეიცვალა, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს – ჩვევა ჩვევაა, სადაც არ უნდა იყოს, მაინც ყურის საცობებით იძინებს. გიჟური ტემპისგან თავის დასაღწევად საკუთარი მეთოდები აქვს. ვარჯიში და ტრენაჟორები, რაზეც ბლოგიც კი დაწერა და... მუსიკა.

მუსიკოსი ფოტიადისის შესახებ

პირველად შევხვდი ადამიანს, რომელიც მეუბნება – არ შემიძლია მუსიკა ფონად მქონდეს და როცა რამეს ვაკეთებ, საიდანღაც, უკნიდან მესმოდესო.

“თუ მესმის, ვჩერდები და ვუსმენ, ვუსმენ მელოდიას, ბასებს... ამასობაში სულ მავიწყდება რას ვამბობდი და რაზე მეკითხებოდი. არ გამოვა ასე”. მუსიკა არის ის, რაც ყველაზე მეტად ეხმარება მაშინ, როდესაც დასვენება სჭირდება. ეს არის საერთაშორისო ენა, რომელსაც სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანების გაერთიანება შეუძლია. სახლში საკუთარი სტუდიაც აქვს, უკრავს გიტარაზე, ბასზე, დასარტყამ ინსტრუმენტზე და კლავიშზე. მღერის და კლუბებშიც გამოდის ხოლმე. მაგალითად, კიევში, სადაც ყოველთვის, როცა კი ჩასვლას გეგმავს, საჭირო მისამართზე აგზავნის მოკლე ტექსტს – “ჩამოვდივარ ამა და ამ დღეს”. და, როგორც წესი, პატარა კონცერტიც ლოკალურად, იქვე იგეგმება. ნიუ იორკშიც ბევრი მეგობარი მუსიკოსი ჰყავს და თვლის, რომ უმართლებს, როცა მათთან ერთად დაკვრის შესაძლებლობა ეძლევა. ამბობს, რომ მუსიკა და არქიტექტურა ერთმანეთთანაა კავშირში: “აი, წარმოიდგინე, აკეთებ დიზაინის სკეტჩს და ფიქრობ კონცეფციაზე, რაღაც არ გამოდის... შეგიძლია უცებ ფანქარი დადო, დაუკრა ფორტეპიანოზე ან გიტარაზე და სწორედ აქ იპოვო უცებ პასუხი, გასაღები”.

12-13 წლის იქნებოდა, როცა როკის და ბლუზის მოსმენა დაიწყო. მას შემდეგ, ეს მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ცხოვრების ნაწილს უწოდებს საბერძნეთსაც, სადაც ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ბებია-ბაბუასთან. კარგად ახსოვს ათენის პატარა ქუჩები, სხვანაირი ატმოსფერო, სურნელები... და როდესაც გესაუბრება, გრძნობ, როგორ ამაყობს საკუთარი წარმომავლობით, ისტორიით, ფესვებით... მგონი ვბერდები, ამ ბოლო დროს სულ ისტორიას და ჰეროდოტეს ვკითხულობო.

* * *

უნდა, რომ თუნდაც ათი წლის შემდეგ მისი კომპანია გაიზარდოს და ხალხი JF-ს ხარისხით ცნობდეს.

უნდა, რომ მათი შენობები მოდასთან და მოდურობასთან არასდროს ასოცირდებოდეს – დღეს ძალიან cool იყოს, ცოტა ხანში კი დაემსგავსოს ძველ ჟაკეტს, რომლის ტარებაც აღარ მოგინდება, რადგან უკვე მოძველებული იქნება.

არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, უნდა გახსოვდეს, რომ შენობა ადამიანებისთვისაა. ამიტომ, დიზაინი მათთვის უნდა შექმნა და არა რომელიმე კრიტიკოსის ან შენი მეგობარი არქიტექტორის დასანახად.

“პრაგმატული და რეალისტი ვარ. ფულის გარეშე ვერაფერს გააკეთებ და ეს უნდა იცოდე. თუ არ გინდა, რომ შენი პროექტი ფურცელზე დარჩეს დახაზული – როგორც ეს თავადაც არაერთხელ დამმართნია – თავიდანვე ჭკვიანურად და ეკონომიურად უნდა იაზროვნო; ზუსტად უნდა გქონდეს განსაზღვრული შენი პროექტის ღირებულება, რადგან მილიარდით ყველას შეუძლია შენობის აგება, მინიმალური სახსრებით კი ეს ძალიან რთულია”.

 

 

 

კომენტარები