კინო

კანი 2012

წელს კანის კინოფესტივალი 65-ედ ჩატარდება. ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტია. დევიდ კრონენბერგი, მიხაელ ჰანეკე, აბას კიაროსტამი, ვალტერ სალესი, კენ ლოუჩი, ტომას ვინტერბერგი და მათთან ერთად კიდევ არაერთი გამოჩენილი რეჟისორი წელს სწორედ კანში შეეცდება საუკეთესოს წოდების მოპოვებას. ფესტივალი 16 მაისს გაიხსნება და 27 მაისამდე გასტანს.

ისტორია

1938 წელს ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება მოიპოვა ლენი რიფენშტალის ნამუშევარმა „ოლიმპია” და მუსოლინის შვილის გადაღებულმა – „პილოტი ლუჩიანო სერა”. იტალიაში პროპაგანდისტული კინოს ზეიმმა საფრანგეთში, კერძოდ კი კანში, ფესტივალის დაბადებას შეუწყო ხელი. საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან ზეიმ, ბრიტანეთისა და ამერიკის დახმარებით, დააარსა ახალი საერთაშორისო დამოუკიდებელი კინოფესტივალი, რომელიც წლების მანძილზე არ კარგავდა აქტუალობას, პოპულარობას და დღეს, მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და აღიარებული კინოფორუმია.

ახალი წესი ბარტონ ფინკის გამო

1991 წელს ძმები კოენების „ბარტონ ფინკი” გახდა ერთადერთი ფილმი, რომელმაც სამივე მთავარი ჯილდო (ფილმი, რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი) მოიპოვა. ნამუშევრით კრიტიკოსების აღფრთოვანების მიუხედავად, ასეთ წარმატებას ბევრი ჟიურის თავმჯდომარეს, რომან პოლანსკის და მის სიმთვრალეში მიღებულ გადაწყვეტილებას „აბრალებს”. სამი ჯილდოს აღების პრეცედენტი რომ არ განმეორებულიყო, კანის დირექციამ ახალი წესი შემოიღო, რომლის მიხედვითაც ერთ ფილმს მაქსიმუმ ორი პრიზის აღება შეუძლია.

გამარჯვებული კრიტიკოსი

1958 წელს ფრანსუა ტრიუფო ფესტივალზე არ მიიწვიეს. მიზეზი კინოკრიტიკოსის სტატიები იყო, სადაც ის დაუფარავად აკრიტიკებდა ფრანგულ კინოს. ერთი წლის შემდეგ ტრიუფომ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „400 დარტყმა” გადაიღო და კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის წოდება მოიპოვა.

პირველი და უკანასკნელი

1993 წელს ჯეინ კემპიონი პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქალი რეჟისორი გახდა, რომელმაც ოქროს პალმის რტო მოიპოვა. „პიანინო” დღემდე კემპიონის საუკეთესო ფილმად რჩება და მან კანის კინოფესტივალთან ერთად 3 ოსკარიც მოიგო. კემპიონი, სულ ცოტა ერთი წელი, კვლავაც ერთადერთი ქალი ლაურეატი იქნება, რადგან წლეულს ყველა ნომინანტი ფილმი მამაკაცის გადაღებულია.

ბრიჯიტ ბარდოს და საშა ბარონ კოენის შესახებ

1953 წელს იმ დროს ნაკლებად ცნობილი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო კანის პლაჟზე ბიკინით გამოჩნდა და სწორედ მაშინ დაიწყო ახალი სექსსიმბოლოს კარიერული აღმასვლა. 2006 წელს კომიკოსმა საშა ბარონ კოენმა „ბარდოს ნომერი” გაიმეორა, პლაჟზე ორ ლამაზმანთან ერთად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური საცურაო კოსტიუმით გამოცხადდა.

ერთ-ერთი ყველაზე...

The Brown Bunny ვინსენტ გალოს 2003 წლის ფილმია, რომელსაც კანის კინოფესტივალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. დარბაზში ნამუშევარს ყველამ დაუსტვინა და არ გამოჩნდა კრიტიკოსი, რომელიც ფილმს დაიცავდა. ვინსენტ გალომ ზოგიერთი სცენის გამო ბოდიშიც კი მოიხადა, ხოლო როჯერ ებერტმა ფილმს კანის კინოფესტივალის ისტორიაში ყველაზე ცუდი ნამუშევარი უწოდა.

კომენტარები