გამოფენა

დიზაინის “ყვავილობა” მილანში

Olive Design

გაზაფხულის შემოსვლას მილანი ყოველწლიურად დიზაინის ზეიმით აღნიშნავს – ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი „დაპყრობილი” აქვთ დიზაინერებს, არქიტექტორებს, საქმიანი კონტაქტების მაძიებლებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს. „დამპყრობლები” არიან ყველგან: საგამოფენო პავილიონებში, მილანის ქუჩებში, მაღაზიებში და სანამ ამ ქაოსში ცდილობენ, რომ აღმოაჩინონ ახალი სახეები და არ გამოტოვონ აღიარებული ბრენდების მიერ შეთავაზებული სიახლეები, მილანი ჩვეული მედიდურობით, უკვე 51-ედ ახერხებს მათ გაოცებას.

დაახლოებით 150 ათას კვადრატულ მეტრზე მოწყობილი გამოფენა და 300 ათასამდე დამთვალიერებელი – ეს არის მილანის საერთაშორისო გამოფენის ოფიციალური სტატისტიკა. შთაბეჭდილება კიდევ უფრო მძაფრია. მარტო ინტერიერს ეძღვნება 24 პავილიონი, სადაც ყველა ცდილობს თავის საუკეთესოდ წარმოჩენას და ამ შეჯიბრით გაოცებულს, შეიძლება თავბრუც დაგეხვეს. ხოლო როცა ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საგამოფენო სივრცის გარეთ, მთელ ქალაქში, უამრავი ორიგინალური ღონისძიება იმართება, ადვილად ხვდები – დიზაინის „ყვავილობის” დროს მილანს არ სძინავს. არ გვძინავს ჩვენც. თუმცა თავის დამშვიდება მაინც გვიწევს, აქ ხომ ყველაფრის ნახვას მაინც ვერავინ და ვერასდროს ასწრებს.

Vitra, Cassina, Foscarini, Tom Dixon – ისინი ინტერიერის მოდას ქმნიან.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა Foscarini-ს მიერ წარმოდგენილი შოუ-ინსტალაცია. მისი Facebook-ის გვერდზე ვკითხულობთ: „პირველყოფილი ელემენტები და მოულოდნელი განათებები, დედამიწის გული და მზის ცხოველმყოფელი სხივები, ცისფერი ცა და კაშკაშა ვარსკვლავთა გალაკტიკა, რომლებიც ენერგიის ნაწილაკებად იქცევა – ეს არის Foscarini-ს სამყარო”. არა, ის ნამდვილად იმსახურებს პირველ რიგებში ყოფნას.

ბრერა, მილანის ერთ-ერთი უბანი, წვრილი ქუჩები, უამრავი დამთვალიერებელი და ძველი სასახლის შიდა ეზოში მოწყობილი გამოფენა... გამოფენას ბაღის ავეჯის კომპანია Roda აწყობს და იქიდან გამოსვლა, საეჭვოა, ვინმეს მოუნდეს. კომპანია Kartell-მა კი

საზოგადოებას, არც მეტი, არც ნაკლები, მუსიკოს ლენი კრავიცთან და ფილიპ სტარკთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნილი სავარძლები წარუდგინა.

Fiera Milano-ს ერთ-ერთი პავილიონი ახალგაზრდა დიზაინერებს ეძღვნება. Salone Satelitte-ის სტენდებს შორის კი წარმოდგენილია ქართული კომპანია Rooms.

22 აპრილი, მილანის ინტერიერის დიზაინის კვირეული დასასრულს უახლოვდება, შთაბეჭდილებებითა და კატალოგებით დატვირთულები საქართველოში გამოსაფრენად ვემზადებით. თითქოს ცოტა ნაწყენებიც ვართ, რადგან ყველაფერი დასრულდა, მაგრამ თან კმაყოფილებაც გვეტყობა – ამ ყველაფერს ხომ აუცილებლად ექნება გაგრძელება.

 

კომენტარები