საჯარო სერვისები

საქართველომ გაეროს საჯარო სერვისების ჯილდო მიიღო

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ და იუსტიციის სახლებმა გაეროს საჯარო სერვისების ჯილდო მიიღეს. ამ ჯილდოს გაერო საჯარო სამსახურის წარმატებული საქმიანობის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო აღიარებას უწოდებს.

გაერო კონკურსანტებს ხუთ გეოგრაფიულ რეგიონად აჯგუფებს. ეს ჯგუფებია: აფრიკა, აზია და წყნარი ოკეანე, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ლათინური ამერიკა და კარიბის ქვეყნები, დასავლეთ აზია. დაჯგუფების მიზანი ისაა, რომ სხვადასხვა განვითარებისა და შემოსავლების მქონე ქვეყნებისგან შემოსული ნომინაციებისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყონ. საქართველოს ნომინანტები დასავლეთ აზიის ჯგუფში მოექცნენ.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულმა სისტემამ მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში საჯარო სამსახურში კორუფციის აღკვეთა და დაძლევა. ამ კატეგორიასა და გეოგრაფიულ რეგიონში პირველი ადგილი თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ დაიკავა SMS საინფორმაციო სისტემით. საქართველოს იუსტიციის სახლებმა კი მეორე ადგილი გაინაწილეს ეგვიპტესთან საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კატეგორიაში. ამ რეგიონსა და კატეგორიაში პირველი ადგილი ლიბანს ერგო.

 

კომენტარები