საქართველო-აშშ

როს-ლეტინენი საქართველოს ნატოში შესვლის მისწრაფებებს მხარს უჭერს

აშშ-ს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ილიანა როს-ლეტინენი საქართველოს ნატოში შესვლის მისწრაფებებს მხარს აქტიურად უჭერს. ამის შესახებ განცხადება კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-სთვის საიმედო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ახლა დადგა დრო, შეერთებულმა შტატებმაც მოახდინოს საქართველოს თავდაცვისა და დამოუკიდებლობის მიმართ თავისი ერთგულების დემონსტრირება, მისი ნატოს წევრობის მხარდაჭერით. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-სა და მთელს მსოფლიოში ნატოს მოკავშირეების ძირითადი უსაფრთხოების ინტერესების ხელშეწყობაში. დღეს საქართველოს ჰყავს ნატოს მისიით დანიშნული 1000-დე სამხედრო ავღანეთში. ასევე, საქართველომ 2000-მდე სამხედრო მოსამსახურეთი წვლილი შეიტანა ერაყის მისიაშიც და ამასთანავე, არის უსაფრთხოების ინიციატივის გავრცელების წევრი.” - ნათქვამია როს-ლეტინენის განცხადებაში.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აგრეთვე, ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი გადამწყვეტია აშშ-ს ინტერესებისთვის რეგიონში.

”2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრა საქართველოში და მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული. მე მტკიცედ მოვუწოდებ ჩვენს ადმინისტრაციას, იმუშაონ ჩვენს მოკავშირეებთან ჩიკაგოში, ნატოს სამიტზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე, ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.” - ნათქვამია ილიანა როს-ლეტინენის განცხადებაში.

 

კომენტარები