თავისუფალი უნივერსიტეტი

სემ პელცმანი: კაპიტალიზმი მოკვდა, გაუმარჯოს მთავრობას – ამ მიდგომამ არ გაამართლა

თავისუფალმა უნივერსიტეტმა მორიგ საჯარო ლექციაზე ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი სემ პელცმანი მოიწვია. ტაბულა მას რეგულირების გვერდით ეფექტებზე, ბაზარზე ფასების ზრდისა და შემცირების ტემპებზე, გლობალური ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, მათი ახსნის თავისებურებებსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

ბატონო პელცმან, ერთადერთი ეკონომისტი ხართ, ვისი სახელიც რეგულირების სპეციალურ ეფექტს უწოდეს. თქვენი განმარტებით, პელცმანის ეფექტის დროს რეგულირებას მოჰყვება გაუთვალისწინებელი შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. რატომ ხდება ასე?

ადამიანები იმიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რომ ამის მოტივი აქვთ. რეგულირების დროს ეს მოტივები არ იცვლება, უბრალოდ, დროებით და ხელოვნურად ითრგუნება.

თავიდან ამ საკითხის კვლევა მანქანის დიზაინზე დაკვირვებით დავიწყე. 1966 წლიდან ამერიკამ მანქანის დიზაინის რეგულირება დაიწყო იმისთვის, რომ მგზავრობა უფრო უსაფრთხო გამხდარიყო. რეგულაციის გზავნილი გახლდათ არა ის, რომ ამ დიზაინის მქონე მანქანით ავარიაში ვერ მოყვებოდი, არამედ ის, რომ თუ ავარია მოხდებოდა, უფრო დაცული იქნებოდი. მე ვივარაუდე, რომ ადამიანები საჭესთან ნაკლებ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ – მაგალითად, უფრო მეტი სიჩქარით ივლიდნენ, ვიდრე ადრე.

ეკონომიკის პრინციპია: თუ რამე იაფდება, ოდნავ მეტს ყიდულობ. ამ შემთხვევაში იაფდება ავარიის ალბათობა. შენც უფრო მეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. ეს არის პელცმანის ეფექტი და ყველა ტიპის რეგულაციაზე ვრცელდება.

საქართველოში მანქანის ღვედის გადაჭერა აუცილებელი გახდა და გზებზე უსაფრთხოების დიდი კამპანიაც წამოვიწყეთ. პრინციპში, თქვენ ამბობთ, რომ ამას განსაკუთრებული ეფექტი არ ექნება. ასეა?

მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ზრდის, მაგრამ უმნიშვნელოდ იმასთან შედარებით, რისი მოლოდინიც იქმნება. ამერიკელმა ეკონომისტებმა შეერთებულ შტატებში ღვედის რეგულაცია შეისწავლეს და აღმოჩნდა – უსაფრთხოება სამჯერ გაიზრდებოდა, რომ არა პელცმანის ეფექტი.

მინდა კარგად გამიგოთ: მე არ ვამბობ, რომ უსაფრთხოების ზომები ცუდია, ან ღვედი არ უნდა გავიკეთოთ. პელცმანის ეფექტი იმას აჩვენებს, რომ ღვედით სხვანაირად ვიქცევით და მის გარეშე ჩვენი ქცევა სხვანაირია. რეგულაცია ჩვენს ქცევას ცვლის, თუმცა ხშირად არა იმ მიმართულებით, როგორც ეს რეგულაციით იყო ჩაფიქრებული.

მაინც რა კავშირი არსებობს ბაზრის ფაქტორებსა და რეგულაციას შორის?

ეს ძალიან რთული კავშირია. უმეტესად ისე ხდება, რომ უსაფრთხოებაზე მოთხოვნას თვითონ ბაზრის განვითარება და პროგრესი ზრდის, რეგულაციას კი შეუძლია, ეს პროცესი დააჩქაროს. არ ვიცი, მანქანებში უსაფრთხოების ბალიში ან ღვედი ასე სწრაფად თუ გაჩნდებოდა, რომ არა მანქანის დიზაინის რეგულირება. თუმცა ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოხდებოდა. შეიძლება უფრო ნელა, შეიძლება სხვა ფორმით – მაგრამ აუცილებლად.

ერთ-ერთ კვლევაში თქვენ ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ ზოგადად ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მცირდება. რა იწვევს ამას?

საწვავის ბაზართან მიმართებაში სულ მესმოდა მომხმარებლების ჩივილი – ნავთობის გაძვირებასთან ერთად საწვავის ფასი თუ მატულობს, შემცირებასთან ერთად რატომ აღარ იკლებსო.

მეც დავფიქრდი – იქნებ არსებობს რაღაც მიზეზი, რომელიც მხოლოდ საწვავის ბაზარზე არ მოქმედებს და უფრო ფართო გავლენა აქვს-მეთქი. ფოლადის და საწვავის 300 ბაზარი გამოვიკვლიე. ეს ტენდენცია იმდენად უნივერსალურია, რომ რთულია კონკრეტული ფაქტორების გამოყოფა. იმედი მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ, ამ თავსატეხს ვინმე აუცილებლად ამოხსნის.

საწვავზე ფასი საქართველოშიც მაღალია. ექსპერტები ამას მონოპოლიური ბაზრით და ბაზარზე კარტელური გარიგებების შესაძლებლობით ხსნიან. ამის საფუძველზე მოითხოვენ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც საქართველოში რეფორმების შედეგად გაუქმდა. როგორ ფიქრობთ, ეს საჭიროა?

საქართველოს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ ექსპერტული მოსაზრება გამოვთქვა, ამიტომ ჩემი შეფასება უფრო ზოგადი ხასიათის იქნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც საქართველოს შესახებ ვიცი, ანტიმონოპოლიური ან კონკურენციის კანონმდებლობა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არ უნდა იყოს. თქვენი მთავარი საზრუნავი მაინც ეკონომიკური ზრდის მიღწევაა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში გაჩენილი მოთხოვნა შეძლებს კონკურენციის მატებას, რაც თავის მხრივ, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას გამოიწვევს.

კონკურენციის რეგულირება ბასრი დანასავითაა და ზოგ შემთხვევაში, კონკურენციის წახალისების სახელით, თავად კონკურენცია შეიძლება შეზღუდოს. ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. ასეთი რეგულირების ეფექტი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ჩვენს ხელთ არსებულ მასალაზე დაყრდნობით, დადებითზე მეტად უარყოფითი შედეგი მოაქვს.

კონკურენციის კანონმდებლობის აღდგენას ჩვენგან ევროკავშირიც ითხოვს. თქვენ რა აზრის ხართ ევროკავშირის ჰარმონიზაციის პოლიტიკის შესახებ?

ჰარმონიზაციის პოლიტიკა კიდევ ერთი ძალიან საშიში იარაღია. ჰარმონიზაციის მთავარი მიზანი, როგორც ეს ევროკავშირის შექმნისას იყო ჩაფიქრებული, ბაზრის გახსნაა. პრინციპი – რისი გაყიდვაც დაშვებულია ერთ ქვეყანაში, ის შეიძლება სხვაგანაც გაიყიდოს – ცუდი სულაც არ არის, თუმცა ეს ჰარმონიზაცია დღეს ყველაფერზე, ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება. მაგალითად, გადასახადების ჰარმონიზაცია დაუშვებელია. ეს ხომ ქვეყნებს შორის კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს იმდენად კარგად არ ვიცნობ, ექსპერტული მოსაზრებები ვაფრქვიო, მაგრამ საღი აზრით თუ მივუდგებით, თქვენთვის ყველაზე მომგებიანი შვეიცარიის მოდელია – იყავით ევროკავშირთან ახლოს, მაგრამ მონეტარულად და ბევრი სხვა კუთხით დამოუკიდებლობა შეინარჩუნეთ. ლოგიკურია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სანაცვლოდ ევროკავშირმა ისეთი რეგულაციები დაგიწესოთ, რომელიც თქვენს ხარჯებს გაზრდის. ამ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნების დონეს გაუთანაბრდებით.

რა არის დღეს საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა გლობალურ ბაზარზე?

დაბალი ხარჯები, იაფი მუშახელი, განათლების კარგი სისტემა, გამართული ინსტიტუტები.

წინასაარჩევნოდ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ გლობალური კრიზისის მთავარი მიზეზი ფინანსური სექტორის დერეგულაცია იყო. ეთანხმებით?

ეგ განცხადება მეც მოვისმინე და ბოლომდე ახლაც არ მესმის, რას ნიშნავს ეს ფორმულირება. ფინანსური სისტემის უსაფრთხოების ასპექტი დერეგულირებული არასდროს ყოფილა, პირიქით, გამუდმებით მკაცრდებოდა. ამის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი ისიც იყო, რომ მარეგულირებლები თვითონ რწმუნდებოდნენ – სისტემა იმაზე მეტი საფრთხის გაკონტროლებას შეძლებდა, ვიდრე ეს რეალურად შეეძლო.

როცა ობამასნაირი ადამიანი დერეგულაციაზე საუბრობს, სინამდვილეში გულისხმობს, რომ მარეგულირებლებმა ვერ მოახერხეს რეგულაციის სწორად შერჩევა და შემდეგ მისი სათანადოდ დანერგვა. თუ მართლაც ამას გულისხმობს, მაშინ ნაწილობრივ შეგვიძლია დავეთანხმოთ: კრიზისის შედეგი დადგა არა ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილი არასწორი პოლიტიკის გამო. ასეა, თუმცა ეს პოლიტიკა დერეგულაცია მაინც არ ყოფილა.

მაშინ რა არის დერეგულაცია?

რა არის? წლების განმავლობაში ამერიკაში ყველაფერს სახელმწიფო არეგულირებდა (ფინანსურ სექტორში) – დაწყებული იმით, რომელ შტატში რამდენი ფილიალი შეიძლებოდა ჰქონოდა ბანკს და დამთავრებული საბანკო განაკვეთებით. ამ შეზღუდვებმა მთელი სისტემის უსაფრთხოება დააზარალა. მერე ეს პოლიტიკა ნელ-ნელა გაქრა. მე ვერ ვხედავ კავშირს ამ ტიპის დერეგულაციასა და ფინანსურ კრიზისს შორის. მხოლოდ ამ ბრალდების საპირისპირო მხარე მხვდება თვალში – დერეგულაციის შედეგად მთელი სისტემა გაჯანსაღდა და გაძლიერდა. ამიტომაც ვამბობ – როცა ადამიანები ამბობენ, რომ დერეგულაციამ ფინანსური კრიზისი გამოიწვია, სინამდვილეში რაღაც სხვას უნდა გულისხმობდნენ. თუმცა კონკრეტულად რას, ამის განსაზღვრა მიჭირს.

სხვადასხვა ეკონომიკურმა სკოლამ ფინანსურ კრიზისს სხვადასხვა ახსნა მოუძებნა. იქნებ მოკლედ შეგვიჯამოთ ეს განსხვავებები.

თქვენ ისევ სხვის ტყავში ჩაძრომას მთხოვთ. არადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს. მე რეგულირების ასპექტზე ვამახვილებ ყურადღებას, რის გარეშეც მსოფლიო კრიზისს არ მივიღებდით. კი, კრიზისი იქნებოდა, თუმცა რეგულაციამ სიტუაცია დაამძიმა. მთავრობის პოლიტიკას სხვა რამ მოეთხოვება. არ ვამბობ, რომ პერიოდული კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელია, ეს ფინანსური ინსტიტუტების მუშაობის თანდაყოლილი მახასიათებელია. ნეგატიური შოკები ყოველთვის იქნება და ხალხიც შეიძლება ერთდროულად მიაწყდეს ბანკებს საკუთარი ფულის მოთხოვნით. ამას ვერ ავიცილებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გაუარესება და კიდევ უფრო დამძიმება.

თუ არსებობს ისეთი ეკონომიკური სკოლა, რომელმაც არა მხოლოდ ახსნა გლობალური ფინანსური კრიზისი, არამედ გარკვეულწილად მისი პროგნოზირებაც შეძლო?

ყველა, ვინც ამას იჩემებს, ან იტყუება, ან ძალიან გაუმართლა. მოდი, 2008 წლის ზაფხულში, კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე გადავინაცვლოთ. რა მოხდა? ჯერ სამშენებლო ბიზნესი გაჩერდა. მას მიჰყვა საავტომობილო ბიზნესი, რომელიც სიდიდით მეორეა ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. თუმცა ეკონომიკა ცოტა ხანს მაინც მყარად იდგა. ამდენად, 2008 წლის ადრეული ზაფხულის გადმოსახედიდან ბანკებს პრობლემები შეექმნებოდათ, დიდ ზარალსაც ნახავდნენ, მაგრამ ნამდვილად ძნელი იყო იმის გათვლა, რომ საერთაშორისო კრიზისს მივიღებდით. ამიტომ, თუ ვინმემ კრიზისის მასშტაბი იწინასწარმეტყველა, წარმოუდგენლად გაუმართლა.

ეს კრიზისი ეკონომიკური სკოლების რეპუტაციაზე თუ იმოქმედებს?

პირველი პასუხი კრიზისზე ობამას სულისკვეთებით იყო გამსჭვალული: საბაზრო ეკონომიკის, დერეგულაციის, პრივატიზაციის დრო წავიდა. კაპიტალიზმი მოკვდა, გაუმარჯოს მთავრობას. მთავრობამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ფინანსური სექტორი და ამაზე ბევრი ფულიც უნდა დახარჯოს. ჩემი აზრით, ამ მიდგომამ არ გაამართლა. შეიძლება ეს მართლაც იყოს ელიტის დიდი სურვილი, მაგრამ მოდი შევხედოთ, როგორ უპასუხა მსოფლიომ ფინანსური კრიზისის გამოწვევას და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ჩვენ მივიღეთ მემარცხენე პარტიები, რომლებმაც მარჯვნივ გადაუხვიეს. ისინი საკუთარ თავს დღესაც ლეიბორისტებს, სოციალისტებს და კიდევ რას აღარ უწოდებენ, მაგრამ საქმით მაინც მემარჯვენე კურსს ატარებენ. ამის მაგალითია ძალიან ბევრი ქვეყანა: ჩინეთის კომუნისტური პარტია, ინდოეთის კონგრესის პარტია, რომელიც თავიდან სოციალისტური იყო, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინგლისი. საფრანგეთშიც კი განსხვავებული სოციალისტური პარტიაა.

რეალურად შეხედეთ, რა მოხდა 2008-2009 წლებში: თუ ვინმეს უნდოდა უკან დაბრუნება, ამის გამართლებაც შეეძლო. და მათ ეს გზა არ არჩიეს. თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც არსებობს – შეერთებული შტატები. უახლოეს მომავალში ვნახავთ, ეს რა შედეგებს მოიტანს. კონტრმოძრაობა უკვე დაწყებულია. აშშ მარცხნივ წავიდა. სხვა – არავინ.

მომავალში მთავრობების მხრიდან მეტ რეგულირებას უნდა ველოდოთ?

არაერთხელ დამტკიცდა, რომ ზედმეტ რეგულაციებს უარყოფითის მეტი არაფერი მოაქვს. 1970-80-იან წლებში ანტიკეინსიანური რევოლუცია გვქონდა. მაშინ ამ მიდგომის სისუსტეები კარგად გამოიკვეთა და, როგორც მეგონა, სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას. ასე არ ყოფილა, მაგრამ როგორც კი საპასუხოდ კრიზისი მივიღეთ, განათლებულმა საზოგადოებამ იმწამსვე თქვა, რომ ამაში დიდი წვლილი მთავრობას მიუძღოდა. 50 წლის წინ მიღებული გაკვეთილი ხალხმა კარგად გადაიმეორა.

კიდევ რა გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ რეგულირების ისტორიიდან?

ასეთი რამდენიმე გაკვეთილია. პირველი, როცა უკვე გაქვს რეგულაცია, მისი თავიდან მოშორება ძალიან ძნელია. სიკეთეების უმეტესობა, რასაც რომელიმე რეგულაცია გვპირდება, სინამდვილეში მარეგულირებლების მიერ კი არაა შექმნილი, პროგრესისა და ეკონომიკური ზრდის პროდუქტია. აქედან მეორე გაკვეთილი: მოთმინება გვჭირდება. და მესამე – როდესაც მარეგულირებელი ამბობს, რომ ცუდს გამოასწორებს, ეს ცუდი სინამდვილეში ისევ წამოყოფს თავს, ოღონდ სხვა ფორმით. რეგულაციას ყოველთვის აქვს გვერდითი ეფექტი. ეს არის სამი ძირითადი გაკვეთილი, რომელთა კარგად დამახსოვრებაც არ გვაწყენდა.

ბოლო შეკითხვა: სად ვიქნებით ეკონომიკურად 2050 წელს?

ევროზონასა თუ შეერთებულ შტატებში არსებული დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელია. ვფიქრობ, ამ კრიზისმა უნდა განსაზღვროს რა ზომის იქნება მთავრობა მომავალში – გაიზრდება თუ შემცირდება. ზუსტი პასუხი არ მაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამდენ ხანს ლოდინი არ დაგვჭირდება და 10 წელიწადში ზუსტი პასუხი გვეცოდინება.

 

 

კომენტარები