ველოსპორტი

ჯირო დ’იტალია

პირველი სტარტი დანიაში

5 მაისს ჯირო დ’იტალია იწყება, ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის სამი ყოველწლიური გრანდტურიდან პირველი. რიგით 95-ე ჯირო 27 მაისს დასრულდება.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, იტალიის ტური დანიის პატარა ქალაქ ჰერნინგში აიღებს სტარტს. რბოლის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა მიქელე აკუარონემ ჰერნინგის სასტუმრო HEART-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „გვსურდა ყველაზე რთული ველოტური დანიელთათვის გაგვეცნო და მიხარია, რომ შეთავაზებას კოლეგები სიხარულით დათანხმდნენ. ჯირო დ’იტალიას ყველა მონაწილე სკანდინავიაში დაგეგმილი სამი ეტაპით ძალიან ისიამოვნებს – ეს ჩვენი დებიუტია ამ მხარეში და დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება!”.

8 მაისამდე სპორტსმენები დანიაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. 5 მაისს დანიშნული სტარტი 8,7-კილომეტრიანი ინდივიდუალური გამოდევნებაა. მეორე დღეს 206 კმ-იანი რბოლაა დანიშნული: მონაწილენი ჰერნინგიდან დანიის დასავლეთ სანაპიროს გაუყვებიან, 7 მაისს კი ქალაქ ჰორსენსიდან დაიწყებენ რბოლას, ჰორსენსის ულამაზეს ფიორდებს შემოივლიან და ქალაქში 14-კილომეტრიანი პაექრობის შემდეგ მესამე და უკანასკნელ დანიურ ეტაპს დაასრულებენ.

8 მაისი დასვენების დღეა: ჯირო დ’იტალიას ყველა მონაწილე, რბოლის მესვეურები და ჟურნალისტები (დაახლოებით 800 კაცი) იტალიას მიაშურებენ, რის შემდეგაც აპენინური ეტაპები დაიწყება: ვერონიდან მოდენამდე, ურბინოდან სანტ ელპიდიომდე, რეჩანატიდან როკა დი კამბიომდე...

95-ე ჯირო დ’იტალია 21 ეტაპს მოიცავს. ველომრბოლებს დანიასა და ნახევარკუნძულზე საერთო ჯამში 3476,4 კილომეტრის გავლა მოუწევთ.

წლევანდელი ტური ხუთ ურთულეს, ხუთვარსკვლავიან ეტაპს მოიცავს, რომელთაგან პირველი 19 მაისს, XIV ეტაპზე გაიმართება: სპორტსმენები კერასკოდან აიღებენ სტარტს და 205 კილომეტრის შემდეგ ალპებში, დაბა ჩერვინიაში შეჩერდებიან. მეორე დღეს მათ კიდევ ერთი მთაგორიანი ეტაპის გადალახვა მოუწევთ ბუსტო-არსიციოდან ლეკომდე, 21 მაისს კი მეორე და უკანასკნელი დასვენების დღე იქნება.

23, 25 და 26 მაისს უკანასკნელი სამი ხუთვარსკვლავიანი ეტაპია (ფალცესი-კორტინა დ’ამპეცო; ტრევიზო-ალპე დი პამპეაგო; კალდესი-პასო დელო სტელვიო), 27 მაისს კი მილანში 31,5-კილომეტრიანი ინდივიდუალური გამოდევნებაა და ამით იტალიის ტურიც დასრულდება.

ჯირო დ’იტალიას საორგანიზაციო კომიტეტმა დაადასტურა, რომ წლევანდელ ტურში 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის გრანდტურების ფავორიტები: რაბობანკი, ასტანა, კატუშა, სქაი, ეუსკალტელ-ეუსკადი, ლიკუიგაზ-ქენონდეილი... რაც შეეხება პირველობის პრეტენდენტებს, ასეთი 198 იქნება.

შარშანდელი ჯიროს გამარჯვებულმა ალბერტო კონტადორმა ნოემბერში განაცხადა, რომ 2012 წელს იტალიაში ტიტულს აღარ დაიცავდა და აქცენტს ტურ დე ფრანსზე გააკეთებდა. 6 თებერვალს ესპანელს გეგმები ჩაეშალა: 2010 წლის ტურ დე ფრანსზე მას დოპინგის გამოყენება დაუმტკიცდა და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. კონტადორს ჯირო დ’იტალიას 2011 წლის გამარჯვებულის თასიც ჩამოერთვა – ტრიუმფატორად მეორე ადგილზე გასული იტალიელი მიქელე სკარპონი დასახელდა.

კონტადორის არყოფნაში, ჩემპიონის მესამე ტიტულის მოპოვებას შეეცდება 34 წლის ივან ბასო. იტალიელმა ველომრბოლმა სამშობლოში 2006 და 2010 წლებში გაიმარჯვა. მან ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ საგაისოდ იტალიაში და საფრანგეთში ტრიუმფს გეგმავს, ესპანეთის გრანდტურს – ვუელტას კი გამოტოვებს.

მერქსი პირველი უკვდავყვეს

ჯირო დ’იტალიას დიდების დარბაზი ახლახან დაარსდა, მის პირველ წევრად კი ლეგენდარული ედი მერქსი დასახელდა. ბელგიელ სპორტსმენს სპეციალური ჯილდო მილანში გამართულ ცერემონიალზე გადასცეს.

„ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია, ბედნიერი ვარ, რომ ჯიროს დიდების დარბაზის პირველი წევრი გავხდი”, – განაცხადა მერქსმა და დასძინა – „იტალია ჩემი მეორე სამშობლოა, აქ უდიდეს წარმატებებს მივაღწიე, იტალიურ გუნდებში უამრავი რამ ვისწავლე, მაგრამ გულახდილად გეტყვით – ასეთ აღიარებაზე ვერც ვიოცნებებდი!”.

ედი მერქსი 1968-70 წლებში ფაემას გუნდში ასპარეზობდა, 1971-1976 წლებში კი მოლტენის წევრი იყო. იქ გატარებული პერიოდი ტრიუმფალური გამოდგა: მოლტენის მაისურით სამჯერ მოიგო ტურ დე ფრანსი (1971, 1972, 1974), ასევე სამჯერ ჯირო დ’იტალია (1972, 1973, 1974), 1973 წელს კი ესპანეთში, ვუელტაზეც გაიმარჯვა!

მილანში გამართულ მიღებას გასული საუკუნის 50-70-იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო ველოგუნდის დამაარსებლის, რენატო მოლტენის ვაჟი, მარიოც დაესწრო. მასთან ერთად, მერქსის დაჯილდოების ცერემონიალზე ბელგიელის გუნდის მწვრთნელები, მექანიკოსები და კონკურენტები: ფიორენცო მანი, ერნესტო კოლნაგო და უგო დე როსაც იყვნენ მიწვეულნი. ამ უკანასკნელთან ერთად ედიმ მოგვიანებით საკუთარი გუნდი დააარსა...

ედუარდ ლუის ჯოზეფ მერქსი, ვისაც ჟურნალისტებმა მეტსახელად კანიბალიც შეარქვეს, ჯირო დ’იტალიას ისტორიაში გამორჩეული რეკორდის მფლობელია: ჯამში 76 დღის განმავლობაში ემოსა ლიდერის ვარდისფერი მაისური!

ჯიროს ისტორია

ყველაფერი გაზეთების პაექრობით დაიწყო: გაძეტა დელო სპორტს და კორიერე დელა სერას ტირაჟის გაზრდა სურდათ, საამისოდ კი სპორტული შეჯიბრების გამართვა გადაწყვიტეს – გაძეტამ ველოტურის ორგანიზება განიზრახა, კორიერე დელა სერამ კი ავტორალის მოწყობა სცადა.

1908 წლის 7 აგვისტოს, გაძეტა დელო სპორტის დამფუძნებელმა ეუჯენიო კამილო კოსტამანამ, გამოცემის დირექტორმა არმანდო კუნემ და მთავარმა რედაქტორმა ტულიო მორგანიმ განაცხადეს, რომ 1909 წელს მრავალდღიანი საგზატკეცილო ველორბოლა გაიმართებოდა – საფრანგეთში პოპულარული ტურ დე ფრანსის მსგავსი, შეჯიბრების გამარჯვებული კი საპრიზო თანხით დაჯილდოვდებოდა.

1909 წლის 13 მაისს, შუადღის 3 საათს 7 წუთი რომ უკლდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველოტურის ისტორიის თავფურცელი დაიწერა: 127-მა სპორტსმენმა მილანში, ლორეტოს სასახლიდან აიღო სტარტი.

რატომ მილანი და არა მარადიული რომი? მხოლოდ იმიტომ, რომ გაძეტა დელო სპორტის რედაქცია დედაქალაქში კი არა, მილანში მდებარეობდა.

პირველი ჯირო დ’იტალია 8 ეტაპად მოეწყო. სპორტსმენებს თითქმის მთელი ქვეყნის შემოვლა მოუხდათ – 2448 კილომეტრი გაიარეს. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ სტარტზე გასული 127 ველომრბოლიდან ფინიშზე მხოლოდ 49 მივიდა: ბევრმა დატვირთვას ვერ გაუძლო, სხვებს ველოსიპედი გაუფუჭდათ...

იტალიის პირველი ტური 3 ეტაპის ტრიუმფატორმა ლუიჯი ჯანამ მოიგო. სპორტსმენი 5325 ლირით დაჯილდოვდა, საბოლოო კლასიფიკაციაში მოხვედრილებმა კი 300-300 ლირა მიიღეს. ცნობისთვის: იმ დროს ჯიროს დირექტორის ყოველთვიური გასამრჯელო მხოლოდ და მხოლოდ 150 ლირა იყო...

1950 წლამდე ველოტურს მხოლოდ იტალიელები იგებდნენ, თუმცა შეჯიბრებაში უცხოელებიც მონაწილეობდნენ: ფრანგი ჟან-ბაპტისტ დორტინაკი გახდა პირველი არაიტალიელი, ვინც ჯიროს ეტაპზე იმარჯვა – 1912 წელს; ბელგიელი მარსელ ბუისი იყო პირველი უცხოელი, რომელმაც საერთო ჩათვლაში მოახერხა პოდიუმზე შედგომა – მესამე ადგილი 1919 წელს...

1925-1935 წლები რბოლის ისტორიაში „ბინდას ეპოქის” სახელითაა შესული: ალფრედო ბინდამ, ვისაც „მჯდომარე მთამსვლელიც” შეარქვეს, ჯირო 5-ჯერ მოიგო! ეს დღემდე რეკორდია, რომლის გამეორება მხოლოდ იტალიელმა ფაუსტო კოპიმ და ბელგიელმა ედი მერქსმა შეძლეს. ბინდას კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: 1927 წელს 12 ეტაპი მოიგო! 1929 წელს მან მიჯრით მესამედ, საერთოდ კი მეოთხედ მოიგო შეჯიბრება: იმ დროისთვის ორივე მაჩვენებელი საუკეთესო იყო, ისევე როგორც 1929 წლის ტრიუმფი ზედიზედ 8 ეტაპზე!

1930 წელს საორგანიზაციო კომიტეტმა ალფრედო ბინდას 22500 ლირა მხოლოდ იმიტომ გადაუხადა, რომ რბოლა გამოეტოვებინა!

ლეგენდარული ველომრბოლი ჯირო დ’იტალიას 1935 წელს, 32 წლის ასაკში დაემშვიდობა. იმ დროისთვის მას 41 ეტაპი ჰქონდა მოგებული, რაც ასევე რეკორდი იყო და ის მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გააუმჯობესა მარიო ჩიპოლინიმ...

1936-1953 წლებს რბოლის მემატიანენი ბარტალი-კოპის დუელად იხსენიებენ. ამ ორი ბრწყინვალე სპორტსმენის პაექრობამ მთელი იტალია მოიცვა: ქრისტიან-დემოკრატები ჯინო ბარტალის ემხრობოდნენ, მემარცხენენი – ფაუსტო კოპის. პირველმა სამჯერ იმარჯვა, კოპიმ კი ბინდას რეკორდი გაიმეორა – ხუთჯერ დაასრულა ჯირო ვარდისფერი მაისურით.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იტალიის ტურის ტრიუმფატორთა შორის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებიც გამოჩნდნენ: დიდებული ჟაკ ანკეტილი – ჯირო დ’იტალიას პირველი ფრანგი გამარჯვებული; ყველა დროის საუკეთესო ველომრბოლად აღიარებული ბელგიელი ედი მერქსი; სამივე გრანდ ტურის ჩემპიონი ფრანგი ბერნარ ინო; ტურ დე ფრანსის ზედიზედ ხუთგზის მომგები ესპანელი მიგელ ინდურაინი...

2009 წელს ჯირო დ’იტალიას საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა: ფინიშს დედაქალაქმა უმასპინძლა.

1965 წელს შეჯიბრება სან მარინოში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მონაკოში, 1973 და 2006 წლებში – ბელგიაში, 1974 წელს – ვატიკანში, 1996-ში პირველ ეტაპს საბერძნეთმა უმასპინძლა, 1998 წელს საფრანგეთის ლაჟვარდოვანმა სანაპირომ, 2002 და 2010 წლებში კი ჰოლანდიამ.

5 მაისს ჯირო დ’იტალია მეათედ დაიწყება უცხოეთში – ახლა დანიის სამეფოს ჯერია.

ვარდისფერიდან თეთრამდე

ჯირო დ’იტალიას ლიდერს ვარდისფერი მაისური (მალია როსა) აცვია – გაძეტა დელო სპორტი სწორედ ამ ფერის ქაღალდზე იბეჭდება. რბოლის ლიდერი მარტივად ვლინდება: ყოველი ეტაპის შემდეგ მონაწილეთა დრო ჯამდება და ვარდისფერი მაისურის მფლობელიც ირკვევა.

იტალიელი ლეარკო გუერა იყო პირველი, ვინც ეს მაისური მოირგო. ლიდერის სიმბოლური სამოსი 1931 წელს დაწესდა გაძეტა დელო სპორტის რედაქციის მიერ და ამით ჯირო დ’იტალიას მცირე იუბილე აღინიშნა – იმ წელს რბოლა მეოცედ ჩატარდა.

იტალიის ტურზე კიდევ სამი ფერის მაისურია დაწესებული: სამთო კლასიფიკაციის ლიდერისთვის – მწვანე (მალია ვერდე), ქულათა

ჩათვლაში – წითელი (მალია როსო პასიონე), საუკეთესო ახალგაზრდისთვის კი თეთრი (მალია ბიანკა).

სამთო კლასიფიკაციის ლიდერი პირველად 1933 წელს გამოავლინეს – ჯიროს ერთ-ერთმა ლეგენდამ ალფრედო ბინდამ იმარჯვა. რაც შეეხება უშუალოდ მწვანე მაისურს, ის პირველადგილოსანს 1974 წლიდან მოსავს.

აქ მოწინავე ქულებით ვლინდება: ვინც კონკრეტულ სიმაღლეს პირველი გადალახავს, მეტ ქულას მიიღებს და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ მთები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, ქულებიც განსხვავებულია.

1965 წლიდან დაწესდა პრემიალური ქულები მათთვის, ვინც პირველი დაძლევს ჩიპა კოპის – მთლიანი ტრასის უმაღლეს წერტილს. ამით ორგანიზატორებმა 1960 წელს, 40 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ხუთგზის ტრიუმფატორი ფაუსტო კოპი უკვდავყვეს...

ქულათა ჩათვლის გამარჯვებული 1966 წლიდან ვლინდება. წესები არაერთხელ შეიცვალა, დღეს კი ქულები მხოლოდ პირველ 15 ველომრბოლს ენიჭება: ეტაპის მოგება 25 ქულაა, მეორე ადგილი – 20, შემდეგ 16, 14, 12, 10, 9, 8 და ასე 1 ქულამდე. ამას გარდა, თითქმის ყველა ეტაპი მოკლე შუალედურ სპრინტს მოიცავს, სადაც ასევე თამაშდება საპრიზო ქულები, თუმცა მხოლოდ 6 მოწინავეს შორის: 8, 6, 4, 3, 2 და 1. 1970-2009 წლებში ქულათა ჩათვლის ლიდერს იისფერი მაისური ეცვა, თუმცა 2010 წლიდან ორგანიზატორებმა იისფერი წითელით შეცვალეს.

საუკეთესო ახალგაზრდა 1976 წლიდან საერთო წესის, ნაჩვენები დროის მიხედვით ვლინდება. 1994 წლამდე ამ კატეგორიაში მხოლოდ 24-წლამდელთა შედეგებს ითვალისწინებდნენ, 2007 წლიდან კი თეთრი მაისურისთვის ბრძოლის უფლება 25-წლამდელებს დართეს. 1995-2006 წლებში საუკეთესო ახალგაზრდა არ გამოვლენილა.

ვარდისფერი, მწვანე, წითელი და თეთრი... ჯიროს ისტორიას კიდევ ერთი, შავი ფერის მაისურიც ახსოვს – რბოლის მაჩანჩალასთვის, თუმცა ის XX საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ აღარ გამოუყენებიათ.

ჯირო დ’იტალია: ყველა ტრიუმფატორი

1909 – ლუიჯი ჯანა, 1910-1911 – კარლო გალეტი, 1912 – ატალა (ინდივიდუალური ჩემპიონი არ გამოვლენილა), 1913 – კარლო ორიანი, 1914 – ალფონსო კალსოლარი, 1915-1918 – არ ჩატარებულა, 1919 – კონსტანტე ჯირარდენიო, 1920 – გაეტანო ბელონი, 1921-1922 – ჯოვანი ბრუნერო, 1923 – კონსტანტე ჯირარდენიო, 1924 – ჯუზეპე ენრიკი, 1925 – ალფრედო ბინდა, 1926 – ჯოვანი ბრუნერო, 1927-1929 – ალფრედო ბინდა, 1930 – ლუიჯი მარკიზიო, 1931 – ფრანჩესკო კამუსო, 1932 – ანტონიო პეზენტი, 1933 – ალფრედო ბინდა, 1934 – ლეარკო გუერა, 1935 – ვასკო ბერგამასკი, 1936-1937 – ჯინო ბარტალი, 1938-1939 – ჯოვანი ვალეტი, 1940 – ფაუსტო კოპი, 1941-1945 – არ ჩატარებულა, 1946 – ჯინო ბარტალი, 1947 – ფაუსტო კოპი, 1948 – ფიორენცო მანი, 1949 – ფაუსტო კოპი, 1950 – უგო კობლე (შვეიცარია), 1951 – ფიორენცო მანი, 1952-1953 – ფაუსტო კოპი, 1954 – კარლო კლერიჩი (შვეიცარია), 1955 – ფიორენცო მანი, 1956 – ჩარლი გაული (ჰოლანდია), 1957 – გასტონე ნენჩინი, 1958 – ერკოლე ბალდინი, 1959 – ჩარლი გაული (ჰოლანდია), 1960 – ჟაკ ანკეტილი (საფრანგეთი), 1961 – არნალდო პამბიანკო, 1962-1963 – ფრანკო ბალმამიონი, 1964 – ჟაკ ანკეტილი (საფრანგეთი), 1965 – ვიტორიო ადორნი, 1966 – ჯანი მოტა, 1967 – ფელიჩე ჯიმონდი, 1968 – ედი მერქსი (ბელგია), 1969 – ფელიჩე ჯიმონდი, 1970 – ედი მერქსი (ბელგია), 1971 – გიოსტა პეტერსონი (შვედეთი), 1972-1974 –ედი მერქსი (ბელგია), 1975 – ფაუსტო ბერტოლიო, 1976 – ფელიჩე ჯიმონდი, 1977 – მიშელ პოლენტიე (ბელგია), 1978 – იოჰან დე მუიუნკი (ბელგია), 1979 –ჯუზეპე სარონი, 1980 – ბერნარ ინო (საფრანგეთი), 1981 – ჯოვანი ბატალინი, 1982 – ბერნარ ინო (საფრანგეთი), 1983 – ჯუზეპე სარონი, 1984 – ფრანჩესკო მოზერი, 1985 – ბერნარ ინო (საფრანგეთი), 1986 – რობერტო ვისენტინი, 1987 – სტივენ როში (ირლანდია), 1988 – ენდრიუ ჰამპსტენი (აშშ), 1989 – ლორენ ფინიონი (საფრანგეთი), 1990 – ჯანი ბრუნო, 1991 – ფრანჩესკო ჩიოკიოლი, 1992-1993 – მიგელ ინდურაინი (ესპანეთი), 1994 – ევგენი ბერზინი (რუსეთი), 1995 – ტონი რომინგერი (შვეიცარია), 1996 – პაველ ტონკოვი (რუსეთი), 1997 – ივან გოტი, 1998 – მარკო პანტანი, 1999 – ივან გოტი, 2000 – სტეფანო გარძელი, 2001 – ჯილბერტო სიმონი, 2002 – პაოლო სავოლდელი, 2003 – ჯილბერტო სიმონი, 2004 – დამიანო კუნეგო, 2005 – პაოლო სავოლდელი, 2006 – ივან ბასო, 2007 – დანილო დი ლუკა, 2008 – ალბერტო კონტადორი (ესპანეთი), 2009 – დენის მენშოვი (რუსეთი), 2010 –ივან ბასო, 2011 – მიქელე სკარპონი

 

 

კომენტარები