ფეხბურთი

ლევან კობიაშვილს სასამართლო ემუქრება

გერმანული სააგენტოების ინფორმაციით, ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა დიუსელდორფის ფორტუნას და ბერლინის ჰერტას მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო: ბერლინელთა რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის გუნდის კაპიტანი ლევან კობიაშვილი, მთავარი მსაჯის ფიზიკურ შეურაცხყოფაშია ეჭვმიტანილი.

ბუნდესლიგის ფლეი ოფის საპასუხო თამაში ფრედ 2:2 დასრულდა, ამ შედეგით კი ჰერტა ბუნდესლიგიდან გავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინელ ფეხბურთელებს, კონკრეტულად კი ლევან კობიაშვილს, ანდრე მიატოვიჩს, კრისტიან ლელს და ტომას კრაფტს გასახდელში მსაჯისთვის, ვოლფგანგ შტარკისთვის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ.

თუ მოთამაშეთა დანაშაული დამტკიცდა, მათ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია და სასამართლო ემუქრებათ.

თავის მხრივ, სასამართლოში ჩივილს გეგმავს ბერლინის ჰერტა. კლუბის მესვეურთა თქმით, დიუსელდორფში ადგილობრივი გულშემატკივრების ქცევის გამო - ისინი საფინალო სასტვენამდე შეიჭრნენ მინდორზე - ჰერტა ძალიან დაზარალდა და გამარჯვების გოლის გატანის შანსი დაკარგა.

ჰერტა შედეგის გაუქმებას და გადათამაშებას ითხოვს.

კომენტარები