დავით გარეჯი

დავით გარეჯის კომპლექსი - მთის თხემზე გავლებული პრობლემა


View Larger Map

6 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ ნაწილთან, უდაბნოს მონასტერთან, რომელიც დავით გარეჯის ლავრის მომიჯნავე მთაზე მდებარეობს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ქართველ ტურისტებს მონასტერში შესვლის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ საზოგადოებამ დავით გარეჯელი ბერ-მონაზვნებისგან შეიტყო. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს ეს შესაძლებლობა კვლავ დაუტოვეს, მონასტრის ძმობა კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე პილიგრიმთა თავისუფლად გადაადგილების აღდგენასა და ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელებას მოითხოვს. მათი თქმით, საზღვრები ჯერ დადგენილი არ არის, ამიტომ აზერბაიჯანულ მხარეს სამონასტრო კომპლექსის შემადგენელ ძეგლთა კონტროლის უფლება არ აქვს.

თავშივე უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ბერლინის კედლის მსგავსი ბარიერი არ აღუმართავთ და მონასტერი ორად არ გაუყვიათ. შესაძლოა, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩენოდა, თუ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მედიაორგანიზაციისა თუ სასულიერო პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თვალს მივადევნებდით. ზოგი უფრო შორსაც წავიდა და დავით გარეჯის მთლიანად დაკარგვის საფრთხეზე ალაპარაკდა. საქმე, რა თქმა უნდა, სხვაგვარადაა.

დავით გარეჯის კომპლექსი უდაბნოს პერიმეტრზეა განფენილი და მრავალი, ერთმანეთისგან დაშორებული ნაგებობისა და კლდეში ნაკვეთი სენაკებისგან შედგება. აქედან გამომდინარე, მისი ცენტრალური ნაწილი – მამა დავითის ლავრა – ხელშეუხებელია და მონაზვნებს იქ მშვიდად სძინავთ, ხოლო მომლოცველები და მნახველები შეუფერხებლად მოძრაობენ.

1958 წელს შედგენილი სსრკ გენერალური შტაბის გრიფით საიდუმლო, ყველაზე ზუსტი რუკა. მასშტაბი 1:25 000. რუკის ამ მონაკვეთის საზღვრის მარჯვენა მხარეს საქართველოა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი საქართველოს საზღვრებშია - ხოლო მცირე მონაკვეთი, აზერბაიჯანის

პრობლემა, კიდევ ერთხელ, სამონასტრო კომპლექსის სხვა, მცირე ნაწილზე შეიქმნა. 1921 წელს დე ფაქტოდ, ხოლო 1924 წელს დე იურედ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ადმინისტრაციული საზღვარი მთის თხემზე გაივლო. კომუნისტებს ნაკლებ აღელვებდათ კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა. ამიტომ თხემის ერთ, აზერბაიჯანულ მხარეს აღმოჩნდა პრაქტიკულად მთელი ბერთუბანი და უდაბნოს მონასტრის უდიდესი ნაწილი, ხოლო ჩიჩხიტური საზღვარს დაემთხვა.

70-იანი წლებიდან საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვრის ტერიტორიების გაცვლაზე დაიწყო მოლაპარაკებები, საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ, დავით გარეჯის აზერბაიჯანის ნაწილის გადმოცემაზე საკითხი წამოჭრა. იყო მზადყოფნა, რომ სამონასტრო კომპლექსის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საზღვრებში დაბრუნებულიყო, მაგრამ ამ მხრივ პროგრესი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა სახელმწიფომ სუვერენიტეტი გამოაცხადა იმ საზღვრებში, რაც საბჭოთა სახელმწიფოს დაშლისას ჰქონდა. ამავე საზღვრებში აღიარა ისინი საერთაშორისო საზოგადოებამ და ეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლშიც აისახა.

1995 წლიდან დაიწყო სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოები, შეიქმნა სპეციალური კომისია. შეთანხმდა საზღვრის ორი მესამედი. დღეისთვის შეუთანხმებელია დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიის 2%. ამას გარდა, არის კიდევ 15 მონაკვეთი, რომელზეც ჯერ შეთანხმება არ არსებობს. ვინაიდან საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ორივე სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება საზღვრების ურღვეობის საკითხს და ამაზე საუბარი ორივე მხარის ვნებათაღელვას იწვევს.

არსებობს მორატორიუმი, რომელიც საზღვრის საბოლოო დადგენამდე სტატუს კვოს შენარჩუნებისკენ არის მიმართული. მორატორიუმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა ამ ტერიტორიაზე უპრობლემოდ უნდა შეძლონ გადასვლა. ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა. ჩვენი მოქალაქეები პერიოდულად დაბრკოლებას აწყდებიან. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ სასულიერო პირებს მონასტრებში უშვებენ, მაგრამ საეროებს ამ შესაძლებლობას არ აძლევენ.  რამდენიმე ასეთი შემთხვევიდან ზოგი გახმაურდა, ზოგი – არა. პერიოდულად ეს პრობლემები იქმნებოდა და გვარდებოდა. ყველა ასეთი ფაქტისას მორატორიუმი ძალაში რჩებოდა. საეროებისთვის გადაადგილების ხელის შეშლის მიზეზად კი, ადგილობრივი მესაზღვრეების თვითშემოქმედება სახელდებოდა.

თითოეული მსგავსი შემთხვევისას, ორივე ქვეყანაში ჩნდებიან ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არა საკითხის გადაწყვეტით, თითოეული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საფუძველზე, არამედ თემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებით. ორივე მხარეს მდგომ ასეთ ძალებში, როგორც წესი, პარაისტორიული და ექსტრემისტული პოზიციები ისმის.

1949, 51-54 წლებში გადაღებული ფოტო მასალის საფუძველზე, რუსთავის გენერალური შტაბის 1974 წელს შედგენილი რუკა. საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები. მასშტაბი 1:100 000

წარსულში აზერბაიჯანულ წრეებში გამოითქვა მოსაზრებები, რომ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მყოფი კომპლექსის ნაწილი ალბანური კულტურის ძეგლია, ხოლო აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა ჰიპოთეტურად იგივე პოზიცია გაიზიარეს – მიუხედავად ამისა, ოფიციალური ბაქო ამ თემაზე პედალირებას არ ცდილობს. ის, როგორც წესი, მთის თხემის სტრატეგიულ სიმაღლეზე აკეთებს აქცენტს.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა: „ჩვენ დიდი იმედი გვქონდა გუშინდლამდე, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძეგლები, მოლაპარაკების გზით საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ვიგებთ, რომ ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიც არის ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ხორციელდება“.

საპატრიარქოს განცხადებამ შესაძლოა კვლავ გაამწვავოს სიტუაცია. 21 მაისს მღვდლები მთელი საქართველოდან ჩავლენ დავით გარეჯში და ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ილოცებენ. თუმცა გაუგებარია, სიტუაციის ესკალაციის გზითა და ანტიაზერბაიჯანული რიტორიკით, როგორ შეძლებენ მეზობელი ქვეყნის დარწმუნებას, წავიდეს დათმობებზე. მონასტრის კომპლექსში უკვე ჩნდებიან გაურკვეველი „შავფაროსნები“, რომლებიც მესაზღვრეებთან კონტაქტში შესვლას ცდილობენ. პარალელურად, პოლიტიკური ძალები საარჩევნო წელს ქულების დაწერას ცდილობენ. მეორე მხრივ, მათთან უნისონში მოქმედი სასულიერო პირები საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებენ ღალატში.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი მწვავე და სენსიტიურია. აზერბაიჯანის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და მისთვის, საქართველოს მსგავსად, თითოეული გოჯის დათმობის ან გაცვლის საკითხი მტკივნეულია.

საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევაც, დღეს, პირველ რიგში, მორატორიუმის აღდგენისკენ არის მიმართული. ვისაც სიწმინდეების ბედი აღელვებს, ალბათ სჯობს, კეისარს კეისრისა მიანდოს და სიტუაციის გამწვავებას მოერიდოს. ხოლო ღმერთს რამე უფრო რეალისტური სთხოვოს, ვიდრე საქართველოს ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე გაერთიანებაა.

კომენტარები