ოკუპირებული ტერიტორიები

'ჯამაათის' საქმე

0 კომენტარი

რუსეთის სპეცსამსახურებმა 10 მაისს მასშტაბური ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადეს. „ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის” ცნობით, რუსულმა ФСБ-მ, აფხაზურ სპეცსამსახურებთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინა ათი სამალავი, რომლებშიც დიდი რაოდენობით შეიარაღება ინახებოდა.

აღმოჩენილ არსენალში შედიოდა: გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები Игла და Стрела, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები, ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები, ნაღმები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

ყოველივე ეს, რუსული სპეცსამსახურების განცხადებით, ტერორისტებს რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ, სადაც 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მსვლელობისას ტერაქტები უნდა განეხორციელებინათ. ტერაქტების დამკვეთად კი „კავკასიის იმარატის” ლიდერი დოკუ უმაროვი დასახელდა. ამ საქმეზე დააკავეს

სამი ადამიანი, რომლებიც, რუსული ვერსიით,„იმარატთან” კავშირში იყვნენ და „აფხაზეთის ჯამაათში” შედიოდნენ.

მოსკოვმა ამ შემთხვევაშიც „ქართული კვალი” აღმოაჩინა – რუსული სპეცსამსახურების მონაცემებით, შეიარაღების ნაწილი, კერძოდ – ასაფეთქებლების დეტონატორები, აფხაზეთში თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხვდა.

ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეებთან კავშირში და სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ პროვოკაციების მზადებაში მოსკოვი თბილისს პირველად არ ადანაშაულებს. გასული წლის თებერვალში, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ძალოვნებს მოუწოდა, ეზრუნათ სოჭის უსაფრთხოებაზე, რადგან „არსებობს გარკვეული პრობლემები ჩვენს მეზობელთან, საქართველოსთან დაკავშირებით”.

გასული წლის მაისში, თბილისში ოპოზიციის ქუჩის აქციების პარალელურად, რუსულმა მედიამ და ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა აქტიურად აიტაცეს უმაროვის თემა, რომელიც თითქოს საქართველოში იმყოფებოდა. ან, ყოველ შემთხვევაში, ქართულ სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, თბილისმა მოსკოვის ბრალდებები ამჯერადაც კატეგორიულად უარყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული მხარის ინფორმაციას ყოველგვარ საფუძველს მოკლებული უწოდა. შსს-მ მოსკოვს შეახსენა, რომ უკანასკნელ პერიოდში სწორედ რუსულმა სპეცსამსახურებმა სცადეს საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული თუ დივერსიული აქტის განხორციელება.

საინტერესოა, რომ მოსკოვის ვერსია არა მხოლოდ თბილისმა, სოხუმმაც კი არ გაიზიარა. აფხაზი ძალოვნები მიიჩნევენ – მხილებული დაჯგუფება სოჭის ოლიმპიადის დროს აფეთქებას არ გეგმავდა, ის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმასთან იყო კავშირში.

ალექსანდრ ანქვაბს ცეცხლი 22 თებერვალს, გუდაუთა-სოხუმის გზაზე გაუხსნეს და თავდამსხმელები მიიმალნენ. 12 აპრილს, აფხაზმა ძალოვნებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააკავეს. მათ შორის, გავლენიანი ბიზნესმენი ანზორ ბუთბა. 17 აპრილს კი კიდევ ერთი ეჭვმიტანილის – „შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის”, ალმასბეი კჩაჩის დაკავება სცადეს. ამ უკანასკნელმა დაპატიმრების დროს თავი მოიკლა.

„აფხაზური ჯამაათის” საქმეზე სულ სამი ადამიანი დააკავეს – ძმები ედგარ და ედნარ ჭითანავები და რუსტამ გიცბა. აფხაზური წყაროების ინფორმაციით, გამოძიება ამ პირებზე ალმასბეი კჩაჩის კავშირების შესწავლის შედეგად გავიდა. დაჯგუფების და მისი შეიარაღების აღმოჩენის შემდეგ აფხაზურმა „ეროვნული უშიშროების საბჭომ” განაცხადა, რომ ანქვაბზე თავდასხმის მიზანი „სახელმწიფო გადატრიალება” იყო. თანაც, დაკავებული ძმები ჭითანავები არა მხოლოდ ბოლო, არამედ ანქვაბზე ჯერ კიდევ 2007 წელს მოწყობილ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი.

თუ ადგილობრივი საზოგადოების თვალში არძინბასა და ბაღაფშის მთავრობებთან დაახლოებული პირების – კჩაჩის, ბუთბასა და მათი თანამზრახველების ანქვაბის წინააღმდეგ ბრძოლა მეტ-ნაკლებად ბუნებრივად გამოიყურება, საქმესთან რუსტამ გიცბას კავშირი და რელიგიური ნიშნით „ჯამაათის” შექმნა ნამდვილი მოულოდნელობა გახდა.

რუსტამ გიცბა 2010 წლის ოქტომბერში, გუდაუთის მეჩეთთან შეკრებილ მუსლიმებზე თავდასხმისას დაიჭრა. მისი ძმა, შამილ ბასაევის თანამებრძოლი ჰამზატ გიცბა, ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში, გუდაუთის მეჩეთთან ჩაცხრილეს 2007 წელს. 2010-ის ზაფხულში კი აფხაზი მუსლიმები ნამდვილი ტერორის ქვეშ მოექცნენ – ჯერ საკუთარ სახლში მოკლეს აფხაზეთის მუსლიმთა კავშირის სასულიერო საბჭოს წევრი ემიკ ჩაქმაქ-ოღლუ; ცოტა ხანში სოხუმის მეჩეთის იმამის, სალეხ კვარაცხელიას მანქანის აფეთქებას შეეცადნენ; ოქტომბერში კი მეჩეთზე თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა – რუსტამ გიცბა და მისი კიდევ ერთი ძმა.

არცერთი ეს თავდასხმა არ გახსნილა, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები კი ბუნდოვან განცხადებებს აკეთებდნენ „გარეშე ძალების” ჩარევის შესახებ. აფხაზეთში გავრცელებული არაოფიციალური ვერსიის თანახმად, მუსლიმებზე თავდასხმები რუსული სპეცსამსახურების ნახელავი იყო და ისინი ამ თავდასხმებს „პროფილაქტიკის მიზნით” ახორციელებდნენ. როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც

პარალელურად იგივე ხდებოდა, ანალოგიური მეთოდებით.

აფხაზეთში მუსლიმად თავს დღევანდელი მოსახლეობის 16 პროცენტი მიიჩნევს, თუმცა რელიგიურად აქტიური მათი ძალიან მცირე ნაწილია. აფხაზ მუსლიმებს არ უცდიათ პოლიტიკაში ჩართვა და მათი რაიმე კავშირი ჩრდილოკავკასიელ რადიკალ ისლამისტებთან დღემდე არ დასტურდებოდა.

დღეს კი მოსკოვი და სოხუმი ამტკიცებენ, რომ რეგიონის ტერიტორიაზე ფარულად მოქმედებდა რადიკალი მუსლიმების „ჯამაათი”, რომელიც სოჭის აფეთქებას ან აფხაზეთში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. თუმცა სოხუმში უჭირთ იმის ახსნა, როგორც შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმანეთს მუსლიმების გარშემო განვითარებული კონფლიქტი და პოლიტიკური შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.

რუსული პროპაგანდისტული ვერსია „სოჭის ოლიმპიადის აფეთქების” შესახებ სარწმუნოდ არც აფხაზეთში მიაჩნიათ.

„ჯამაათის” სახით აფხაზეთში ახალი ფენომენი გაჩნდა. თუ იქაური ძალოვნების ვერსიას დავეყრდნობით, რეგიონში შეიქმნა რადიკალი ისლამისტების კარგად შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, არა მხოლოდ სოხუმის ხელისუფლება, არამედ რუსეთი და აფხაზეთში მისი ინტერესების გამტარებელი ძალებიც უნდა გამხდარიყვნენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები