NATO

თურქეთმა ჩიკაგოს სამიტზე ისრაელის მიწვევა დაბლოკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დაადასტურა, რომ 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილ NATO-ს სამიტში ისრაელი მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, ამას არაფერი აქვს საერთო გავრცელებულ ინფორმაციასთან, თითქოს თურქეთმა სამიტზე ოფიციალური იერუსალიმის ყოფნა დაბლოკა. მიზეზი უფრო ისაა, რომ ისრაელი ალიანსის სამხედრო მისიების მონაწილე არ არის.

ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად განიხილება თურქეთის მკაცრი პოზიცია სამიტში ისრაელის მონაწილეობაზე. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებიან, ანკარა მანამდე არ დათანხმდება ისრაელთან თანამშრომლობას, სანამ 2010 წელს თურქულ გემებზე რეიდის გამო ოფიციალური იერუსალიმი ბოდიშს არ მოიხდის და თურქეთის მოქალაქეებს კომპენსაციას არ გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მაისში, ისრაელმა რეიდი მოაწყო თურქულ გემებზე, რომლებიც ღაზის ბლოკადის გარღვევასა და იქ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას ცდილობდნენ. შედეგად, დაიღუპა ფლოტილიის ეკიპაჟის ათამდე წევრი. გაეროს მიერ დადებული დასკვნა ისრაელს გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს, თუმცა თურქეთის მხრიდან პროვოკაციაზეც არის საუბარი. ინციდენტის შემდეგ თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გამოიწვია და ერთად დაგეგმილი სწავლებები გააუქმა.

ისრაელის მონაწილეობის დაბლოკვის გარდა, თურქეთი სხვა მოთხოვნებსაც აყენებს. თუ სამიტს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან, მაშინ თურქული მხარე სამიტზე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის დაშვებასაც ითხოვს. ამ ორგანიზაციამ ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად დაიწყო ავღანეთის საკითხზე მუშაობა, რასაც, თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებიც მიესალმება. 2010 წელს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მიიღო თურქეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინადადება ავღანეთში საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. ანალიტიკოსთა აზრით, NATO-ს სამიტის წინ თურქეთის ასეთი გააქტიურება მისი, როგორც რეგიონის ახალი ლიდერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, თურქეთისთვის უბრალოდ პრინციპის ამბავია, რომ ისლამური ორგანიზაცია სამიტს სიმბოლურად დაესწროს.

ამავდროულად, დასავლეთის ქვეყნები სერიოზულად არიან დაინტერესებულები, რომ თურქეთი, როგორც ახლო პარტნიორი, შეინარჩუნონ და ანკარასთან გაუცხოება არ მოხდეს. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის დაკარგვის შიში NATO-ს წევრ სხვა სახელმწიფოებს აიძულებს, მისი ღია კრიტიკისგან თავი შეიკავონ. თურქეთიც უკვე შედარებით პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს, რაც კარგად ჩანს მის პოზიციაში სირიის საკითხის მიმართ.

უკანასკნელ ხანებში პრესაში ფართოდ განიხილება თურქეთის სირიაში შესაძლო ინტერვენციის თემა და ვარაუდობენ, რომ ის ამ ნაბიჯს ჩრდილოატლანტიკური ქარტიის მე-5 მუხლით (კოლექტიური თავდაცვის შესახებ) გაამართლებს, ხოლო მიზეზი სირიის მთავრობის მხრიდან ქურთული სეპარატიზმის მხარდაჭერა იქნება. ერთ დროს მეგობრებად შერაცხულ ერდოღანსა და სირიის პრეზიდენტ ასადს შორის პირადი წყენა არსებობს – ამ უკანასკნელმა რეფორმების შესახებ თურქეთის პრემიერისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.

ასე რომ, აშკარაა – რეგიონში გამოჩნდა ახალი, გავლენიანი სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარი ხედვა და პოზიცია აქვს. დასავლეთს კი, სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვის შიშით, სულ უფრო ხშირად უწევს დათმობაზე წასვლა და თურქეთისთვის ანგარიშის გაწევა.

კომენტარები