ინტერნეტი

ახალი მონსტრი?

0 კომენტარი

ჯერ კიდევ იანვარში Google-მა ძებნის ახალი მოდელი შემოგვთავაზა და საძიებო სისტემა საკუთარ სოციალურ ქსელს, Google Plus-ს დაუკავშირა. მას შემდეგ Google-ი, გარდა ძიების ჩვეულებრივი შედეგებისა, ჩვენი „გუგლპლუსელი” მეგობრების მიერ საძებნ თემაზე დაწერილ ინფორმაციასაც ამუშავებს და შედეგებად გამოაქვს. ამით, გარდა იმისა, რომ ძებნის ხარისხი გაიზარდა, კომპანიამ არცთუ წარმატებული და რეიტინგული სოციალური ქსელის გაპოპულარულებაც სცადა. ახლა კი ამ პრაქტიკის გამოყენება გადაწყვიტა Microsoft-მა, რომელიც Google-ის კონკურენტ საძიებო სისტემას, Bing-ს ფლობს. ამისთვის ის Facebook-ის გამოყენებას აპირებს. პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში იგეგმება.

ყოველივე ამის შესახებ Microsoft Bing-ის კორპორატიულმა ვიცეპრეზიდენტმა, დერიკ კონელმა განაცხადა და განმარტების სახით ბლოგპოსტიც მოაყოლა. მისი თქმით, Bing-ში ძებნისას სისტემა თავად შემოგვთავაზებს იმ მეგობრების სავარაუდო სიას, რომლებმაც შესაძლოა ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი იცოდნენ. შემდეგი პროცედურა კი ძალიან მარტივია და მასში თითქმის არაფერია ნოვატორული – მეგობრების მონიშვნის („დატაგვის”) შემდეგ კითხვა მათ ავტომატურად გაუზიარდებათ და შემდეგ, იმედია, პასუხიც არ დააყოვნებს. სისტემას „სოციალური ძებნა” ეწოდება და ორიენტირებულია მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტის უფრო დიდი დოზით გამოყენებაზე, ინფორმაციის ტრადიციულ წყაროებთან ერთად.

ამ მექანიზმის გამართულად ასამუშავებლად საჭიროა, რომ Bing-ის საძიებო სისტემა Facebook-ის თითოეული მომხმარებლის მიერ საჯაროდ გამოფენილი ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდეს. სხვანაირად შეუძლებელი იქნება იმის ცოდნა, ვის რა თემასთან აქვს უფრო ახლო კავშირი. ზოგიერთ სკეპტიკოსს უკვე გაუჩნდა კითხვა, რამდენად პატიოსნად გამოიყენებს Microsoft-ი თითოეული ჩვენგანის მიერ საკუთარ კედლებზე დაწერილ სტატუსებს თუ გამართულ დისკუსიებს და მათი რა ნაწილი აისახება საძიებო შედეგებში. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.

Microsoft-ის მხრიდან ეს ნაბიჯი შეიძლება აღვიქვათ, როგორც მისი საძიებო სისტემის გადარჩენის უკანასკნელი ხერხი. მართლაც, საძიებო სისტემა Bing-ი ნაკლებად პოპულარულია. მიუხედავად უკვე დახარჯული 5.5 მილიარდი დოლარისა, ამერიკის მასშტაბით მას მომხმარებელთა მხოლოდ 15% იყენებს, Google-ს კი – 66%. მსოფლიო მასშტაბით მისი მდგომარეობა უფრო სავალალოა – Bing-ს, როგორც მთავარ საძიებო საშუალებას, მომხმარებელთა მხოლოდ 4% ენდობა. ამ მონაცემით ის Yahoo-სა და Baidu-ს გვერდით დგას. მობილურ მოწყობილობებზე კი მას მხოლოდ 1%, ანუ თითქმის არავინ იყენებს.

მეორე მხრივ, Facebook-ი სოციალურ ქსელებში ჯერაც პირველ ადგილზეა, როგორც მომხმარებელთა რაოდენობით, ასევე პოპულარობით. აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებული მომხმარებლების მიხედვით შედარებით კარგ მდგომარეობაშია Google Plus-იც, მაგრამ მისი პოპულარობის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია. მართალია, Google-ი ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროებს, მაგრამ ზოგიერთი კვლევით, Facebook-თან შედარებით, მასზე აქტიურია დარეგისტრირებულ მომხმარებელთა გაცილებით ნაკლები პროცენტი.

ასე რომ, არაპოპულარული Bing-ისა და სუპერპოპულარული Facebook-ის შერწყმით იდეის ავტორები წარმატების მიღწევას ვარაუდობენ. თუმცა საეჭვოა, რომ Google-მა საძიებო ბაზარზე წლების განმავლობაში მოპოვებული ადგილი უბრძოლველად დათმოს და უახლოეს მომავალში ნოვაციებით არ გაგვაოცოს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები