სტიქია

მაისის სტიქია

REUTERS


ფოტო: REUTERS
მაისის ღამეს თბილისსა და საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებს თავს სტიქია დაატყდა. დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამინდის პროგნოზები წვიმას კი წინასწარმეტყველებდა, თუმცა, როგორც ჩანს, წყალდიდობას არავინ ელოდა. სტიქიის შედეგად ქვეყანა მილიონობით ლარით დაზარალდა და მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა ტრაგედიამ – დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

ძლიერი წვიმა 12 მაისის საღამოს დაიწყო. დედაქალაქის მცხოვრებლები არც ისე ხშირად შესწრებიან მსგავს სურათს: მდინარეებს ქალაქის ქუჩებში, მოტივტივე მანქანებს და დატბორილ საცხოვრებლებთან ტივებით მოსიარულე სამაშველოებს. სტიქიის ეპიცენტრში ორთაჭალა, გულიას მოედანი აღმოჩნდა, სადაც წყლის დონე 2 მეტრს აღწევდა. გარდა გზის სავალი ნაწილისა, დაიტბორა გორგასლის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლები. ყველაზე რთული მდგომარეობა იქვე არსებულ ე.წ. ბარაკებში შეიქმნა – უკანონოდ ნაშენებ მიწურებში ღვარცოფი შევარდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ საცხოვრებელში დაიხრჩო ორი ქალი და ორი ბავშვი: გორის რაიონიდან ჩამოსული ანა წკრიალაშვილი თავის გოგონებთან (5 წლის და 6 თვის) ერთად მაია ხუდოევთან სტუმრად იმყოფებოდა. ოთხივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. სტიქიამ 84 წლის ქალბატონიც იმსხვერპლა.

გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გარდა, ხსენებული ბარაკები ძალიან სახიფათოა – ისინი პირდაპირ კოლექტორის კედელზეა მიშენებული და მუდმივად რისკის ქვეშაა.

თავდაპირველი ცნობები მტკვრის ადიდების შესახებ მალევე უარყვეს – აღმოჩნდა, რომ ტრაგედია კრწანისის ხევიდან ჩამოსულმა წლის მძლავრმა ნაკადმა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ღვარცოფი კრწანისის ყოფილ რეზიდენციასთან არსებული ტბიდან მოვარდა. აქვე მდებარეობს წყლის კოლექტორი. მსგავს შემთხვევებში ის ატარებს წყალს, რომელიც შემდეგ მიწის ქვეშ ჩადის და მტკვარს უერთდება. ტაბულას მერიაში განუცხადეს, რომ ნალექი წავკისისა და შინდისის ფერდობებიდან კოლექტორამდე ჩავიდა და ის მოგლეჯილი ხეებითა და ქვა-ღორღით აავსო. შემდეგ წყალი მისი გვერდის ავლით დასახლებულ ადგილებს დაატყდა თავს.

წვიმას მძიმე შედეგი მოჰყვა სოფელ გლდანში, მუხიანის დასახლებაში – დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მანქანები. ამას ემატება ნუცუბიძის ფერდობი და ვერის სასაფლაოს ტერიტორია.

ზარალი ჯერ არ არის დათვლილი. მერიის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის ინფრასტრუქტურამ სულ მცირე 3 მილიონი ლარით იზარალა და დღის წესრიგში მალევე დადგა უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების საკითხი.


ფოტო: REUTERS
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას თქმით, თავიდანვე გამოიკვეთა უმწეო მდგომარეობაში დარჩენილი 11 ოჯახი, რომელთაგან უმრავლესობა რაიონის მცხოვრებია და დედაქალაქში ნაქირავებ ბინებში იმყოფებოდა. მათთვის ალტერნატიული ბინები და თავშესაფრები მერიამ უკვე იქირავა და დროებით ქირასაც გადაიხდის. ქაცარავა ამბობს, რომ საარსებო პირობები დაზარალებულებს ოპერატიულად შეუქმნეს, ორთაჭალაში მდებარე სასადილოს მიამაგრეს და ჰიგიენური თუ პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყვეს.

ჭალის დასახლებაში დახმარებას კიდევ 28 ოჯახი საჭიროებს. ნაწილმა თავი ნათესავებს შეაფარა, ნაწილს, სანამ მათი საცხოვრებელი აღდგება, ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდება, ქირას მერია დაუფარავს. დახმარების სურვილი ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმაც გამოთქვეს. 5 ოჯახს 500-500 ლარი კარიტასმა გადასცა, იმავე თანხას 10 ოჯახს აძლევს ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო, ტექნიკის შესაძენად 10 ათასი დოლარის გამოსაყოფადაა მზად ამქორი.

სტიქიამ რეგიონებიც დააზარალა. აღმოსავლეთ საქართველოში მოსულმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა, დაიხოცა შინაური პირუტყვი. გურჯაანში, სადაც შუაღამისას წვიმამ ახტალისა და ნავთის ხევის ადიდება გამოიწვია, დაზიანდა ცენტრალური გზა და წყალსადენი. ამას დაემატა ყვარლისა და ახმეტის რაიონებიც. ზარალი დათვლილი ჯერ არ არის, მაგრამ ამჟამინდელი ინფორმაციით, ხუთ მილიონ ლარს აჭარბებს.

როდესაც მშფოთვარე ღამემ გადაიარა, სამთავრობო სტრუქტურებმა, არასამთავრობოებმა და საზოგადოებამ მომხდარის შეფასება დაიწყეს.

სტიქიის დროს გამოჩნდა, რომ სამაშველო სამსახურმა თავდაუზოგავად იმუშავა. სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროდან გამოსული მძიმე ტექნიკაც. სულ 800-მდე ადამიანი მუშაობდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიას სარეზერვო ფონდის გაზრდაც მოუწია – 3 მილიონი ლარი გამოიყო პროგრამაში „ძველი თბილისის ახალი სოცოცხლე” გაწეული ეკონომიის ხარჯზე. მალევე მოგვარდა ელექტროენერგიის პრობლემა, რომელიც თბილისის გარკვეულ უბნებსა და კახეთში შეიქმნა. ჯანმრთელობისთვის საშიში არც თბილისის სასმელი წყალი გამხდარა.

რესურსების მობილიზაცია პოსტ ფაქტუმ მოხდა, როცა შედეგი უკვე დამდგარი იყო. ყველა თანხმდება, რომ სტიქიებისგან დაზღვეული არავინაა. განვითარებულ ქვეყნებში, უკეთესი ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, ხშირია ზარალი, მსხვერპლი – რიგ შემთხვევებში, გაცილებით დიდიც. ამ შემთხვევაში გაჩენილი კითხვები უკავშირდება შესაბამისი სამსახურების მუშაობას, პრევენციული ზომების არსებობა-არარსებობასა და, ზოგადად, ქალაქის და რეგიონების

სახლი, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი დაიღუპა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ინფრასტრუქტურის მზაობას სტიქიური მოვლენების დროს არსებული საგანგებო მდგომარეობისას.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელის ხელმძღვანელი რევაზ გეთიაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ სტიქიის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. მისი თქმით, აუცილებელია არსებობდეს წინასწარი მზაობა – საფრთხეების ცოდნა და მათი თავიდან აცილების გზების დაგეგმვა. თბილისში არსებობს 50-ზე მეტი ღვარცოფული ხევი, ათამდე მცირე მდინარე და 60-ზე მეტი მეწყრული ზონა. გარდა იმისა, რომ დედაქალაქზე ყველაზე დიდი ანთოპოგენული ზეწოლა მოდის, მას ასევე რთული გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა აქვს. ანუ თბილისში ბუნებრივი კატასტროფების რისკი მაღალია.

გეთიაშვილის შეფასებით, წყლის სამეურნეო სისტემები მოუწესრიგებელია. მერია, რომელიც გარკვეულ სამუშაოებს ატარებს, მზად მაინც არ აღმოჩნდა, რადგან ამ ხევების მუდმივი მონიტორინგი არ ტარდება. მისივე თქმით, ყველა წინაპირობა არსებობდა, რომ კოლექტორს წყალი არ გაეტარებინა. თბილისში უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახური, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს და პრევენციულ ზომებს მიიღებს.

არასამთავრობოების წარმომადგენელი თვლის, რომ ვითარება რთულია რეგიონებშიც, პრევენციული სამუშაოებისთვის განკუთვნილი თანხა კი არაადეკვატურად მცირეა – წლის განმავლობაში გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი. ეს მაშინ, როცა გარკვეული გამოთვლებით, სტიქიებისგან ეკონომიკა 150 მილიონი დოლარით ზარალდება.

ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე ამბობს, რომ სამსახური ასეთი ძლიერი წვიმის შესახებ წინასწარ მონაცემებს არ ფლობდა – იყო ხანმოკლე წვიმის და სეტყვის პროგნოზი, თუმცა არსებული მოდელები მსგავსი რაოდენობის ნალექს არ მოასწავებდა. შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. საბოლოოდ, თბილისში სამი საათის მანძილზე 93 მილიმეტრი ნალექი მოვიდა,

სახლი, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი დაიღუპა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მაგრამ ქალაქს უფრო ძლიერი წვიმებიც ახსოვს. მაგალითად, 2008 წლის სექტემბერში მოსული ნალექი 180 მილიმეტრზე მეტი იყო და ამან ფონიჭალაში საცხოვრებლების დატბორვა და მსხვერპლიც გამოიწვია.

ტაბულა დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური სამმართველოს უფროსს მერაბ გაფრინდაშვილსაც. მისი თქმით, ეს სამსახური მონიტორინგს უფრო ინტენსიურად რეგიონებში აწარმოებს და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ კახეთი სტიქიას სრულ მზადყოფნაში შეხვდა: რომ არა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები, ზარალი ბევრად დიდი იქნებოდა. რაც შეეხება თბილისს, პერმანენტული კვლევები აქ მხოლოდ გასული წლიდან დაიწყო – თუმცა სტიქიის ამჟამინდელი ეპიცენტრი შესწავლილი არ იყო. დღეისთვის თბილისში პრობლემური ადგილების დასათვალიერებლად სპეციალური ჯგუფია გასული.

რაც შეეხება თბილისის მერიას, აქ ირწმუნებიან, რომ ყველაფერი უარესად შეიძლება დამთავრებულიყო. მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის თქმით, გამართულად მუშაობდა კოლექტორი, რომელიც სიმაღლეში ოთხი, ხოლო სიგანეში შვიდ მეტრზე მეტია. ამასთან, მერია ფლობდა ინფორმაციას მოსალოდნელი ნალექის შესახებ, მაგრამ საევაკუაციო სამუშაოების აუცილებლობა არ ჩანდა. მისივე თქმით, ყველაზე მეტად დაშავებული საცხოვრებლების ნაწილი თვალისთვის შეუმჩნეველი იყო – იქ მოხვედრა მხოლოდ ავტოფარეხის გავლით შეიძლება – ამიტომ, მერიას ზოგი ასეთი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა. ამიერიდან ქალაქის მთავრობა აპირებს, „წესრიგი დაამყაროს” – გარკვეული დახმარების სანაცვლოდ, მოსახლეობა უკანონო მშენებლობებიდან გამოიყვანოს.

მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ ქალაქში ბევრი პრობლემაა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება კი დიდ თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, ქალაქის მთავრობა ამ საკითხებზე მუშაობს – უკვე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, წარსულში სახიფათო ადგილებში პრობლემა აღარ შექმნილა.

კიდევ ერთი თემა პასუხისმგებლობის საკითხია. ხიზანეიშვილის თქმით, სამართალდამცველები მომხდარს სწავლობენ და გამოიძიებენ, ტრაგედიაში კონკრეტულად ვინმეს ხომ არ მიუძღვის ბრალი.

კომენტარები