შავი ზღვა

'ზღვა და საზღვარი'

0 კომენტარი

'სანთლის გუთანს გავაკეთებ.
შიგ შევაბამ უღელ დევსა,
ზღვაში ვხნავ და ზღვაში ვთესავ,
მშრალზე ვინადირებ თევზსა'.

ხალხური

ენათმეცნიერი არ ვარ, არც ვალოდია ნებიერიძე, ცნობილი ქართველი მწერლის რომანის პერსონაჟი და გამიჭირდება მტკიცება, რომ სიტყვა „ზღვარი” ან „საზღვარი” „ზღვისგან” იყოს ნაწარმოები, მაგრამ ყველანი დამეთანხმებით ამ სიტყვების ფონეტიკურ მსგავსებაში. ფონეტიკური მსგავსებიდან კი ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ: ქართული ენის მატარებლისთვის ზღვა საზღვარზე, აკრძალულ ზონაზე, საშიშ სივრცეზე მიუთითებს. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ზღვის ნაპირზე ეცხოვროს და მისთვის ზღვა ისეთი უმნიშვნელო რამ იყოს, როგორიც ჩვენთვის, ქართველებისთვისაა. ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ზღვა ერთი ნაბიჯით უკან იხევს, როცა ფრიქსე, ბერძენი უფლისწული, კოლხეთის მიწას ადგამს ფეხს. უკან დახევა შეიძლება ასე გავიგოთ: ზღვას მოჰყავს სტუმარი, ამ სტუმარს სიკეთე არ მოაქვს, მისი უკან დახევა ავის მომასწავებელია. ქართულ მწერლობაში იშვიათად წავაწყდებით ზღვაოსანს, როგორც ნაწარმოების გმირს. რუსთაველის ფრიდონი, როგორც ზღვაოსანი, ზღვის მკვიდრი, პოპულარობით ბევრად ჩამოუვარდება მის ორ მეგობარს. პოემაში მისი როლი საკმარისად მარგინალურია. ის მესამე, ძმობის ყველაზე ბოლოს შემოერთებული, წევრია. ვიცით მისი „ამბავი,” მაგრამ არც მისი „ანდერძი” გვიფორიაქებს სულს და არც მისი სასიყვარულო ისტორია გვიდაღავს გულ-ღვიძლს. ნოდარ დუმბაძის შესანიშნავ მოთხრობაშიც, „HELLADOS”, ნაწარმოების პროტაგონისტს, ბერძენ ყმაწვილს, იანგულს, რომელიც სოხუმის მკვიდრ ბერძნებთან ერთად წინაპრების სამშობლოში, საბერძნეთში, მიემგზავრება, დამხრჩვალს ზღვა უკან – საქართველოში (აფხაზეთში) – გამორიყავს. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მთავარი პერსონაჟებიც, მამა-შვილი ივანე და ნიკო, პალიასტომის ტბაში იხრჩობიან, ტბაში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა შავი ზღვის აპენდიქსი. თვით „პალიასტომის ტბის” წარმოშობის ლეგენდაც ზღვის მიმართ შიშს აღძრავს.

ზღვა მტერია, ზღვის ჰავა ნესტიანი და მავნე. ზღვისგან მონაბერი ქარიც კი სიმტკიცესა და გამბედაობას გვართმევს. ამიტომ უმჯობესია, მისგან შორს იყო ან იცხოვრო მის გვერდით და ის საერთოდ არ შეამჩნიო. ზღვას მთა გვირჩევნია. მთაა ჩვენი სამშობლო. ფილოსოფოს სერგი დანელიას ერთმა მეგრელმა მწყემსმა უთხრა: „მთაა ყველაფერი”. ქართველის წარმოდგენაში მთა ცოცხალია, ის ჰილოძოისტური-ცოცხალი არსებაა: „დღემ დაიხურა პირ-ბადე, მთებმა დახუჭეს თვალები”, “ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი”, „იდგნენ და ელოდნენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი” (ვაჟა-ფშაველა), „გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო” (ნ. ბარათაშვილი). “სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა” (ი. ჭავჭავაძე). მთა გარკვეულობაა, ზღვა ბუნდოვანება. ჩვენს წარმოდგენაში მთიდან მოდის ვაჟკაცობა, რაინდული ეთიკა, შეუდრეკელობა და შვილის არდამნდობი სამართლიანობაც. სულაც არ არის გასაკვირი ქალაქის მკვიდრთა პერმანენტული ლტოლვა ფშავ-ხევსურეთისაკენ და დედაქალაქის თავს დატეხილი, მოდერნიზებულ ფშავ-ხევსურულ ლექსსა და მუსიკალურ მოტივზე შექმნილი სიმღერების პოპულარობა, რომლის მოსმენა ყველაზე ფარისეველ ქართველ ინტელექტუალსაც კი აღუძრავს სენტიმენტებს.

ბერძნები ტყუილუბრალოდ როდი უწოდებდნენ შავ ზღვას Ἄξεινος Πόντος – „არასტუმართმოყვარე ზღვას”. ზღვას ქართველი ერიდება, ეგებ ამის მიზეზი წარღვნის განდევნილი მეხსიერებაა; ხომ არსებობს ვარაუდი, რომ შავი ზღვის ნაპირები ძველი ცივილიზაციის ნაშთებს ინახავს, რომლის გადარჩენილი ნაწილიც შესაძლოა ჩვენ, ქართველები, ვიყოთ. მეგრელები წყევლაში ზღვას ხშირად იყენებენ: „უჩა ზღვას გელაფედა”, “შავ ზღვაში ჩავარდნილიყავ”, თითქოს სიავის სურვებისათვის ენგური და ტეხური არ იყოს საკმარისი. შესაძლოა, „ზღვის მოშინაურება” თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უმთავრესი პრობლემაც კი იყოს. მოშინაურების პროცესი კი დაწყებულია. ჩვენ ვხედავთ ზღვის კომერციალიზაციას, რომელიც საზოგადოების ლიბერალიზაციასთან ხელიხელჩაკიდებული მიდის. მახსოვს ღრმა ბავშვობაში წაკითხული ერთი მოთხრობა, სადაც მეგრელი გლეხი, ზაფხულის ხვატში კონსერვატულად ჩაცმული, სანაპიროს მიუყვება. დარცხვენილი თვალს არიდებს სანაპიროზე წამოწოლილ ლამის შიშველ ქალებს. საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მსგავსად არასოდეს მოიქცევა, ბოლოს თვითონაც იხდის და მზეს მიეფიცხება. დღეს “გარუჯვა” და „ნარუჯი” კეთილდღეობის, მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელი გახდა, ხოლო იქ მიღებული არაორთოდოქსული პრაქტიკა Facebook-ის უმთავრესი თემა, გადახდილი ფული – ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკური აღმავლობა.

ზღვა ლიბერალიზმია, მთა კონსერვატიზმი. მთა წმინდაა, მთა ეკლესიაა (შარდენი აღნიშნავს, რომ „ქართველებსა და, აგრეთვე, სხვა ქრისტიანებს, რომელნიც საქართველოს ჩრდილოეთითა და დასავლეთით ცხოვრობენ, ერთი უცნაური ჩვეულება აქვთ. თავიანთ ეკლესიებს აშენებენ უმეტეს წილად მთის წვერებზე, განშორებულ და თითქმის მიუდგომელ ადგილას”. ჟ. შარდენი, „მოგზაურობა საქართველოში”, სახელგამი 1935, გვ.87). ჩვენთვის, ქართველებისათვის, თვით მთაც ეკლესიაა, ბუნების მიერ აშენებული ეკლესია. ზღვა ცდუნება და ავხორცობა. მართალია, მთის კომერციალიზაციასაც სტარტი აქვს აღებული, „თეთნულდი” უკვე აღარ არის ქალწული (შალვა დადიანის პიესაში „თეთნულდი”: „თეთნულდი მიუვალია! თეთნულდს ჯერ კაცის ფეხი არ გაჰკარებია! თეთნულდი სპეტაკია! თეთნულდი წმინდაა! შეუხებელია თეთნულდი! მიუვალია თეთნულდი!” შ. დადიანი, ტ.IV, საბჭოთა საქართველო, გვ.117.), მაგრამ ზღვისა და მთის ოპოზიციას ჯერ არ დაუკარგავს ძალა. ამიტომ მართებულია კითხვა: ვინ გაიმარჯვებს ამ ჭიდილში? ზღვა თუ მთა? შედეგმა შესაძლოა განსაზღვროს ჩვენი ხვალინდელი დღე. ხვალინდელი დღე კი ჩვენგან მოითხოვს სივრცის ხელახალ გადააზრებას, ზღვის ათვისებას, ზღვის შიშის – „თალასოფობიის” – დაძლევას.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები