იტალია

ადგილობრივ არჩევნებზე წამყვანმა პარტიებმა ხმების ნახევარი დაკარგეს

0 კომენტარი

ბეპე გრილო ფოტო: REUTERS
მაისის დასაწყისში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა იტალიის ტექნოკრატიული მთავრობის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები კიდევ ერთხელ აჩვენა. ცენტრისტული მემარჯვენე კოალიციის წევრების პოზიციები, შედეგების თანახმად, საკმაოდ შერყეულია, რისი მიზეზიც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკით განაწყენებული მოსახლეობაა. მოქალაქეთა ამ სეგმენტმა ან მემარცხენე ძალებზე გააკეთა არჩევანი, ან უბრალოდ, კენჭისყრაზე არ გამოცხადდა. აშკარაა, მარიო მონტის მთავრობას 2013 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის დიდი თავსატეხი გაუჩნდა.

იტალიელებმა ხმა ქვეყნის მასშტაბით ცხრაასზე მეტ ქალაქში მისცეს. შედეგად, არჩევნებში ქვეყნის საერთო მოსახლეობის 20%-ს შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია მემარჯვენე ძალებისთვის: კოალიციის წევრმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა (ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის) თავისუფლების ხალხისა (PDL) და მემარცხენე-ცენტრისტულმა, დემოკრატიულმა პარტიებმა (PD) თავი არადამაჯერებლად წარმოაჩინეს. PDL-მ თუ 2008 წლის არჩევნებში 37,6% აიღო, დღეს მისი საშუალო მაჩვენებელი 11,6%-ს შეადგენს. PD-ის შემთხვევაში, ხმათა 33,9% დავიდა16,4%-მდე.

დიდი იყო დანაკლისი ჩრდილოეთის ლიგისთვისაც: მისმა მხარდაჭერამ 6,4%-დან 2,7%-მდე იკლო. ყველაზე სუსტი მაჩვენებელი თავისუფლების ხალხის პარტიამ აჩვენა. შედეგად, მართალია, საერთო ჯამში დემოკრატიული პარტია ჩაითვალა გამარჯვებულად, თუმცა 26 ქალაქში მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიებმა 37%-ზე მეტი აიღეს.

არჩევნების კიდევ ერთი თავისებურება არატრადიციული, საპროტესტო ძალების გააქტიურებაა. მათ შორის ლიდერობს ცნობილი ბლოგერის, ბეპე გრილოს მიერ დაფუძნებული მოძრაობა 5 ვარსკვლავი. მან ჩრდილოეთის ლიგაზე უკეთესი მაჩვენებლით დაასრულა კენჭისყრა (7,1%). კომიკოსი პოლიტიკური აქტივისტის წარმატების მიზეზი მისი ევროსკეპტიციზმი გახდა: იგი ევროზონის დატოვებას ქომაგობდა.

ტრადიციული, მემარჯვენე პარტიების წარუმატებლობის მიზეზი არაპოპულარული ზომების მიღება გახდა. ნოემბერში ტექნოკრატიული მთავრობის არჩევა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების სურვილმა განაპირობა. თუმცა ფასების მომატებამ და დანახარჯების და პენსიების შემცირებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად, კრიზისის ფონზე მოსახლეობისთვის მიცემული პოპულისტური დაპირებები უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა.

პრემიერმინისტრი მარიო მონტი ფოტო: REUTERS
რიგითი მოქალაქეების ნეგატიურ განწყობაზე მეტყველებს მათი აქტივობაც – ხუთი წლის წინ ჩატარებულ მსგავს არჩევნებში, ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენდა, დღეს კი 67%-მდეა ჩამოსული.

PDL-ის მესვეურებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მათი პარტიის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ტექნოკრატიული მთავრობისადმი მხარდაჭერა გახდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ მომავალი არჩევნებისთვის მემარჯვენე ძალამ შეიძლება კოალიციისგან თავი შორს დაიჭიროს. ამასთან ერთად, პოლიტიკური ძალის წევრები და, რაც მთავარია, მისი ყოფილი ლიდერი ბერლუსკონი სკანდალებში იყვნენ გახვეულნი. მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას ჩრდილოეთის ლიგაც: მისი ყოფილი ხელმძღვანელის, უმბერტო ბოსის ოჯახს პარტიის ფინანსების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები