ჩიკაგოს სამიტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატოს სამიტის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩიკაგოში გამართული ნატოს სამიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო როგორც ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოთა, აგრეთვე "ასპირანტი" ქვეყნების, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან, ფორმატში გამართულ ყველა შეხვედრაში.

განცხადებაში მითითებულია, რომ სამიტის დეკლარაციაში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხები. კერძოდ, ალიანსის წევრების ძლიერი მხარდაჭერა ალიანსში გაწევრიანების მსურველი პარტნიორების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აგრეთვე, მათი მხრიდან გამოქმული მზადყოფნა ასპირანტი ქვეყნების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ.

”სამიტის დეკლარაციის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ "საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.” განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მოკავშირეები მიესალმებიან, ბუქარესტის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით, რეფორმების, წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის შედეგად. მოკავშირეებმა მადლიერება გამოხატეს "ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო, განსაკუთრებით, ავღანეთის ოპერაციაში მისი კონტრიბუციის გათვალისწინებით. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია საქართველოში 2012 და 2013 წლებში თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა.” - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა უწყების ვებგვერდზე აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა და მიესალმნენ საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას.

”მოკავშირეებმა კვლავ მოუწოდეს რუსეთს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ. მათ კვლავ მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებები. ხაზი უნდა გაესვას, რომ მოკავშირეებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სამხედრო ინფრასტუქტურის მშენებლობის საკითხზე და მოუწოდეს რუსეთს უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე.” - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები