მოდა

პროექტი პოდიუმი

ამბობენ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი მოსაწვევები მოდის ჩვენებებისთვის პრადას და ჟივანშის აქვთ, ხოლო ყველაზე პომპეზურ შოუს, ტრადიციულად, შანელის სახლი აწყობს. დარწმუნებით მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ამის მტკიცება, თუ რომელიმე მათგანი კოლექციის ჩვენებაზე მიგვიწვევს. სულ სხვაა გარეტ პიუ – მის შოუზე დასასწრებად მოსაწვევი სრულიად არ გვჭირდება. რეჟისორის, რუთ ჰოგბენის დამსახურებით, პიუს მუქ, აეროდინამიკურ და პოსტაპოკალიპტურ სამყაროში შესვლა იოლია. დიდი ეკრანის და მყუდრო გარემოს წყალობით გარეტის ახალ კოლექციაში თავად ვხდებით შოუს მონაწილეები. დამატებითი ბონუსი: შეხვედრის ადგილისა და დროის შერჩევა თვითონვე შეგვიძლია. ასეა – ოცდამეერთე საუკუნეში პოდიუმთან ახლოს ყოფნა, დიზაინის ესთეტიკასთან საზიარებლად, საჭიროა არაა.

თუმცა, აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ყველა დიზაინერი არ იყენებს. ამიტომ, დღესაც, როცა საქმე მოდის ჩვენების მოწყობას ეხება, ადგილი ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ქმნის იმისთვის, თუ როგორ მიიღებს მაყურებელი კოლექციას. ცუდად მოწყობილი პოდიუმი, ურიგო განათება და ძალიან კარგი ნამუშევარიც კი, შესაძლოა, მაყურებლის ყურადღების მიღმა დარჩეს. პოდიუმის ფაქტორი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პირობებში. ჩვენთან შოურუმების მოწყობა ყოველთვის არ ხერხდება. საზოგადოებას ხანდახან მხოლოდ ჩვენების დროს ეძლევა ახალი კოლექციების დათვალიერებისა და შეფასების საშუალება.

გარეტ პიუ. გაზაფხული-ზაფხული 2012
ფოტო: REUTERS
რთულია, გამოიცნო, რა შთაბეჭდილებებს იღებდნენ მოდის ჩვენების სტუმრები რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა მას ჯერ მუსიკაც არ გასდევდა ფონად და მოდელები პოდიუმზე ნომრებით ხელში გამოდიოდნენ. მაშინ, ალბათ, ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ ჩვენებაში ერთადერთი მთავარი რამ სამოსია. დღეს კი დიზაინერებს კარგად ესმით – სამოსის წარმოსადგენად სწორი გარემოს შერჩევა მისი აღქმის ძირითადი წინაპირობაა. მაგალითად, დათუნა სულიკაშვილის ჩვენებებზე მიღებული ემოცია მხოლოდ აძლიერებს მისი ახალი კოლექციის მიმართ არსებულ ინტერესს. გასულ წელს თბილისის აეროპორტის რკინიგზის სადგურზე მოწყობილი პოდიუმით დიზაინერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემოქმედებითად არამხოლოდ სამოსის შექმნას უდგება. სამწუხაროა, რომ ქართველი დიზაინერების დიდი ნაწილი ამ მიდგომას არ იზიარებს და შოუს მოწყობაზე მინიმალურ ფანტაზიას იყენებს.

სწორედ მოდის ჩვენებაა მულტიმილიარდიანი ინდუსტრიის მამოძრავებელი ძალა, პოდიუმი კი ათვლის წერტილი, რომლიდანაც უზარმაზარ აუდიტორიასთან კავშირის დამყარება იწყება. დღეს რთულია იმის წარმოდგენაც კი, რომ მოდის ჩვენებას მხოლოდ საუკუნის ისტორია აქვს – 1903 წელს ნიუ იორკში Ehrlich Brothers-ის მაღაზიაში მოწყობილი შოუს

კორეული კოსტიუმების წყალქვეშა „დეფილე”
ფოტო: REUTERS
შემდეგ, ის ნელ-ნელა ხდებოდა მეინსტრიმი. 1911 წელს პოლ პუარეს ჩვენებამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ხოლო 20-იანებიდან კოლექციის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენამ თეატრალური დატვირთვაც მიიღო. იქამდე, კარგა ხნის განმავლობაში, ეს პროცესი საკმაოდ მოსაწყენი იყო – პარიზის სალონები, სტუმრების მცირე რაოდენობა, რამდენიმე დამხმარე ქალი, რომლებიც მათ ახალ მოდელებს უჩვენებდნენ...

90-იანებიდან დიზაინერებმა ახალ სივრცეებზე, პოდიუმის განსხვავებულ გარემოში მოწყობაზე დაიწყეს ფიქრი. ექსპერიმენტებს ექსცესის გარეშე არ ჩაუვლია. „ჩვენ გვიყვარს მოდა, მაგრამ არ გვინდა სიკვდილი” – ასეთი იყო რეაქცია მაიკლ კორსის ჩვენებაზე, როდესაც სხვენში მოწყობილ პოდიუმზე მოდელს ჭერიდან ჩამოვარდნილი ბათქაში მოხვდა თავში, რამდენიმე მწერალს კი ფეხებთან დაუვარდა, რის შემდეგაც დანარჩენმა საზოგადოებამ გასაქცევს დაუწყო ძებნა. დღეს მსგავსი რამ თითქმის არ ხდება, არც გენერატორი ითიშება ნახევარი საათით და სტუმრებს სიგარეტის სანთებელებით ხელში სიბნელეში ჯდომას არ აიძულებს. თუმცა 21-ე საუკუნეში ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. მართალია, უსაფრთხოება დაცულია, მაგრამ ჩვეულებრივი, შენობაში მოწყობილი პოდიუმი უკვე, ცოტა არ იყოს, ძველმოდურ და მოსაწყენ ადგილად

ვერტიკალური ჩვენება. ნიუ იორკი
ფოტო: REUTERS
გადაიქცა.

ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ Target-ის მაღაზიების ქსელმა 2005 წელს ნიუ იორკში, როკფელერის ცენტრის ცხრასართულიანი შენობის კედელზე ვერტიკალური შოუ მოაწყო. ახალი კოლექციიდან სამოსი აკრობატებმა წარმოადგინეს. გასულ წელს ეს იდეა თბილისის მოდის კვირეულზეც წარმატებით განხორციელდა, როცა შერატონ მეტეხი პალასის სახურავიდან მოდელები კედელზე დაეშვნენ და ასე მოახდინეს სამოსის დემონსტრირება. მართალია, ასეთი ექსტრემალური შოუს პირობებში ყველაზე ბოლოს სწორედ კოსტიუმებს ამჩნევენ ხოლმე, მაგრამ მსგავსი იდეები ჩვენებას მხიარულ და ორიგინალურ მუხტს აძლევს.

ბოლო ხანებში, უცხოელი დიზაინერები სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ, ჩვენებები გრან პალეს მსგავს ადგილებში გამართონ. პიერ კარდენი პოდიუმს შუა უდაბნოში აწყობს და ამით კლიშეების დამსხვრევას ცდილობს. კლიშეებს რაც შეეხება, ის ყველაზე ნაკლებად ალბათ შანელის მოდის სახლში უყვართ – მათი მოდელები ხან აუზთან წარმოადგენენ

60-იანი წლების ჩვენება
ფოტო: REUTERS
კოლექციას, ხანაც პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდან იწყებენ დეფილეს. ახალგაზრდა დიზაინერები კი ყველა შესაძლო ადგილზე ახდენენ ავანგარდული იდეების რეალიზებას – ეკლესიაში, ქუჩაში, მეტროს ვაგონში, მდინარის ხიდზე... წყალქვეშა „დეფილეს” მოწყობა აუზებსა და აკვარიუმებში ორიგინალურობის კულმინაცია იქნებოდა, რომ არა კარლ ლაგერფელდის უშრეტი ფანტაზია – 2008 წელს მან Fendi-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებისას პოდიუმი ღია ცის ქვეშ, პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელზე მოაწყო.

დიზაინერებისა და ღონისძიების მენეჯერთა დაუღალავი მცდელობის მიუხედავად, ალბათ ძალიან რთულია, პოდიუმი იმაზე უფრო საინტერესო ადგილად იქცეს, ვიდრე ახლაა. უკვე ყველაფერი ვნახეთ – თეატრალიზებული წარმოდგენებიდან დაწყებული, მეტროს ვაგონამდე. უფრო მეტიც, ინტერნეტის როლის ზრდასთან ერთად, ცოცხალი ჩვენებების მოწყობა თავის ხიბლს სულ უფრო კარგავს. ის, რასაც გარეტ პიუ აკეთებს ვიდეოინსტალაციებით, შესაძლოა, პოდიუმის ევოლუციის დასასრულიც იყოს. თუმცა ნეგატიური, ამაში, შესაძლოა, არც არაფერია. კიბერსივრცეში მოდა ხომ უფრო დემოკრატიული ხდება.

კომენტარები