ანგარიში

რუსეთი აშშ–ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ან­გა­რი­შში

მაისს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

სხვა ქვეყნებთან ერთად დოკუმენტში მოხსენებულია 2011 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რუსეთის ფედერაციაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები. მთავარ საკითხად დასახელებულია გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთის 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას დაფიქსირებული დარღვევები ”ყველაზე ცხადი მაგალითია დემოკრატიული პროცესის დარღვევისა”.

”რუსი და საერთაშორისო დამკვირვებლები მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში სახელმწიფოს მთავრობის ჩარევას, მანიპულაციებსა და დარღვევებზე. აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, არჩევნებში თავიანთი კანდიდატების დარეგისტრირებაზე, მედიასაშუალებებზე ხელმისაწვდომობისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების არარსებობაზე”. - ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე, რუსეთის სასამართლოსა და სამართალდამცავ სისტემაში არსებულ დარღვევებზე. ქვეყანაში სასჯელაღსრულების სფეროში არსებული ვითარება ანგარიშში ცალკე სახით არის წარმოდგენილი როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტი.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შემდეგი შინაარსის გზავნილს გადასცემს: ”ჩვენ თვალს გადევნებთ და მოგიწოდებთ, პასუხი აგოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ანგარიში აგრეთვე, ატყობინებს რიგით მოქალაქეებს, რომ ისინი მარტონი არ არიან, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.”

 

კომენტარები