საქართველოს რკინიგზის აქციების ბირჟაზე განთავსება გადაიდო

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს რკინიგზის აქციების განთავსება გადაიდო.

გადაწყვეტილება ბირჟაზე ინვესტორთა დაბალი აქტივობითაა გამოწვეული. ამას გარდა, ის უკავშირდება ბაზრის მერყეობასა და მოლოდინს, რომ, შესაძლოა, საბერძნეთმა ინვესტორები აქციებში ფულის ჩადებისგან შეაფერხოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში Facebook-ის აქციები დაეცა. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ Facebook-ის პრობლემასა და რკინიგზის გაყიდვის გადადებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, რადგან საქართველოს სამიზნე განსხვავებული ინვესტორები იყვნენ - „მაგრამ, ამასთანავე, ყველა ინვესტორი, ვინც თავდაპირველი საჯარო შეთავაზებითაა დაინტერესებული, იმედგაცრუებული დარჩა Facebook-ის შემდგომ“.

გილაურისვე თქმით, ბაზარზე შექმნილი სიტუაციის გამო, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფასი მაღალი არ იქნებოდა. კომპანია მაშინვე განაგრძობს საჯარო შეთავაზებას, როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცოტა ხნის წინ გაკეთებული განმარტებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” აქციების არაუმეტეს 25%-ის განთავსება იგეგმებოდა. ამავე განცხადების მიხედვით, მთავრობა აწარმოებდა საფონდო ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას, რათა დარწმუნებულიყო, რომ საქართველოს რკინიგზის აქციების განსათავსებლად, საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი ვითარებაა.

გავრცელებული ცნობით, "საქართველოს რკინიგზა” 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. აქციების განთავსების შედეგად მთავრობა 250 მილიონი დოლარის გამომუშავებას გეგმავდა.

 

კომენტარები