ფოკუსი

თავისუფლების იმპერია არჩევანის წინაშე

ფოკუსი

თავისუფლების იმპერია არჩევანის წინაშე



ფოტო:
REUTERS

'კოსმოსურმა ხომალდმა Discovery-მ ვაშინგტონის ცას სამი წრე დაარტყა და ასე დაგვემშვიდობა. შემდეგ დალასის აეროპორტში დაეშვა და მუზეუმში დაიდო ბინა. სანახაობას დედამიწიდან ათასობით აღფრთოვანებული და ამაყი თვალი შესცქეროდა. ისინი ელეგანტური სამგლოვიარო მარშის მომსწრენი გახდნენ', – ასე იხსენებს ამერიკელი პოლიტიკური კომენტატორი, ჩარლზ კრაუტჰამერი 17 აპრილის დილას, როცა თავისი კაბინეტიდან ჩემთან ერთად ცდილობდა ბოინგ 747-ის ზურგზე დასვენებული ვეტერანი ხომალდის დანახვას.

თან ვსაუბრობდით. ჩემი მასპინძელი ხან ერთ ფანჯარას მიუახლოვდებოდა, ხან მეორეს იმ იმედით, რომ თვალს მოკრავდა. აივნები ხალხით იყო სავსე. ამ დროს დავინახე – სახლების თავზე. “შენ იპოვე! შენ აქაურიც კი არ ხარ… მე მგონი უნდა ახსენო სტატიაში, რომ ეს ის დღეა, როცა Discovery დაგვემშვიდობა”, – მირჩია მან. მაგრძნობინა, რომ რაღაც უფრო დიდი ხდებოდა, ვიდრე მეგონა.

ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორი – ასე მოიხსენიებს ჩარლზ კრაუტჰამერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი. ამერიკული ჟურნალი National Review მას ობამას მთავარ კრიტიკოსს უწოდებს. ზოგადად, ყველა თანხმდება, რომ ის ამერიკელი კონსერვატორების ინტელექტუალური საყრდენია.

თავად, პოლიტიკურ ფილოსოფოსებს შორის ჯონ სტუარტ მილს არჩევს, საყვარელი მწერალი ბორხესია, ინსპირაციის წყაროდ ისაია ბერლინის წიგნს ასახელებს, სათაურით “ოთხი ესე თავისუფლებაზე”. როგორც თვითონ ამბობს, ამ ავტორის გავლენით იოლად აიცრა 60-70-იან წლებში გამეფებულ მემარცხენე რადიკალიზმზე.

დღეს თავს ნეოკონსერვატორად მიიჩნევს, თუმცა დემოკრატად დაიწყო. განსხვავებას ნეოკონებსა და კონსერვატორებს შორის ასე განმარტავს: “ნეოკონსერვატორები ყოფილი დემოკრატები არიან, რომლებიც რეალობამ კონსერვატორებად ჩამოაყალიბა. თუ ჰკითხავ, ვის მისცა ხმა 1964 წელს, ნეოკონსერვატორი გიპასუხებს, რომ ლინდონ ჯონსონს, კონსერვატორი – ბარი გოლდუოტერს. ესაა განსხვავება”.

დაიბადა ნიუ იორკში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში, რომელთაც ერთმანეთი კუბაში გაიცნეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დედა წარმოშობით ბელგიიდან იყო, ხოლო მამა – საფრანგეთის მკვიდრი უკრაინელი. შემდეგ, ოჯახთან ერთად, კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. C-SPAN-თან საუბარში იხსენებს, რომ მამამისი 9 ენაზე საუბრობდა, ხოლო გარდაცვალების წინ, ყველა ენაზე – ერთდროულად.

განათლებით ფსიქიატრია, ჰარვარდის სამედიცინო სკოლა დაამთავრა. მაგრამ, მანამდე პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობდა. გარკვეული დრო ოქსფორდში დაჰყო, როგორც თავად აღნიშნავს – არასერიოზულად. “იქ ყველა ამერიკელი გასართობად მიდის… შესანიშნავი ქვეყანა, ახალი გამოცდილება, დროის სატარებლად მიგიწევს გული”. მოგვიანებით ისევ პოლიტიკას დაუბრუნდა.

ამბობს, რომ მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ერთი პროფესია მეორესთან გამკლავებაში არ ეხმარება – “ფსიქიატრიას ადამიანის სულში ჩაწვდომა არ შეუძლია. მე და თქვენ პოლიტიკოსთა მოტივაციის გაანალიზების თანაბარი უნარი გვაქვს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ამ დარგის ცოდნა გეხმარება უკეთ აღიქვა, რა ამოძრავებთ ადამიანებს… სულ ტყუილად”, – პასუხობს ჟურნალისტს.

თუმცა ფსიქიატრიამ სხვა ვითარებაში უშველა – სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლისას უბედურება შეემთხვა. ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის აუზში გადახტა, თავი ფსკერს დაარტყა და, როგორც თვითონ ხუმრობს, “არაფერი დაუზიანებია, ხერხემლის გარდა”. შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა ეტლს მიეჯაჭვა. “ბედის ირონიაა, რომ აუზზე წიგნს ვკითხულობდი ნეიროანატომიის შესახებ, – იხსენებს კრაუტჰამერი 40 წლის შემდეგ, – ზუსტად მივხვდი რა მოხდა, იმ წამსვე, როცა მოხდა. შედეგიც ვიცოდი და ისიც, თუ რა მელოდა წინ. ეს ერთგვარი შველა იყო, იმიტომ რომ ილუზიების ტყვეობაში არასოდეს ვყოფილვარ”.

აცნობიერებდა, რომ ორი არჩევანი ჰქონდა – დანებებოდა, ან არ შეემჩნია. “გადავწყვიტე მეცადა, უბედურ შემთხვევას ჩემს ცხოვრებაზე გავლენა არ მოეხდინა. გამიმართლა, რომ ფსიქიატრია მედიცინის ერთადერთი დარგი აღმოჩნდა, რადიოლოგიასთან ერთად, რისი დაძლევაც ფიზიკურად შემეძლო. ასე რომ, არ გავჩერებულვარ”. საავადმყოფოში მეცადინეობდა, იმის გამო, რომ ჰარვარდის ჰოსპიტალში იწვა, ლექტორებიც იქვე აკითხავდნენ. ექიმის ხარისხი შეუფერხებლად მიიღო.

სპორტი ენატრება. იხსენებს, რომ სანამ ეტლში აღმოჩნდებოდა, მისი დროის 80% სპორტს მიჰქონდა. მაგრამ, როგორც თავად ამბობს – “ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. ჩემი განსაკუთრებით აშკარაა და მძიმე, მაგრამ არასოდეს მიკითხავს – რატომ მე?! რატომაც არა? ყველას თავისი ტრაგედია აქვს. მე ჩემი ადრე შემემთხვა”.

აქტიური სპორტული ცხოვრება ჭადრაკით ჩაანაცვლა. კაბინეტშიც აქვს დაფა გაშლილი.

საკუთარ თავს მორწმუნედ არ მიიჩნევს, თუმცა ებრაული ტრადიციებით აღიზარდა. ამბობს, რომ სკეპტიკოსია და არა ათეისტი. თვლის, რომ ათეიზმი ყველა რელიგიაზე უარესია. “ადამიანს უნდა აინტერესებდეს ახსნას, როგორ გაჩნდა სამყარო. იმის მტკიცება, რომ ყველაფერი თავისით გაჩნდა, უცნაურია”, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.

უნდა, რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს, იმისთვის რომ ნახოს რა მოხდება. სიკვდილის უარყოფით მხარესაც ამაში ხედავს – “გაქრები და ვერ გაიგებ რა მოხდა ახლო აღმოსავლეთში, რა მოუვიდა ყველაფერს, რაც ასე გაინტერესებდა”.

1978 წელს ფსიქიატრია მიატოვა და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში აღმოჩნდა, ვიცეპრეზიდენტის, უოლტერ მონდეილის თანაშემწედ – მის გამოსვლებს წერდა. ორ წელიწადში კარტერმა რეიგანთან წააგო არჩევნები და უმუშევრად დარჩენილი კრაუტჰამერი დათანხმდა შემოთავაზებას, ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალის New Republic-ის კონტრიბუტორი გამხდარიყო.

ასე დაიწყო მისი ჟურნალისტური კარიერა. შემდეგ გამოჩნდა TIME-ი, Washington Post-ი. დღეს, პულიცერის პრემიის ლაურეატი ავტორი ყოველკვირეულად 275 გამოცემაში ქვეყნდება მსოფლიოს მასშტაბით. ამას გარდა, ყოველ საღამოს მონაწილეობს სატელევიზიო შოუში FOX-ზე.

იმისთვის, რომ დაწეროს, ჯერ გეგმას აწყობს. როცა სტრუქტურა მზადაა, მოყოლას იწყებს, თითქოს მეგობრებს ელაპარაკება. შემდეგ საათობით არედაქტირებს და “აპრიალებს”.

“ოპოზიციის კეთილი ლიდერი”, როგორც მას Politico უწოდებს, არა მხოლოდ მიმოიხილავს პოლიტიკას, არამედ თავად განსაზღვრავს დისკუსიის კალაპოტს. ის თანმიმდევრულია, დახვეწილი და ზუსტი. პირველად ყურადღება 1985 წელს მიიპყრო, მაშინ როცა TIME-ის ფურცლებზე “რეიგანის დოქტრინა” აღწერა, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის შეკავების პოლიტიკიდან, მისი უკუქცევის პოლიტიკაზე გადავიდა და მსოფლიოს მასშტაბით ანტიკომუნისტური მოძრაობების დახმარება დაიწყო.

კრაუტჰამერის დამკვიდრებულია “ბუშის დოქტრინაც”, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღისა და თვითმკვლელი ტერორიზმის ერაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს განსაზღვრავს. ბირთვული ტერაქტის თუნდაც ერთპროცენტიანი რისკი არ უნდა დაიშვას. უშუალო საფრთხეების განეიტრალება პრევენციულ სამხედრო ზომებს საჭიროებს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. აუცილებელია იმ ნიადაგის მოშლა, რომელიც სასოწარკვეთას, აგრესიას და რადიკალიზმს წარმოშობს. ეს კი თავისუფლების გავრცელების გარეშე შეუძლებელია.

ამ მიზნების მისაღწევად, ამერიკამ უკან არ უნდა დაიხიოს, თუნდაც, ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს და უნილატერალურად ანუ ცალმხრივად მოუწიოს მოქმედება. “უნილატერალიზმი არ ნიშნავს მარტოდ მოქმედების სურვილს. თუ ეს შესაძლებელია, სხვებთან შეთანხმებით მოქმედებ. უნილატერალიზმი გაზღვევს, რომ სხვების მძევალი არ გახდე. არცერთი უნილატერალისტი იტყვის უარს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით… მაგრამ, რას იზამ, თუ ის მხარს არ დაგიჭერს? უარს იტყვი შენი სასიცოცხლო ეროვნული და საერთაშორისო ინტერესების დაცვაზე?” – წერდა კრაუტჰამერი 2002 წელს, National Interest-ში.

იდეალისტია, მსოფლიოს დემოკრატიზაცია, მისი შეცვლა სურს, თვლის, რომ უკეთესი მსოფლიო ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია. სჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ამერიკას შეუძლია ძალის გამოყენებით. გაეროსა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების შესაძლებლობებზე ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს.

ძირითადად, ეს განასხვავებს ნეოკონების საგარეო პოლიტიკურ ხედვას დემოკრატების შეხედულებებისგან, რომლებსაც საერთაშორისო სამართლისა და კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველზე სურთ მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა. რაც შეეხება ტრადიციულ კონსერვატორებს, ისინი მსოფლიოს დემოკრატიზაციას სკეპტიკურად უყურებენ.

შეიძლება ითქვას, რომ ნეოკონებმა, როგორც ყოფილმა მემარცხენეებმა, დემოკრატებისა და კონსერვატორების მიდგომა გააერთიანეს. მათი მიზნები იდეალისტურია, საშუალებები – რეალისტური. ეს ხედვა კრაუტჰამერმა აღწერა წიგნში “დემოკრატიული რეალიზმი” – 9/11-ის შემდგომი მსოფლიოს პრობლემების გასაღებს იგი ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გავრცელებაში ხედავს.

სწორედ ამიტომ ემხრობოდა ერაყში შეჭრას. ოღონდ არა მასობრივი განადგურების იარაღის გამო, არამედ იმ კულტურის შეცვლის მიზნით, რამაც ტერორიზმი შვა. თვლის, რომ ბუშს მასობრივი განადგურების იარაღის არგუმენტი გაეროს თანხმობის მოსაპოვებლად დასჭირდა, ისიც იმიტომ, რომ ნახევარი ამერიკა, მისდა სამწუხაროდ, “გაეროს ტაძარში ლოცულობს”.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა უმრავლესობა ცივი ომის დროინდელი ორპოლუსიანი სამყაროს ნაცვლად, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დაბადებაზე საუბრობდა, კრაუტჰამერმა ამერიკის ჰეგემონია იწინასწარმეტყველა და ტერმინი – ერთპოლუსიანი სამყარო დაამკვიდრა.

“შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ძველი, ორპოლუსიანი სამყარო მრავალპოლუსიანად გარდაიქმნება და იაპონიას, გერმანიას (და/ან ევროპას), ჩინეთს და დაპატარავებულ საბჭოთა კავშირს/რუსეთს დაეყრდნობა. ცივი ომის შემდგომი სამყარო მრავალპოლუსიანი არ არის. მსოფლიოს ცენტრი შეერთებული შტატებია. ის სუპერძალაა. მისი დასავლელი პარტნიორებიც იქვე არიან”, – წერდა ის 1990 წელს ჟურნალ Foreign Affairs-ში. კრაუტჰამერის აზრით, მრავალპოლუსიან სამყაროზე საუბარი არასწორი იყო იმ პირობებში, როდესაც ამერიკის ძალა ამდენად აღემატებოდა ყველა დანარჩენისას. ზოგიერთმა მას ეს მოსაზრება ამპარტავნებად ჩაუთვალა.

კომენტატორმა კრიტიკოსებს 12 წლის შემდეგ უპასუხა – “დღეს, ამერიკის სამხედრო ხარჯები აღემატება შემდეგი ოცი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს ერთად. მის საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურ ძალასთან ვერაფერი მივა. ტექნოლოგიური კუთხით შეუდარებელია. ის ყველა სფეროში დომინირებს: სამხედრო, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, დიპლომატიურ, კულტურულ, ლინგვისტურშიც კი”, – წერდა National Interest-ში.

მიიჩნევს, რომ ჯეფერსონის წინასწარმეტყველება ახდა და ამერიკა თავისუფლების იმპერიად იქცა. მისი განსაკუთრებულობის სჯერა – თვლის, რომ თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატება, ზოგადად, თავისუფლების ბედს განსაზღვრავს. ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა, მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს. კრაუტჰამერის აზრით, ამერიკა “შემთხვევითი ჰეგემონია” – ის პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ჩაერთო არა იმიტომ, რომ ლიდერი გამხდარიყო, არამედ საფრთხე დაემუქრა და, შედეგად, ცივილიზაცია გადაარჩინა. ისტორიულად, ამერიკა იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ლიდერობას არ ესწრაფოდა.

ცივი ომის დასრულებისას, როდესაც ამერიკის ჰეგემონია იწინასწარმეტყველა, მიაჩნდა, რომ ეს პერიოდი 30-40 წელს გასტანდა. 2002 წელს კი დაასკვნა, რომ ჰეგემონიის ხანგრძლივობა თავად ამერიკაზე იყო დამოკიდებული და შესაძლოა დიდხანს გაგრძელებულიყო, თუ შეერთებული შტატები ველური რეჟიმების მიერ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას არ დაუშვებდა. “ერთპოლუსიან სამყაროს საფრთხე არა გარედან, არამედ შიგნიდან ემუქრება… არჩევანი ჩვენზეა” – ის თვლიდა, რომ ყველაფერი ამერიკელ ხალხზე იყო დამოკიდებული, იმის მიხედვით, თავისუფლების ქომაგის მისიას ტვირთად მიიჩნევდა თუ ჯილდოდ.

მრავალპოლუსიანი მსოფლიოს თემა დღესაც აქტუალურია. ბევრი საუბრობს აღმავალ ჩინეთზე და პოსტამერიკულ სამყაროზე. თვლიან, რომ პოსტსაბჭოთა ერთპოლუსიანი მსოფლიოს ხანა დასასრულს მიუახლოვდა და შეერთებული შტატები რამდენიმე ცენტრს უნდა შეეგუოს. თუმცა ამ მოსაზრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს – ისინი ამტკიცებენ, რომ მსგავს წინასწარმეტყველებებს ციკლური ხასიათი აქვს და 80-იანი წლების ბოლოზე მიუთითებენ, როცა ამერიკის დაღმასვლაზე საუბარი მოდაში იყო.

კრაუტჰამერი არც ერთს ეთანხმება, არც მეორეს. ის დღესაც მიიჩნევს, რომ ამერიკის დაღმასვლა არა გარდაუვალი რეალობა, არამედ არჩევანია, ოღონდ არა ხალხის, არამედ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლების. ეს კი პირველ რიგში იმით გამოიხატება, რომ პრეზიდენტი შეერთებული შტატების განსაკუთრებულობას აბაიბურებს და ადგილის დამკვიდრებას საკუთარი ქვეყნის კრიტიკით ცდილობს.

“მშვიდობით, ახალო ჰორიზონტებო” – ამ შინაარსის წერილი გამოქვეყნდა Washington Post-ში ჩვენი შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ და გასაგები გახდა რატომ ღელავდა ჩემი მასპინძელი, როცა Discovery-ს აცილებდა. მან კოსმოსური ხომალდის მუზეუმში გადატანა ამერიკის დაღმასვლის სიმბოლოდ აღიქვა. “სამწუხარო არა კოსმოსურ ხომალდთან გამომშვიდობება… არამედ ისაა, რომ მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა”, – წუხს ავტორი და დასძენს, რომ 2010 წელს Discovery-ს მემკვიდრის დაფინანსებაზე უარის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ადამიანის კოსმოსში გაშვებაზე უარი თქვა და ამ სივრცის კონტროლი რუსეთს და ჩინეთს დაუთმო. ამ უკანასკნელს კი სიმბოლოების მნიშვნელობა კარგად ესმის და 2025 წლისთვის მთვარეზე ადამიანის გაგზავნას გეგმავს.

ინტერვიუ ჩარლზ კრაუტჰამერთან: ჩვენ­თან თა­ნას­წო­რო­ბის კი არა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა დგას

კომენტარები