ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის ბიზნესი რუსეთში: რასაცა გასცემ, შენია

ბიძინა ივანიშვილი რუსულ აქტივებს თავიდან იშორებს. ქართული ოცნების ლიდერი აცხადებს, რომ პირობას, რომელიც ამომრჩევლებს პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მისცა, ამ თვის ბოლომდე შეასრულებს.

რამდენიმე დღის წინ რუსულ Forbes-თან საუბრისას ივანიშვილმა რუსული აქტივების გაყიდვის მოტივები კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, არ სურს ვინმეს ეჭვი დარჩეს, რომ პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ბიზნესმენის მტკიცებით, რუსეთში მისი აქტივების გაყიდვა აუცილებელი პირობაა მომავალში მოსკოვთან ურთიერთობების დასარეგულირებლად.

„რუსეთთან მოლაპარაკება, რასაც ჩემი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებს, ძალიან რთული იქნებოდა, იქ აქტივები რომ მქონოდა. ეს ქონება მოლაპარაკებებს ხელს შეუშლიდა, – განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, – ყველაზე რთულია არა ქართველებს, არამედ რუსებს ავუხსნა ყველაფერი, რადგან ჩემი ბიზნესი რუსეთში ყველასათვის ტვირთი იქნებოდა და გააჩენდა ეჭვებს, რომ პროცესებს რაღაც სხვა მოტივები აქვს”.

რუსეთში საკუთარი კაპიტალის რეალიზაციის გეგმები ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, Reuters-ისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში დააანონსა. როგორც მაშინ ბიზნესმენი ვარაუდობდა, „იქ [რუსეთში] არავინ დამზოგავს და იქ, ალბათ, ყველაფრის გაყიდვა მინიმალურ ფასებში მომიწევს”.

მას შემდეგ ბიზნესმენი აქტივების გაყიდვას ცდილობდა, პირველი შედეგები კი ამას მაისში მოჰყვა – მოკლე პერიოდში ივანიშვილმა ზედიზედ რამდენიმე მსხვილი გარიგების გაფორმება მოასწრო. მათ შორის ბანკ Российский кредит-ის, მოსკოვში დეველოპერული აქტივებისა და სააფთიაქო ქსელის გაყიდვის შესახებ.

ივანიშვილი გარიგებებით კმაყოფილი დარჩა – მისი განცხადებით, კრიზისისა და დროში შეზღუდულობის გათვალისწინებით, მან აქტივებში „ნორმალური ფასი” მიიღო.

Российский кредит-ი ინვესტორთა იმ ჯგუფზე გაიყიდა, რომელთა შორის მსხვილი ბანკირები: გიორგი გენსი, ანატოლი მოტილევი, ბორის ხაიტი, ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკოიანოვი და ვლადიმირ ფაეროვიჩი არიან. გარიგების მოცულობა 352 მილიონი დოლარია.

Российский кредит-ი 1998 წლამდე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი იყო, მაგრამ დეფოლტის შემდეგ მეანაბრეების გასტუმრება ბოლომდე ვერ შეძლო და დროებით სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა.

მოგვიანებით კრედიტორებთან დავა მოგვარდა, თუმცა ბანკმა საწყისი მდგომარეობის დაბრუნება ვერ შეძლო. რუსული გამოცემა Коммерсант-ი აღნიშნავს, რომ Российский кредит-ი წარსულში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი იყო, თუმცა დღეს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის ბანკების პირველი ოცეულის მიღმა იმყოფება და მისი ღირებულება ძალიან დაეცა.

რუსულ ბიზნესსააგენტოს РБК daily-ს მოჰყავს კომპანია Uralsib Capital-ის ანალიტიკოსის, ლეონიდ სლიპჩენკოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფასი, რომელიც მყიდველებმა ბანკში გადაიხადეს, გამყიდველისთვის „ძალზე მომგებიანია”. მისი თქმით, „გარიგების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მეორე ეშელონის ბანკები იყიდება”.

როგორც Коммерсант-ს ფინანსური კომპანია Солид-ის ანალიტიკოსმა ელენა იუშკოვამ უთხრა, ბანკის საკუთარი კაპიტალი დაახლოებით 290 მილიონი დოლარია. შესაბამისად, ივანიშვილმა ის დაახლოებით 21-პროცენტიანი პრემიით გაყიდა. კიდევ ერთი რუსი ანალიტიკოსის, ივან ანდრიევსკის შეფასებით, დღეს ბაზარზე არსებულ სიტუაციაში „ასეთი დონის ბანკის” მფლობელს, გაყიდვისას დამატებითი პრემიის იმედი არ უნდა ჰქონოდა.

მოსკოვში დეველოპერული აქტივები ივანიშვილის კომპანია Уникор-მა БИН-ჯგუფს 982,5 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ობიექტებს შორისაა მშენებარე მიკრორაიონი სადოვიე კვარტალი, ტვერსკაიას ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო კომპლექსი ლუქს-ოტელი და მრავალფუნქციური კომპლექსი Summit. ასევე, ოჩაკოვოში კაუჩუკის ქარხნის ტერიტორია.

როგორც Коммерсант-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, ივანიშვილის დეველოპერული აქტივების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ანუ პრაქტიკულად იმ ფასს, როგორც გაიყიდა. ამ აქტივების მყიდველები არიან ინგუშური წარმომავლობის მილიარდერი მიხაილ გუცერიევი და მისი ძმისშვილი მიხაილ შიშხანოვი.

სააფთიაქო ქსელი Доктор Столетов-ი კი ივანიშვილმა მიჰყიდა კომპანია Империя-фарма-ს, რომლის უკან, რუსული წყაროების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად ფედერაციის საბჭოს (სენატის) სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს შვილი, სერგეი მატვიენკო დგას. დღემდე ეს კომპანია მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობდა. ამ გარიგების მოცულობა 60 მილიონი დოლარია.

РБК daily-ს ცნობით, მეორე პოტენციურმა მყიდველმა, საინვესტიციო ფონდმა Hi Capital, გარიგებაზე უარი თქვა, რადგან „გამყიდველი წამგებიანი კომპანიისთვის ძალიან დიდ ფასს ითხოვდა”.

საერთო ჯამში, რუსული აქტივების გაყიდვით ივანიშვილმა 1,4 მილიარდამდე დოლარი მიიღო და რუსეთში გასაყიდი მხოლოდ აგრარული კომპანია Стойленская нива დარჩა, რომელიც Уникор-მა გასაყიდად ჯერ კიდევ თებერვალში გაიტანა.

მაშინ ივანიშვილი კომპანიაში 350 მილიონ დოლარს ითხოვდა, რაც, Коммерсант-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, რეალურ ფასს თითქმის ორჯერ აღემატებოდა. დღეისთვის, სააგენტო Reuters-ის თანახმად, Стойленская нива 250 მილიონად იყიდება. ამ გარიგების გაფორმებასაც ივანიშვილი მაისის ბოლომდე აპირებდა.

ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ერთადერთი რუსი ოლიგარქია, რომელმაც ქვეყანა დატოვა და საკუთარი აქტივების არა „მინიმალურ ფასებში”, არამედ საბაზრო ფასებით და უფრო ძვირად რეალიზაცია მოახერხა.

ამ თვის დასაწყისში, დევნილი რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ტაბულასთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის ბიზნესს რუსეთში პრობლემები არ აქვს. რაც, მისი აზრით, ადასტურებს, რომ იგი „ხელისუფლების წესებით თამაშობს”. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ივანიშვილის ახალი წარმატებული გარიგებების შესახებ.

თავად ბერეზოვსკიმ, ვინც პუტინს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუპირისპირდა, დიდი დანაკარგი განიცადა. 2000 წელს ხელისუფლებამ მასზე ზეწოლა დაიწყო, რომ საკუთარი აქტივები დაეთმო. საბოლოოდ, ბერეზოვსკი და მისი პარტნიორი ბადრი პატარკაციშვილი იძულებულნი გახდნენ ОРТ-სა და Сибнефть-ის აქციები ნაკარნახებ დაბალ ფასად გაეყიდათ. კრემლის ინტერესებს ამ მოლაპარაკებებზე წარმოადგენდა ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, რომლისგანაც ბერეზოვსკი ლონდონის სასამართლოში ითხოვს დაკარგული აქტივების ღირებულების ანაზღაურებას.

2003 წელს გადასახადის გადაუხდელობის ბრალდებით დააპატიმრეს ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც დღემდე პატიმრობაში რჩება და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სინდისის პატიმრად არის აღიარებული. რუსეთში ხოდორკოვსკის დაკავების რეალურ მიზეზად მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ასახელებდნენ. ხოდორკოვსკის კომპანია ЮКОС-ი, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, დაანაწევრეს და აუქციონის წესით სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებზე გაყიდეს.

მიხაილ გუცერიევი, რომელმაც ივანიშვილის ერთ-ერთი აქტივი შეიძინა, წარსულში თავადაც „ექსპროპრიაციის” მსხვერპლი გახდა. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ინგუშეთის პრეზიდენტთან, მურატ ზიაზიკოვთან დაპირისპირება იყო.

2007 წელს გუცერიევი იძულებული გახდა კომპანია Руснефть-ის საკონტროლო პაკეტი კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკასთვის მიეყიდა, სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტა და ქვეყანა დაეტოვებინა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძებნაც გამოცხადდა, თუმცა, დღემდე უცნობ გარემოებებში, გუცერიევმა 2010 წელს ხელისუფლების კეთილგანწყობა და Руснефть-ის აქციებიც დაიბრუნა.

მობილური ტელეფონების უმსხვილესი დისტრიბუტორის, კომპანია Евросеть-ის დამფუძნებლის, ევგენი ჩიჩვარკინის ბიზნესის მითვისება ხელისუფლებამ 2008 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანიის ოფისში ჩხრეკის შემდეგ, რისი საბაბიც კონტრაბანდისა და ადამიანის გატაცების საქმე გახდა, ჩიჩვარკინმა და მისმა პარტნიორმა კომპანიის 100 პროცენტი მილიარდერ ალექსანდრ მამუტს მიჰყიდეს.

მოგვიანებით ჩიჩვარკინი ლონდონში გაემგზავრა, რუსი სამართალდამცავები გამოძალვაში დაადანაშაულა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. საპასუხოდ, პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ჩიჩვარკინის ექსტრადირება მოითხოვა...

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი საქართველოს ევროატლანტიკურ ვექტორს შეინარჩუნებს, რაც მოსკოვის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება. მაგრამ მსხვილი რუსი ბიზნესმენების ისტორიები მოწმობს – კრემლი ივანიშვილს მოწინააღმდეგედ რომ აღიქვამდეს, რუსეთში აქტივების სარფიანად რეალიზების შესაძლებლობას არ მისცემდა. მით უმეტეს – ხელისუფლებასთან დაახლოებულ სტრუქტურებზე.

როგორც მარტში ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი წერდა, ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს უარყოფს, თუმცა მისი ყოფილი უახლოესი ბიზნესპარტნიორი ვიტალი მალკინი ამჟამად ფედერაციის საბჭოს წევრია და ბოლო დრომდე ივანიშვილის ზოგიერთ პროექტშიც წილობრივად მონაწილეობდა. „ძნელია დაიჯერო, რომ პუტინის რუსეთში ასეთი მასშტაბის მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა ხელისუფლების თანხმობის გარეშე იყო შესაძლებელი”, – მიიჩნევს სოკორი.

მისი აზრით, ივანიშვილის რუსული აქტივების რეალიზაცია არჩევნების წინ თანხების მობილიზებას ემსახურება. ხოლო რუსეთის ხელისუფლებასთან მისი კავშირის დეტალები, ქართული საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობი რჩება.

კომენტარები