უკრაინა

ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს

არსენი იაცენიუკი

არსენი იაცენიუკი
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკრაინაში ოპოზიციური სპექტრი კონსენსუსის მონახვას და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიისთვის წინააღმდეგობის გაწევას ერთიანი ძალებით ცდილობს. აქამდე გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მაისის შუა რიცხვებში (12 მაისს) საერთო მიზნები დაასახელეს, ხოლო წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, ერთიან სიასაც განსაზღვრავენ.

უკრაინის ერთიანი ოპოზიციის პროგრამის პირველი ნიმუშის მიხედვით, კენჭისყრაში გამარჯვებისა და საკანონმდებლო ორგანოში საკმაო რაოდენობის მანდატების მოპოვების შემდეგ ისინი პრეზიდენტისადმი ნდობის საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ. ამავდროულად, იგეგმება პირველი პირის იმპიჩმენტის მოწყობის პროცედურების ჩამოყალიბება/გაწერა. გარდა ამისა, ოპოზიციის მტკიცებით, იმუნიტეტი მოეხსნებათ დეპუტატებსა და მოსამართლეებს, შესაძლებელი გახდება პარლამენტარების გამოწვევა. მათ მთავარ მიზნად კი ეკონომიკური ვითარების გამოსწორება, ევროინტეგრაციის პროცესის განახლება და მთავრობის მოქალაქეებისადმი დაქვემდებარების აღდგენა დაისახეს. თუმცა, პროგრამა უმეტესწილად აბსტრაქტული ამოცანებით შემოიფარგლება და პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტულ ალტერნატივებს ამომრჩეველს ნაკლებად სთავაზობს.

როგორც ცნობილია, დაპატიმრებული ლიდერის, იულია ტიმოშენკოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა ბატკივშინამ და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, არსენი იაცენიუკის ცენტრისტული ცვლილებების პარტიამ 23 აპრილს შეთანხმებას მიაღწიეს – ისინი იბრძოლებენ ერთიანი სიით, რომლის სათავეშიც ეს ორი ლიდერი იქნება დასახელებული. სწორედ ეს ძალები არიან აღნიშნული გეგმის ავტორები.

მიუხედავად ამ წარმატებისა, ოპოზიციას მთავარი გამოწვევა წინ ელის: უნდა შეადგინონ ერთიანი სია, სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი და, რაც ყველაზე მთავარია, საერთო ერთმანდატიანი ოლქებისთვის მაჟორიტარული კანდიდატები უნდა დაასახელონ. ამ საკითხებზე შეთანხმება ოპოზიციის ერთიანობის მთავარი ტესტი იქნება და არჩევნების საბოლოო შედეგებზეც აისახება.

უცნობია, როგორ მოიქცევიან დანარჩენი პატარა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები. მათგან რამდენიმე მცირე პარტია – სახალხო მოძრაობა, პარტია უკრაინისთვის, სახალხო თავდაცვა და პოლიტიკური გაერთიანება რეფორმა და წესრიგი – ერთიან ოპოზიციაში გაერთიანებას აპირებს. მსგავსი სურვილი გამოთქვა ნაშა უკრაინას პოლიტიკური საბჭოს

იულია ტიმოშენკო
უფროსმა, ვალენტინ ნალივაიშენკომ. მისმა საპატიო თავმჯდომარემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ოპოზიციას ამ ეტაპზე გაერთიანება სჭირდება. მისი პარტია ჯერჯერობით 1%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მოვლენათა ამგვარი განვითარება მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვან თავსატეხს შექმნის. აპრილში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ბატკივშინას და ცვლილებების პარტიას 15% და 9%-იანი მხარდაჭერა აქვთ, ამ დროს კი რეგიონების პარტიის რეიტინგი 18%-ს შეადგენს. 5%-იანი ბარიების გადალახვას მოახერხებს კიდევ ორი პოლიტიკური ძალა: პიოტრ სიმონენკოს პრორუსული-მემარცხენე, კომუნისტური პარტია (5,3%) და ვიტალი კლიჩკოს პროევროპული, უკრაინის რეფორმების დემოკრატიული ალიანსი (UDAR) – 5,1%.

ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალ პარლამენტში შესაძლოა 450-დან170 ადგილი მოიპოვოს, მათ შორის 40-45 ერთმანდატიან ოლქებში. დღეს ტიმოშენკოს ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში 100 წარმომადგენელი ჰყავს, რეგიონების პარტია კი 191 მანდატის მფლობელია. დანარჩენი ადგილები მცირე პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებზე მოდის.

ოპოზიციამ უმრავლესობაც რომ მიიღოს, ბევრი ეჭვობს, რომ ხელისუფლება რეალური გავლენის შენარჩუნებას მაინც შეძლებს. პირველ რიგში, სკეპტიკოსები ერთმანდატიანი ოლქების ფაქტორს ასახელებენ. აქ ყოველთვის გავლენიანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული მილიარდერი კანდიდატები იმარჯვებენ. ასევე, ბოლო დროს გახშირდა მმართველი პარტიის მიერ ოპონენტთა გადაბირებისა და მოსყიდვის ფაქტები, რაც შესაძლოა არჩევნების დროსაც გაგრძელდეს.

ამის მიუხედავად, ოპოზიციის მთავარი გამოცდა თავად მის შიგნით ერთიანობის განმტკიცება და შენარჩუნებაა. საჭიროა ერთიან პროგრამაზე კონსენსუსის მიღწევა. უფრო მეტიც, ზოგადი მიზნების დასახელების ნაცვლად, მოსახლეობა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის, კორუფციისა და ბიუროკრატიული პრობლემების ფონზე, ფუნდამენტურ ცვლილებებსა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

პროგრამის გაცნობისას ოპოზიციის ლიდერებმა დასძინეს, რომ მაის-ივლისის პერიოდში გაიმართება კონფერენციები, მრგვალი მაგიდები სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, რიგით მოქალაქეებთან, ექსპერტებთან. ამგვარი შეხვედრების მიზანი საბოლოო პროგრამის შემუშავება და სამოქმედო გეგმის დასახვა იქნება.

ვიტალი კლიჩკო
გარდა ამისა, ბატკივშინას ლიდერი ჯერ კიდევ დაპატიმრებულია. მართალია, ტიმოშენკოს სიაში დატოვება ოპოზიციას რეიტინგს უმაღლებს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამან პარტიის შიგნით შეიძლება ლიდერობის პრობლემა გამოიწვიოს. ამ გამოწვევების გადალახვის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ოპოზიციის შანსები გაიზარდოს.

თუმცა არსებობს ერთი გარემოებაც – ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ოპოზიციური ძალაა. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგიერთმა მათგანმა გაერთიანების სურვილი უკვე გამოთქვა. ერთიანი ოპოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიტალი კლიჩკოს UDAR-ის მხარდაჭერა, მაგრამ ჯერჯერობით ის დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. თუ იანუკოვიჩის ოპონენტები ამ ორ ძალასთან გაერთიანებას გადაწყვეტენ, მაშინ ერთიან სიაზე, ერთმანდატიანი კანდიდატების ვინაობასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმება უფრო გაჭირდება. თანაც, ცნობილია, რომ თავად ოპოზიციური სპექტრი მეტად დანაწევრებულია.

როგორც ჩანს, უკრაინის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ გაერთიანების შემდეგ საერთო პროგრამის წარმოდგენა მოახერხა. თუმცა, მთავარი გამოწვევა – კონკრეტული ღონისძიებების, რეფორმების დაგეგმვა, პარტიის სიის ჩამოყალიბება – კვლავაც გადასალახი აქვთ.

 

კომენტარები