ჩრდილოეთ აფრიკა

შიში და სიძულვილი ლიბიაში

0 კომენტარი

კადაფის დამხობას ლიბიაში მშვიდობა არ მოჰყოლია, რევოლუციით მხოლოდ ქვეყნის პრობლემების პანდორას ყუთი გაიხსნა. ქვეყნის დროებითი მმართველობა საჰარული სამხრეთ ნაწილის კონტროლს ვერ ახერხებს, ხოლო შიდა რეგიონული დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. მსოფლიოს ყველაზე შეიარაღებულ სახელმწიფოში სამხედრო ფორმირებები კანონს არ ემორჩილებიან, ერთ-ერთი მათგანი კი პრემიერმინისტრის ოფისსაც დაესხა თავს. არჩევნები ივნისშია დაგეგმილი, თუმცა მოსახლეობა დემოკრატიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. 40-წლიანი დიქტატურის შემდეგ ლიბიაში სახელმწიფოს შენების პროცესი კვლავ შორეულ პერსპექტივად ჩანს.

10 მაისს შეიარაღებულმა პირებმა იერიში მაშინ მიიტანეს დროებითი პრემიერმინისტრის ოფისზე, როდესაც ის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას მართავდა. ეს შეტევა სამხედროებს შორის მზარდი უკმაყოფილების შედეგია – ისინი სამოქალაქო ომში გაწეული სამსახურისთვის კუთვნილ გასამრჯელოს ითხოვენ. კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულების (თჰუვარი) ეროვნულ ჯარში ინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რეგულარულ არმიაში ჩართვაზე მეტად ისინი ლოკალური კავშირების შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ამბოხებულები რევოლუციას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ და დაძაბული ურთიერთობა აქვთ კადაფის არმიის ყოფილ ჯარისკაცებთან, რომელთა უმრავლესობას ომში მონაწილეობა არ მიუღია და ამით სამუშაო შეინარჩუნა.

კადაფის რეჟიმის დაცემის შემდეგ ლიბიის დროებითი საბჭო უშედეგოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ტომების ლიდერებთან (ტრიპოლის ცენტრალური ხელისუფლების აღიარების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ). ეროვნული საბჭო ვერ ახერხებს აფრიკის სიდიდით მეოთხე ქვეყნის 6,000-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაკონტროლებას, ხოლო ლიბიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, ბერბერები და შავკანიანი აფრიკელები არაბულ ტომებს კონტრაბანდისტული მარშრუტების ხელში ჩასაგდებად ეცილებიან. ქვეყნის ტერიტორიაზე 20 მილიონამდე სხვადასხვა სახეობის იარაღი არსებობს, რომელთა დიდი ნაწილი კადაფის ყოფილი არსენალიდან მითვისებული ნადავლია. შედარებით მშვიდობიანი ვითარებაა ხმელთაშუაზღვისპირა ზოლში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს და პოლიცია თავის ფუნქციებს ასრულებს. ტრიპოლის რადიოსადგურები ათწლეულების მანძილზე პირველად გადმოსცემენ ამერიკულ პოპმუსიკას.

პოსტკადაფისეულ ლიბიაზე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ანგარიშში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა. Amnesty International-ი თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევაში სამხედროთა ტყვეობაში დაღუპულ თორმეტ ადამიანზე მიუთითებს. მოხსენებაში აღწერილია ბანდფორმირებების მიერ შექმნილი ტერორი – ისინი კადაფის მომხრეობაში შემჩნეულ ათასობით მშვიდობიან მოსახლეს ავიწროებენ და სახლებიდან დევნიან. მარტში გამოქვეყნებული გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენება ლიბიაში შექმნილ საერთაშორისო სამართლის მძიმე სურათს იძლევა და კადაფის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს „სერიოზულ დარღვევებში” ადანაშაულებს.

40-წლიანი დიქტატურის შემდეგ ლიბიელები დემოკრატიას ნაკლებად ენდობიან. დეკემბერ-იანვარში ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მომდევნო ერთი წლის მანძილზე დემოკრატიის გარკვეული ფორმების დანერგვა რესპონდენტთა მხოლოდ 15%-ს სურდა. 42% ლიბიის სათავეში ისევ ერთპიროვნულ ლიდერს იმედოვნებდა, ხოლო მნიშვნელოვანი უმცირესობა, დაახლოებით 16 პროცენტი, პოლიტიკური ძალადობისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა.

ბრუკინგსის ცენტრის შეფასებით, ლიბიაში სახელმწიფოს შენების პროცესს და დემოკრატიზაციას რიგი ფაქტორები უშლის ხელს, მათ შორის უმთავრესია არსებული ინსტიტუტების ნაკლებობა, სუსტი უსაფრთხოების ზომები და პოლიტიკურ აქტორთა გამოუცდელობა. ხოლო იარაღის გავრცელება, ისლამისტური ფორმირებების დეცენტრალიზაცია და ალ-ყაიდას შენაერთის არსებობა შემდგომი დესტაბილიზაციის ხელშემწყობი ფაქტორებია.

საპარლამენტო არჩევნები ივნისშია დაგეგმილი. ახალი საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაზე იმუშავებს. ლიბიელები შიშობენ, რომ ქმედითუნარიანი ეროვნული არმიის და პოლიციის გარეშე, სამხედრო შენაერთები საარჩევნო პროცესზე გავლენას მოახდენენ და ქვეყანას ძალადობაში ჩაითრევენ. ლიბიის ყოფილი დროებითი პრემიერმინისტრი ალი ტარჰუნი და სხვა ლიდერები არ გამორიცხავენ ლიბანის სცენარს, სადაც შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება დიდი ხნით გახდა პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები