სერბეთი

მესაფლავე თომა ევროპული გზიდან არ გადაუხვევს

სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი

სერბეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ყველასთვის მოულოდნელად, ტომისლავ ნიკოლიჩმა მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი დაამარცხა. ბალკანური სახელმწიფოს სათავეში ლიბერალის ნაციონალისტით ჩანაცვლებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაზე და კოსოვოს მომავალზეც.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ხმების 49.5 პროცენტი მიიღო, ხოლო მოწინააღმდეგე ტადიჩმა – 47.4%. ბელგრადის ცენტრში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს ნიკოლიჩმა განუცხადა, რომ სერბეთი „არ გადაუხვევს ევროპული გზიდან”, აგრეთვე „არ მიატოვებს კოსოვოს და მეტოქიის ხალხს”. მისი გამარჯვება პოლიტიკურ მიწისძვრად შეფასდა, რადგან წინასწარ გამოკითხვებში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მოქმედ პრეზიდენტს. ნიკოლიჩის ნაციონალისტ მომხრეებს ტადიჩის მძიმე ეკონომიკური ვითარებით უკმაყოფილო ტრადიციულ ამომრჩეველთან შედარებით უფრო მეტი მოტივაცია აღმოაჩნდათ.

უკანასკნელად ნიკოლიჩი ხელისუფლებაში 1999-2000 წლებში იყო, როდესაც სლობოდან მილოშევიჩის მთავრობაში პრემიერმინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ერთხანს სასაფლაოს ზედამხედველობის გამო მისი მეტსახელი „მესაფლავე თომაა”. ბალკანური ომების დროს, ნიკოლიჩი სერბული რადიკალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მილოშევიჩზე უფრო ექსტრემისტული პოზიცია ეკავა. იგი „დიდი სერბეთის” იდეას უჭერდა მხარს და ქვეყნის შემადგენლობაში ხორვატიის და ბოსნიის დიდი ნაწილის ჩართვას ემხრობოდა. 2000-იან წლებში მან მემარჯვენე ცენტრისკენ თანდათანობით შეცვალა პოზიცია და ნაციონალისტური რიტორიკა შეარბილა. სერბული რადიკალური პარტიის სახელით ტადიჩთან 2004 და 2008 წლების ორი საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, 2008-ში კი საკუთარი პროგრესული პარტიის დასაარსებლად მშობლიურ პოლიტიკურ ძალას გამოეყო და პროევროპელ კონსერვატორად იქცა.

მოწინააღმდეგეთა აზრით, ნიკოლიჩის ამგვარი ტრანსფორმაცია მხოლოდ დეკორაციული სახისაა. მას ახლო კავშირები აქვს რუსეთთან და ადრე უთქვამს კიდეც, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას რუსეთის პროვინციად ყოფნა ურჩევნია. ნიკოლიჩის პარტია ბევრად კრიტიკულია დასავლური ინტეგრაციის მიმართ და გაცილებით ღია – კრემლის წინადადებებზე. პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს ნიკოლიჩი მოსკოვში გეგმავს.

ტადიჩი მორიგი ევროპელი ლიდერია, რომელიც ევროზონის კრიზისს შეეწირა. მისი საპრეზიდენტო კამპანია უმეტესად პროდასავლურ პოლიტიკაზე იყო აგებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სერბეთმა ევროკავშირის წევრი-კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. ტადიჩის მთავარი პრობლემა ეკონომიკური დაღმავლობა და მმართველი ელიტის შიგნით არსებული კორუფცია აღმოჩნდა. რეცესიის შედეგად უმუშევრობის დონე 10%-ით გაიზარდა და 24.4% შეადგინა, საჯარო ვალმა 14,4 მილიარდ ევრომდე, ანუ 16%-ით მოიმატა, ხოლო საშუალო ხელფასის მაჩვენებელი თვეში 360 ევრო გახდა. ამასთან ერთად, ფინანსურმა კრიზისმა განვითარებისთვის აუცილებელი უცხოური ინვესტიციები შეაჩერა.

სოციალური უსაფრთხოების გაზრდის წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ტომისლავ ნიკოლიჩს საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად მკაცრი ხარჯშემკვეცი ზომების მიღება მოუწევს. ფისკალური სამიზნეების გამოსწორებით, მან აგრეთვე უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო მონეტარული ფონდი, რომ ამ უკანასკნელმა თებერვალში შეჩერებული 1,3 მილიარდი ევროს რაოდენობის გამაფრთხილებელი სესხი განუახლოს.

6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსალოდნელია, რომ ტადიჩის დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გასულ სოციალისტებთან სამთავრობო კოალიციას შექმნის. მემარჯვენე პრეზიდენტის პარალელურად მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის არსებობამ შესაძლოა ბალკანური სახელმწიფოს პოლიტიკური პარალიზება გამოიწვიოს. ახალ პრეზიდენტს ძლიერი მოტივაცია ექნება, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება ძალის ჯანსაღი ბალანსი წარმოიქმნას, რაც ტადიჩის ერთმმართველობის ალტერნატივა იქნება.

კომენტარები