ღვინო

ღვინის ტურიზმი – გამოწვევები და პერსპექტივები

სულ მალე სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოჩნდება ახალი ქართული თამაში – მეღვინე. მისი Facebook-ზე განთავსების ინიციატორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროა. მოთამაშეს შეუძლია მოაწყოს ვირტუალური ფერმა: შეისყიდოს მიწა, გააშენოს სხვადასხვა ჯიშის ვაზი, მიიღოს მოსავალი და დაწუროს ღვინო. შემდეგ ამ პროდუქციას თავისი სურვილის მიხედვით ან ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის, ან ექსპორტზე გაიტანს. მოთამაშეს ასევე ექნება საშუალება, რომ თამაშში Facebook-ის მეგობრები მიიწვიოს და თავის ბიზნესპარტნიორებად აქციოს.

თამაშში ჩართვით Facebook-ის მომხმარებელი შეჯიბრის მონაწილე ხდება – სამი თვის განმავლობაში სამი ეტაპის გავლა მოუწევს. მთელი თამაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე აიტვირთება და თითოეული ეტაპის გამარჯვებულს სამინისტრო სპეციალური პრიზით დააჯილდოებს. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ონლაინთამაში მეღვინე, გასართობთან ერთად, შემეცნებითიც იქნება და მეღვინეობით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი ლიბერთი ბანკია.

საქართველოში ღვინოს დიდი ტრადიცია აქვს, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც მოწმობს: ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაახლოებით 7000 წლის წინანდელი ყურძნის ჯიშები. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, სადაც ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. თერმოსის ტიპის ქვევრებით ქართული ღვინო საბერძნეთში, სპარსეთში, იერუსალიმში გაჰქონდათ ექსპორტზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 3.614.1 ათასი ლიტრი, ხოლო შემოსავალმა 10.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქართული ღვინის ორი ყველაზე მსხვილი – ევროკავშირის და დსთ-ს ბაზარია. ბოლო წლების ახალი ბაზარი, რომელიც ქართულმა ღვინომ აითვისა, ჩინეთია.

2009-2011 წლებში საქართველოდან ექსპორტზე 39.324.8 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. ამ პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 127.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი – 54 მილიონი აშშ დოლარი – უკრაინაზე მოდის.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბოლო დროს საქართველო არა მხოლოდ ღვინის კულტურის, არამედ ღვინის ტურიზმის სექტორის განვითარებითაც დაინტერესდა: 3-4 თვეში რამდენიმე ახალი მარანი გაიხსნა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ისტორიულ მარნებს. ღვინის ტურიზმით ინვესტორებიც უფრო ხშირად ინტერესდებიან – ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოსთვის შედარებით ახალი მიდგომა – შატოს კულტურა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებში. აქ სტუმარს შეუძლია გაჩერდეს, ადგილზე დააგემოვნოს ღვინო, მონაწილეობა მიიღოს რთველში.

სულ მალე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ღვინის სპეციალურ რუკაზე დატანილი მარშრუტებით ისარგებლონ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო მუშაობს ღვინის მარშრუტების შემუშავების პროექტზე, რომელიც რამდენიმე ფაზისგან შედგება: მარნებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების აღწერა, მათი ანალიზის საფუძველზე ღვინის ადგილების მარკირება და ტურისტული მარშრუტების შემუშავება. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მომზადებულია სომელიეს და სპეციალიზებული გიდის სასწავლო მეგზურებიც.

საქართველოს მთავრობის გარდა, ღვინის ტურიზმის განვითარებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, ღვინის ტურიზმის სექტორის ხელშესაწყობად საქართველოში ჩამოვიდა EPI-ს საერთაშორისო ექსპერტი ჯესიკა ბელი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებთან იმუშავებს, მათ ტრენინგებს ჩაუტარებს და ახალ მეთოდებს პრაქტიკაშიც გამოცდის. ქართული ღვინის წარმოებასა და კულტურაზე, საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებასა და პერსპექტივებზე, ტაბულა ჯესიკა ბელის ესაუბრა:

საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას ორი ძირითადი ფაქტორი უშლის ხელს – არასწორი მარკეტინგი და ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი დანადგარები. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ხარისხზე ეს მოძველებული ტექნიკა გავლენას ვერ ახდენს, ღვინის ტურიზმისთვის მაინც ნაკლია, რადგან დასავლელი ტურისტები განათებულ-გაკრიალებულ ქარხნებს არიან მიჩვეული. მათთვის ქარხანაც ტურიზმის ნაწილი და ინტერესის სფეროა. ამიტომ, თუ ქართულ ღვინოს უცხოელი ტურისტების მოზიდვა და ამ მხრივ კონკურენტუნარიანობის მოპოვება უნდა, მაშინ ქარხნების უკეთ აღჭურვა და შემდეგ მათი მარკეტინგულად სწორად შეფუთვა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველომ საკუთარი ნიშა უნდა იპოვოს. ევროპული ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინით ევროპული ბაზარი ისედაც გაჯერებულია. ამიტომ საქართველოს შეუძლია ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები დახვეწოს და ქართული ქვევრის თუ ნახევრად ტკბილი ღვინით მსოფლიო ბაზრისკენ გზა უფრო ადვილად გაიკვალოს. ასე ქვეყანა საკუთარი ღვინის იდენტურობის შენარჩუნებასაც მოახერხებს და მის გემოსაც უფრო თანამედროვეს გახდის. თუმცა ეს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე იქნება.

საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნების შეცდომებზე ისწავლოს. რამდენიმე წლის წინ ბევრმა ესპანურმა ქარხანამ დიდი შეცდომა დაუშვა: ღვინო მხოლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ჯიშებისგან დააყენეს და არცერთი ადგილობრივი ჯიში არ გამოიყენეს. შედეგად, უცხოელი ტურისტები ვერ დააინტერესეს, რადგან ამ ტიპის ღვინის დაგემოვნება მათ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სამშობლოშიც, შეეძლოთ. ფაქტია, რომ ამერიკელი ტურისტი ესპანეთში სიამოვნებით გაუსინჯავს გემოს ადგილობრივ ტემპრანიოს და არ იყიდის კაბერნეს, რომელიც ამერიკაში მოდის.

ამდენად, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა არის სინამდვილეში ღვინის ტურიზმი და რისთვის ჩამოდის ქვეყანაში ღვინით დაინტერესებული ტურისტი. ღვინის ტურში მონაწილე ადამიანებს ყველაზე მეტად ადგილობრივი ღვინო, მისი ისტორია და კულტურა ხიბლავთ. ეს საქართველოს არ აკლია. უბრალოდ, ამის სწორად გამოყენება უნდა ისწავლოთ.

 

კომენტარები