კალათბურთი

ჯეკ ნიკოლსონის ოქროსფერი ბიჭები

ლეიკერსმა თავისი ისტორია ჩამოყარა. ოქროსფერი, სტეიპლს სენტერზე ძველი, ფრენკ სინატრას და მარლონ ბრანდოს ლეიკერსი. 75 წლის წინ, სინატრამ ჯერსი სითიში ბინგ ქროსბის შოუს მიუსწრო და სიმღერა გადაწყვიტა. 52 წლის წინ ლოს ანჯელესმა ლეიკერსი გაიცნო და ლეიკერსთან დარჩენა გადაწყვიტა. ანგელოზების ქალაქში მინეაპოლისიდან (1947-60) ანგელოზების გუნდი ჩავიდა და იქვე დარჩა. ჰოდა, მოდი სინატრადან ჯეკ ნიკოლსონამდე ლეიკერსის გასახდელის სიმბოლური ხალხი, პირველი ხუთეული შევკრათ.

პირველ ნომერზე მეჯიქ ჯონსონია. ადრე, ლიფსოს პროფესორი ქარიმ აბდულ-ჯაბარი რომ დაილეწა, მეჯიქმა ცენტრი

ითამაშა და ფილადელფია აჭრა. ეს ამბავი 32 წლის წინ, სუპერფინალში მოხდა. მეჯიქის ერთ გაქცევაში იყო კომბინაციის დაძახება, ახალი კომბინაციის მოფიქრება, მოცეკვავე გოგონას მოკითხვა, ბაირონ სკოტის ვარცხნილობაზე გაღიმება და პასი. ის, მეჯიქის მეჯიქ-პასი. მისტერ ჯონსონი პირველი ხუთეულის პირველი გამთამაშებელია.

კობი ბრაიანტამდე ლეიკერსში პრობლემებს ჯერი უესტი აგვარებდა. უესტი ინსტინქტებით თამაშობდა. არ ახსოვდა მწვრთნელის მონახაზი და საკუთარ მონახაზებს ეგრევე ალაგებდა, ბიჭებს პროცესში უხსნიდა ყველაფერს. უესტმა კარიერა 25 192 ქულით, 5 366 მოხსნით და 6 238 პასით დახურა. ჯერი ლიგის ლოგოტიპია. ვუყურებთ NBA-ს და ვხედავთ უესტს.

წავედით ფორვარდებზე. ელჯინ ბეილორი საქსოფონზე უკრავდა. ამბობენ, რომ ნორმალურად. ელჯინ ბეილორი სმენადი მუსიკოსი და ჯერი უესტის ძმაკაცი იყო. ერთად დადიოდნენ წვეულებებზე, ერთად მონაწილეობდნენ ფოტოსესიებში, ერთად იგებდნენ, ერთად აგებდნენ სელტიქსთან და ერთად ბევრი მოასწრეს. ბეილორმა 23 149 ქულა დასვა. 11 463

მოხსნით.

ფორვარდზე ვწევთ კობის. სხვა ვარიანტი არ არის. კობი ჩვენი გენერაციის მაიკლ ჯორდანი, ლიფტში სექსის მოყვარული ბიჭი და ჩვეულებრივი კრიმინალია. კალათბურთის კრიმინალი. ვიღაცას რაღაცას წაართმევს, ვიღაცას თამაშის მუღამს დაუკარგავს და ვიღაცას დაამცირებს. კობი სულ ვიღაცას ამცირებს. ეს იცის და ეს უყვარს. ბრაიანტი სტატისტიკაზე დიდია.

ქარიმ აბდულ-ჯაბარი. ამ გუნდის ცენტრი. უფრო სანდო, ვიდრე უილტ ჩემბერლენი. უფრო გრძელვადიანი, ვიდრე მისტერ შაკი. უფრო ელეგანტური, ვიდრე ჯორჯ მაიქენი. ლეიკერსმა ბევრი მაღალი ოსკარი მიიღო და ჯაბარი ელეის ცენტრებში საუკეთესოა. ქარიმი კალათბურთში ისვენებდა და ქარიმმა 38 387 ქულა წამოიღო. ლიგის ისტორიაში ყველაზე ბევრი. ქარიმიც ბევრი იყო.

რეზერვში გაილ გუდრიჩი, შაკი, მაიქენი, უილტი, ჯეიმს უორთი, ვერნ მიკელსონი და მაიკლ კუპერი სხედან.

მთელ ამ ჯაზს პატ რაილი და ფილ ჯექსონი დაალაგებენ.

...ბოლო წამები. ბურთი გამოაქვს ბეილორს. გამოაქვს მეჯიქზე. ქარიმი აყენებს ბლოკს. პასი კობის, რომელიც შედის სამწამიანში. ბრაიანტზე მეორე დამცველი გადადის და კობი ბურთს ჯერი უესტს უტოვებს. ჯერიმ ჩააგდო. ფრენკ სინატრა ბედნიერი იქნებოდა. ჯეკ ნიკოლსონი ბედნიერია.

ოქროსფერმა გუნდმა ისევ მოიგო.

 

კომენტარები