კალათბურთი

ფრანგი მოკავშირე

უილიამ ფრიდკინმა ფრანგი მოკავშირე დატოვა. დღეს, შეუსრულებელი და შესრულებული მისიების, ტრანსფორმერების ელექტრონულ კინოამბებში, ის, ფრიდკინის ძველი ფანტაზიები აქტუალური და საინტერესოა. მისტერ ფრიდკინმა ჯინ ჰეკმანს ოსკარი ააღებინა და ჰეკმანმა ფრიდკინს რაღაც უფრო დიდი მისცა. ჰეკმანი იმ გენერაციის მოკავშირე და მაგარი ბიჭი იყო. მერე ჯინს წლები მოემატა და კარგი ბიძა გახდა. დღეს ჰეკმანი უფრო ისვენებს, მეგობრებთან ერთად ბრიჯით ერთობა და მისტერ ჰეკმანი კლასიკაა.

გრეგ პოპოვიჩმაც ფრანგი მოკავშირე დატოვა. სექსუალური ლებრონების და პოპულარული ბრაიანტების ოფლიან გარჩევებში, ეს, პოპოვიჩის ბიჭი ქაჩავს და აქტუალური, საინტერესოა. მისტერ პოპოვიჩმა ტონი პარკერს საკალათბურთო ოსკარი ააღებინა და პარკერმა პოპოვიჩს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ფრანგული მისცა. პარკერი ამ გენერაციის იდეალური მოკავშირე და მაგარი ბიჭი გამოდგა. პარკერმა კალათბურთში ემანუელ ჯინობილის სიბრძნის წიგნი წაიკითხა, აიზია ტომასის ძველ დისკებს ჩაუჯდა და ტრანსფორმაციაც წავიდა. ფრანგი ღლაპი გაიზარდა. გაიზარდა ასაკით და მაინც ისევ ის ცელქი თინეიჯერია, რომელიც მონეტას დააგდებს და ფულის ასაღებად დახრილი, რომელიმე გოგონას ან ქალბატონის კაბის ქვეშ შეიჭყიტება. ტონის ცელქობა უყვარს.

პარკერმა ადრე, ცხრა წლის წინ დევიდ რობინსონისგან ეს სიტყვები მოისმინა – ითამაშე ან წადი. ბუნჩულა, მშვიდი დევიდისგან, რომელიც ტონს არ უწევდა და ტონისთან ეს ტონი ასაწევი იყო. მაშინ პარკერის გუნდი დიდ ფინალში ნიუ ჯერსიზე გავიდა და მისტერ ჯეისონ კიდმა პატარა ფრანგს ყური აუწია. ადმირალმა წუთშესვენება მოითხოვა და პარკერს სამ სიტყვაში მომავალი კარიერა, დიდ ლიგაში თამაშის პერსპექტივა დაუხატა. ადმირალი დიდი იყო და სამ სიტყვაში პარკერიც დიდი გახდა.

ტონი ნაკრებშიც ბოსია. ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ ჩვენი გუნდი გვყავდა და თორნიკე შენგელიამ, ვიკა სანიკიძემ, ზაზა ფაჩულიამ და ყველაზე სანდო ბიჭმა, მანუჩარ მარკოიშვილმა ჯეკპოტი მოხსნეს, გასახსენებელი დაგვიტოვეს. პარკერის საფრანგეთი ტონიმ პატარა პენალში ჩააგდო, ის პენალი ზურგჩანთაში ჩადო და ფინალამდე ატარა. ფინალში ესპანეთი წამოვიდა. ესპანეთს ყველგან თითო ინიესტა ჰყავს და კალათბურთში ბევრი ინიესტა იყო. ერთმა პარკერმა ვერ გაქაჩა და ესპანეთმა ფინალი 98:85 აიღო. პარკერმა საფრანგეთს ოლიმპიური ვიზა დაუტოვა და სან ანტონიოში დაბრუნდა.

ტონიმ ამ სეზონში რამდენიმე დახურული კონცერტი მოაწყო. მხოლოდ გურმანებისთვის. წაეთამაშა რასელ უესთბრუქს, გაერთო სტივ ნეშთან და პროცესში, დაემშვიდობა ლამაზ ევა ლონგორიას. პარკერის კალათბურთი ევაზე ლამაზია.

ტონისთან ერთად ისვენებ და ეს დასვენების პროცესი არ გახსოვს. რახან არ გახსოვს, ესე იგი, კარგად დაისვენე. უილიამ ფრიდკინი კალათბურთში გრეგ პოპოვიჩია. ჯინ ჰეკმანი ტონი პარკერმა შეცვალა.

ტონი 30 წლის გახდა.

 

კომენტარები