განათლების სამინისტრო

მაია მიმინოშვილი: დიმიტრი შაშკინის ნებართვით 600-მდე ყალბი ატესტატი გაიცა

„გამოცდებზე ბარიერების საკითხი პოლიტიკური შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.“ – აღნიშნული განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, გასული წლის აგვისტოში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, ლოჯისტიკის დეპარტამენტში რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა, რომელთაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის პრეტენზია ჰქონდათ, თუმცა მათზე ატესტატები გაცემული არ იყო.

"ჩვენმა თანამშრომლებმა ეს მოსწავლეები ბაზაში მოძებნეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილები იყვნენ. ჩვენ განვუცხადეთ, რომ ჩაჭრილი ხარ და ამიტომაც ვერ მიიღებდი მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. მათ წარმოგვიდგინეს ატესტატები. კი ჩავიჭერით, მაგრამ ატესტატი მოგვცესო. ამ მოსწავლეთა რაოდენობა 600-მდეა". – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისი თქმით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამსვლელი ბარიერის დასადგენად დიდი შრომა გასწია, თუმცა, მინისტრი მასთან საუბარში აცხადებდა, რომ გამოცდაზე გამსვლელი პროცენტული ბარიერები უკვე პოლიტიკურად შეთანხმებული იყო.

"მე ვეუბნებოდი მინისტრს, რომ დიდია პროცენტი არაქართულენოვნებზე და იქნებ ცოტათი დავწიოთ, მინისტრი მეუბნებოდა, რომ ეს პროცენტი შეთანხმებული იყო და პოლიტიკურად მისაღები". – აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა.

მიმინოშვილის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მინისტრმა მას გაუგზავნა ბრძანებულება, სადაც ნათქვამი იყო, რომ იმ მოსწავლეებზე, რომლებიც ჩაიჭრნენ გამოსაშვებ გამოცდებზე, გაიცემა სხვა სერიის ატესტატი.

"როდესაც მე ვიკითხე, თუ რატომ ხდებოდა ეს, მინისტრმა მითხრა, რომ ეს იმათთვის არის გაკეთებული, ვინც სომხეთში და აზერბაიჯანში გააგრძელებდა სწავლას." – აღნიშნა მიმინოშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გუშინ განაცხადა, რომ შაშკინსა და მიმინოშვილს შორის წინააღმდეგობა იყო საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი თქმით, მიმინოშვილი წინააღმდეგი იყო ატესტატების გაცემაზე, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, რომ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელონ.

 

კომენტარები