ფეხბურთი

ევრო 2012: C ჯგუფი

სამეფო ფეხბურთის ფედერაცია – RFEF – დაარსდა 1909 წლის 14 ოქტომბერს მადრიდში.

სამეფო ფეხბურთის ფედერაცია – RFEF – დაარსდა 1909 წლის 14 ოქტომბერს მადრიდში.

ესპანეთი ფიფას რეიტინგი – 1

პირველი საერთაშორისო მატჩი: 20.08.1920 დანია – 1:0
ყველაზე დიდი გამარჯვება: 21.05.1933 ბულგარეთი – 13:0
ყველაზე დიდი მარცხი: 04.06.1928 იტალია და 09.12.1931 ინგლისი – 1:7
ყველაზე მეტი თამაში: იკერ კასილიასი – 128
ყველაზე მეტი გოლი: დავიდ ვილია – 51

გერმანიის შემდეგ ესპანეთმა ყველაზე მეტჯერ მოიგო ევროპირველობა – 1964 და 2008 წლებში. 1984 წელს ფინალში ითამაშა.

ესპანეთი ტურნირს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება: საკვალიფიკაციოში მოგებული რვავე მატჩი, წლეულს ერთადერთი ამხანაგური თამაში და 5:0 (ვენესუელასთან), შესანიშნავი ფეხბურთელები და, რა თქმა უნდა, დიდებული მწვრთნელი.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ბარსას კაპიტანი და ძირითადი მცველი კარლეს პუიოლი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დავიდ ვილია დააკლდებიან, პირენეელები მაინც ფავორიტთა შორის სახელდებიან – მონოლითური გუნდი, რომელიც წლებია საფეხბურთო სამყაროს მწვერვალზეა, ასეთი ვარაუდის უფლებას ნამდვილად იძლევა.

ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთმა ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარა: 26 მაისს შვეიცარიაში სერბეთს გაეჯიბრა, წინ კი ორი საწვრთნელი მატჩია – 30 მაისს, კვლავ შვეიცარიაში კორეასთან, 3 ივნისს კი სევილიაში ჩინეთთან.

11 სექტემბერს ესპანელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს თბილისში დაიწყებენ.

მწვრთნელი

ვისენტე დელ ბოსკე

საკლუბო დონეზე მადრიდის რეალთან ერთად ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში ყველაფერი მოიგო, ნაკრებში მისულმა კი სამუდამოდ შეაბიჯა ისტორიაში: 2010 წელს გუნდს ფიფას ოქროს თასი მოაგებინა!

დელ ბოსკე მსოფლიო რეკორდის მფლობელია – ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნიდან, მისმა გუნდმა ზედიზედ 13 მატჩი მოიგო! და თუ სტატისტიკა ვახსენეთ, ისიც დავძინოთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მატჩების 88,31% მოიგო!

1981 წელს დელ ბოსკემ თბილისში, მაშინდელ ვ. ი. ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე ითამაშა: რეალის მაისურით მოსკოვის სპარტაკის წინააღმდეგ.

ვარსკვლავი

ხავი

ნაკრების ვიცეკაპიტანი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, ევრო 2008-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ბარსას სული და გული, უამრავი საკლუბო თასის ამწევი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი!

ისევე, როგორც ოთხი წლის წინ ავსტრია-შვეიცარიაში, ხავი პოლონეთ-უკრაინაშიც გუნდის ტვინი იქნება.

108 მატჩი და 10 გოლი. ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბარსელონელი მხოლოდ კასილიასს ჩამორჩება.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 10

დაცვა – 9

ნახევარდაცვა – 10

თავდასხმა – 9

ჯამი: 38

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია – FIGC – დაარსდა 1898 წლის 16 მარტს ტურინში. FIGC უეფას ერთ-ერთი დამფუძნებელია.
იტალია ფიფას რეიტინგი – 12

პირველი საერთაშორისო მატჩი: 15.05.1910 საფრანგეთი – 6:2
ყველაზე დიდი გამარჯვება: 02.08.1948 აშშ – 9:0
ყველაზე დიდი მარცხი: 06.04.1924 უნგრეთი – 1:7
ყველაზე მეტი თამაში: ფაბიო კანავარო – 136
ყველაზე მეტი გოლი: ლუიჯი რივა – 35

იტალიამ ორჯერ უმასპინძლა ევროპირველობას: 1968 წელს ჩემპიონი გახდა, 1980-ში კი მეოთხე ადგილზე გავიდა. 1988 წელს სკუადრა აძურა ნახევარფინალში დამარცხდა, 2000 წელს – ფინალში.

ჩეზარე პრანდელის იტალიამ ევრო 2012-ის შესარჩევი დაუმარცხებლად დაასრულა: ათიდან რვა მატჩი მოიგო, მაგრამ ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა წააგო – ნოემბერში რომში დამარცხდა ურუგვაისთან, თებერვალში კი გენუაში აშშ-სთან.

შეძლებს იტალია ჯგუფიდან გასვლას? ეგებ, კითხვა უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ თუ ბოლო ორ ევროპირველობას გავიხსენებთ, უცნაური არაფერი იქნება: პორტუგალიაში ჯგუფში ჩარჩა, ავსტრია-შვეიცარიაში კი ძლივს გავიდა და მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა.

სკუადრა აძურა ევრო 2012-ს სწორედ ესპანეთთან მატჩით იწყებს, მანამდე კი ორ ამხანაგურს ჩაატარებს: 29 მაისს პარმაში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, 1 ივნისს კი ციურიხში რუსეთს დაუპირისპირდება.

დღევანდელ გუნდში მხოლოდ ოთხს უთამაშია ნაკრებში 50-ზე მეტჯერ. პოლონეთ-უკრაინაში ჩვენ იტალიას კიდევ ერთხელ გავიცნობთ.

მწვრთნელი

ჩეზარე პრანდელი

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ნაკრებში ამავე კლუბის ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი შეცვალა. ეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდა.

პირველივე პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი თავიდან იყო ასაშენებელი და ყველას მუხლჩაუხრელი შრომისკენ მოუწოდა. პრანდელის იტალიას ბევრი აკრიტიკებს, უმრავლესობა იწუნებს და ამხანაგურ მატჩებში არაერთ წაგებას ახსენებს, მაგრამ ვერც ისინი უარყოფენ ფაქტებს – არცთუ იოლ საკვალიფიკაციო ჯგუფში იტალიელებმა დაუმარცხებლად იარეს.

ცნობისათვის: პრანდელის შვილი ნიკოლო პარმას ფიტნესის მწვრთნელია.

ვარსკვლავი

ჯანლუიჯი ბუფონი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დღეს იტალიის ნაკრების კაპიტანია და ლეგენდარული ალესანდრო დელ პიეროს იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, კლუბშიც ამ სტატუსით ისარგებლებს.

ბუფონი ევროს ბრწყინვალე განწყობით ხვდება: ნანატრი სკუდეტო მოიგო!

2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდა, ოთხჯერ აღიარეს წლის მეკარედ მსოფლიოში, სამშობლოში კი რვაჯერ.

უფროს შვილს ტომასი კამერუნელი მეკარის ტომას ნკონოს პატივსაცემად დაარქვა.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 10

დაცვა – 9

ნახევარდაცვა – 8

თავდასხმა – 8

ჯამი: 35

ირლანდია ფიფას რეიტინგი – 18

პირველი საერთაშორისო მატჩი: 28.05.1924 ბულგარეთი – 1:0
ყველაზე დიდი გამარჯვება: 16.11.1983 მალტა – 8:0
ყველაზე დიდი მარცხი: 27.05.1982 ბრაზილია – 0:7
ყველაზე მეტი თამაში: შეი გივენი – 121
ყველაზე მეტი გოლი: რობი კინი – 53

ევროპირველობაზე ერთადერთხელ, 1988 წელს ითამაშა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ირლანდიის ნაკრებმა პოლონეთ-უკრაინაში თამაში შესარჩევი ტურნირის ფლეი-ოფში გაინაღდა: ესტონეთს ტალინში, პირველივე მატჩში მოუსპო ევროსაგზურზე ოცნება – 4:0. საპასუხო შეხვედრა დუბლინში ფრედ 1:1 დასრულდა. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ჯგუფს, ირლანდიელები მხოლოდ რუსეთს ჩამორჩნენ 2 ქულით.

ჯოვანი ტრაპატონის გუნდი შარშანდელი 24 მარტის შემდეგ დაუმარცხებელია: დუბლინში ურუგვაისთან 2:3 წაგების შემდეგ ირლანდიელებმა ზედიზედ 11 შეხვედრა ჩაატარეს წაუგებლად. საგულისხმოა, რომ სამხრეთამერიკელებთან თამაშის შემდეგ „სამყურებს” მხოლოდ 4 გოლი აქვთ გაშვებული...

ევროპის ჩემპიონატამდე ირლანდიელებს ერთი ამხანაგური თამაში დარჩათ: 4 ივნისს ბუდაპეშტში, „ფერენც პუშკაშზე” უნგრელებს გაეჯიბრებიან.

მწვრთნელი

ჯოვანი ტრაპატონი

ის 2008 წლის დასაწყისში დაინიშნა ირლანდიის ნაკრების თავკაცად – ჯოვანი ტრაპატონი გუნდის ისტორიაში პირველი არაბრიტანელი მწვრთნელია. პირველივე საკვალიფიკაციოში ირლანდიელებს სულ ცოტა დააკლდათ სამხრეთ აფრიკა 2010-ის საგზურის მოსაგებად – ფრანგებთან ფლეი-ოფში გუნდი მსაჯის უყურადღებობის და ტიერი ანრის ხელით თამაშის გამო დაზარალდა.10 ივნისს, ხორვატიასთან ჯგუფის პირველი მატჩი ჯოვანი ტრაპატონის სამწვრთნელო კარიერაში საიუბილეო, 1200-ე იქნება: ლეგენდარული სპეციალისტის გუნდებმა 1974 წლიდან დღემდე 600-ზე მეტი მატჩი მოიგეს.ჯოვანი ტრაპატონი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასთან ერთად უეფას ყველა საკლუბო ჯილდო მოიგო და თან, ერთ კლუბთან ერთად: იუვენტუსში მუშაობისას ჩემპიონთა, თასების, უეფას და ევროპის სუპერთასები აღმართა! ის ერთ-ერთია იმ ხუთთაგან (ერნსტ ჰაპელი, ჟოზე მოურინიუ, ტომისლავ ივიჩი, ბელა გუტმანი), რომლებსაც ჩემპიონის ტიტული 4 ქვეყანაში მოუგიათ.

ვარსკვლავი

რობი კინი

გუნდის კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

1998 წელს მან ევროპირველობა ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო, სულ ბოლო წარმატებას კი ამჟამინდელ კლუბთან, ლოს ანჯელეს გელექსისთან ერთად მიაღწია – MLS-ის თასი აღმართა.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრებს 3 გოლი გაუტანა: გერმანიის ქალაქ მაინცში ერთი, დუბლინში კი ორი.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 8

დაცვა – 7

ნახევარდაცვა – 7

თავდასხმა – 8

ჯამი: 30

ფეხბურთის ფედერაცია – HNS – დაარსდა 1941 წლის 16 ივლისს. სტატუსი აღიდგინა 1992 წლის 3 ივლისს.
ხორვატია ფიფას რეიტინგი – 8

პირველი საერთაშორისო მატჩი: 02.04.1940 შვეიცარია – 4:0
ყველაზე დიდი გამარჯვება: 06.06.1998 ავსტრალია და 07.10.2006 ანდორა – 7:0
ყველაზე დიდი მარცხი: 09.09.2009 ინგლისი – 1:5
ყველაზე მეტი თამაში: დარიო შიმიჩი – 100
ყველაზე მეტი გოლი: დავორ შუკერი – 45

ფედერაციის აღდგენის, ანუ 1992 წლის შემდეგ ნაკრებმა მხოლოდ ევრო 2000 გამოტოვა. 1996 და 2008 წლებში მეოთხედფინალში ითამაშა.

სლავენ ბილიჩის გუნდმა ევროსაგზური ფლეი-ოფში მოიპოვა: თურქეთს ორი მატჩის ჯამში 3:0 სძლია. შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობდა, ხორვატები ბერძნებს ჩამორჩნენ. ბალკანელებმა თემურ ქეცბაიას გუნდთან ქულები გაიყვეს: თბილისში 0:1 დამარცხდნენ, სპლიტში კი მანჯუკიჩის და კალინიჩის გვიანი გოლებით 2:1 იმარჯვეს.

ხორვატთა უდიდესი წარმატება 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მესამე ადგილია. ოქროს თაობის წასვლის შემდეგ (შუკერი, პროსინეჩკი, ბობანი, ბოქშიჩი), გუნდს მსგავსი წარმატებისთვის აღარ მიუღწევია.

2012 წელი ბილიჩის გუნდმა ზაგრებში შვედეთთან 1:3 წაგებით დაიწყო. პოლონეთში ჩასვლამდე ხორვატია კიდევ ერთხელ გაეჯიბრება სკანდინავიელებს – 2 ივნისს ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება.

მწვრთნელი

სლავენ ბილიჩი

43 წლის სპეციალისტი ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვების მონაწილეა – 1998 წელს საფრანგეთში ის მცველი იყო. საერთო ჯამში, 44-ჯერ მოირგო გუნდის მაისური და 3 გოლიც გაიტანა.ეროვნული 2006 წლის 1 აგვისტოს ჩაიბარა – მანამდე ახალგაზრდულს წვრთნიდა. მისი ხელში გუნდმა ევრო 2008-ის საკვალიფიკაციოში ინგლისი ჯგუფში ჩატოვა და ავსტრია-შვეიცარიის საგზური მოიპოვა.

გუნდს ტურნირის დასრულებისთანავე დატოვებს – მოსკოვის ლოკომოტივთან უკვე გააფორმა კონტრაქტი.

ევრო 2008-ის წინ ხორვატულმა როკჯგუფმა Rawbau-მ ნაკრებს მიუძღვნა სიმღერა, რომელიც მალევე გახდა ჰიტი. ნაკრების მწვრთნელი ბილიჩი იმ კომპოზიციაში გიტარაზე უკრავდა...

ვარსკვლავი

ლუკა მოდრიჩი

ევრო 2008-ზე, პირველივე მატჩში ავსტრიასთან მე-4 წუთზე მოდრიჩმა პენალტი გაიტანა. ევროპირველობების ისტორიაში ეს იყო ყველაზე ადრეული თერთმეტმეტრიანი. მომდევნო მატჩში ხორვატებმა გერმანელებს სძლიეს – ლუკა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა...

26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ხორვატ კრუიფსაც უწოდებენ, 2008 წლის ზაფხულიდან ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურში თამაშობს. შარშან ჩელსი მის სანაცვლოდ ჯერ 22, ხოლო შემდეგ 27 მილიონ გირვანქას იხდიდა, მაგრამ კლუბმა ტრანსფერი იუარა.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე – 7

დაცვა – 7

ნახევარდაცვა – 9

თავდასხმა – 7

ჯამი: 30

 

 

კომენტარები