ფეხბურთი

ცისფერი მთები ანუ ფეხბურთის ფედერაცია

ზვიად სიჭინავა

რამდენიმე დღის წინ ქართულ ფეხბურთში მორიგი ტრაგიკომიკური სპექტაკლი გათამაშდა:

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე პირველობას 52-52 ქულით რუსთავის მეტალურგი და ზესტაფონი ლიდერობდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცხრილში პირველ ადგილზე მეტალურგი იყო, ზესტაფონი კი ამას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ პირველ და მეორე ეტაპებზე საერთო ჯამში მეტი მოგება ჰქონდა და შესაბამისად, ჩემპიონატის დებულების მიხედვით, ლიდერიც ის იყო (ამას ადასტურებდა უეფას ოფიციალური ვებგვერდიც).

2011-2012 წლების საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის და თასის გათამაშების დებულებაში შავით თეთრზე წერია:

4.4 – უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

4.4.1 – ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა

4.4.2 – უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები...

ამის საპასუხოდ, სფფ-მ კლუბებისთვის 15 მარტს, საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის სახელით გაგზავნილი წერილი მოიშველია. იქ ნათქვამი იყო, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვეოდა დებულების 4.4.1 მუხლის მიხედვით (საგულისხმოა, რომ ეს წერილი გუნდებმა მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ანუ პირველი ტურიდან სამ დღეში მიიღეს), თუმცა არ იყო განმარტებული, რომ მხედველობაში მიიღებდნენ პირველი ეტაპიდან გადაყოლილ მოგებებს და ფლეი-ოფში გამარჯვებებს.

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პოზიცია უცვლელი დარჩა: გუნდი ლიდერად თვლიდა თავს და ფედერაციას სამართლიანად უცხადებდა, რომ:

15 მარტის წერილი დებულებას არ ცვლიდა, რადგან ეს დებულება მიიღო სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა და მასში ცვლილების უფლება მხოლოდ აღმასკომს ჰქონდა.

ანუ: საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის საგანგებო წერილს, თუნდაც ის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერით ყოფილიყო, იურიდიული ძალა არ გააჩნდა.

17 მაისს, XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის უკანასკნელ ტურამდე სამი დღით ადრე, ზესტაფონის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წესდებით ლიდერი ზესტაფონია და მისი კლუბი უსამართლობას არ შეეგუება. იმავე საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა არენას ესტუმრა. კითხვაზე, რუსთაველებმა და ზესტაფონელებმა თანაბარი ქულებით თუ დაასრულეს პირველობა, ვის მიენიჭება ჩემპიონის ტიტული, სიჭინავამ უპასუხა: რუსთავს!

20 მაისს ჩემპიონატი დასრულდა. მეტალურგმა ფოთში კოლხეთი 2:0 დაამარცხა. ზესტაფონმა შინ მარტვილის მერანს 3:0 სძლია და ორივე გუნდმა 55-55 ქულა დააგროვა.

პირველობა იზეიმეს ზესტაფონში. ოქროს მედლების მოგება ფოთში აღნიშნეს რუსთაველებმაც. როგორც საბოლოოდ გაირკვა, მეტალურგი ნაადრევად ხარობდა, რაც რუსთაველი ფეხბურთელებისთვის, გამომდინარე ფედერაციის უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური საქციელიდან, ნამდვილად დამამცირებელი იყო.

21 მაისს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა.

თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, აღმასკომმა – 13 მომხრე, 1 წინააღმდეგი – დაადგინა:

საქართველოს 2011-12 წლების XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.4.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს 2011-12 წლების ჩემპიონად გამოცხადდეს ზესტაფონის ზესტაფონი, რადგან ჩემპიონატის განმავლობაში ზესტაფონმა მოიგო 24 მატჩი, ხოლო მეტალურგმა – 19.

სხდომის დასრულების შემდეგ სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა: „საქართველოს ჩემპიონად გამოცხადდა ზესტაფონი, რადგანაც აღმასკომმა დაადგინა, რომ დებულებაში ნახსენები სიტყვა „ჩემპიონატი” გულისხმობს მთელ ჩემპიონატს და არა მის რომელიმე სტადიას”.

 

სამწუხაროა, რომ ზესტაფონს შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა სტადიონის გარდა სფფ-ის პრეზიდენტის კაბინეტშიც მოუხდა.

უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავეში ისიც კი არ იციან, თუ რა წერია მათ მიერვე შედგენილ უმთავრეს დოკუმენტში.

 

კომენტარები