კანის კინოფესტივალი

კანის და მისი რჩეულების შესახებ

ჟიურის წევრები გახსნის ცერემონიაზე

ჟიურის წევრები გახსნის ცერემონიაზე
ამბობენ, კანის ფესტივალი იმ მასშტაბის ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიო პრესა ოლიმპიური თამაშების შემდეგ ყველაზე ფართოდ აშუქებს. ამდენად, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ოლიმპიური დევიზი „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება”, კანის ფესტივალს ზედმიწევნით მიესადაგება. მსოფლიოში ალბათ არ არსებობს არცერთი კინემატოგრაფისტი, რომელიც თავისი ნამუშევრის კანში ჩვენებაზე არ ოცნებობს, არ აქვს მნიშვნელობა ძირითად კონკურსში, თუ რომელიმე პარალელურ პროგრამაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ოფიციალურ საკონკურსო პროგრამასთან ერთად არანაკლებ პრესტიჟული გახდა „განსაკუთრებული ხედვა”, სადაც ორგანიზატორები ცდილობენ, რომ არაორდინარული თემისა და სტილის ფილმებს მოუყარონ თავი.

წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 65-ედ იმართება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა ფესტივალის ოფიციალურ პოსტერად შეარჩიეს სურათი, სადაც მერილინ მონრო ცდილობს სულის შებერვით ჩააქროს საიუბილეო ტორტის სანთელი. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალს უძღვებოდა წლევანდელი ოსკარების ტრიუმფატორი ფილმის, „არტისტის” ვარსკვლავი ბერენის ბეჟო, რომელმაც მაყურებელს ჟიურის თავმჯდომარე ნანი მორეტი და დანარჩენი წევრები წარუდგინა.

კრიტიკოსთა შეფასებით, ფესტივალის გახსნისთვის ორგანიზატორებმა კარგი არჩევანი გააკეთეს. ამერიკელი რეჟისორის, ვეს ანდერსონის ფილმი „სავსე მთვარის სამეფო” კეთილი ზღაპარია ყველასგან მიტოვებული 12 წლის გოგონასა და ბიჭის პირველ სიყვარულზე. ფილმი დადებითად შეაფასეს როგორც „საავტორო კინოს”, ასევე „მეინსტრიმის” თაყვანისმცემლებმა. ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ ფილმში მონაწილე ვარსკვლავები: ბრიუს უილისი, ედვარდ ნორტონი, ტილდა სუინტონი და ბილ მიურეი.

კანს თავისი „რჩეულები” ჰყავს, რომელთა პრემიერები სწორედ ლაჟვარდოვან სანაპიროზე იმართება ხოლმე: პედრო ალმოდოვარი, კვენტინ ტარანტინო, ძმები კოენები, ძმები დარდენები, ემირ კუსტურიცა, ფესტივალის დირექციის მიერ შარშან შერისხული ლარს ფონ ტრიერი. მართალია, წლევანდელ პროგრამაში არცერთი მათგანის ფილმი არაა წარმოდგენილი, მაგრამ „რჩეულთა” გარეშე არც საიუბილეო ფესტივალი დატოვეს. ამას ადასტურებს ისიც, რომ საკონკურსო

იხაელ ჰანეკე, იზაბელ იუპერი და ჟან-ლუი ტრენტინიანი
პროგრამაში მონაწილეობენ ავტორები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, ოქროს პალმის რტო აქვთ მიღებული.

ირანელი რეჟისორის აბას ქიაროსთამის აღიარება ირანული კინოს საყოველთაო დაფასებასთან ერთად დაიწყო. მან 1997 წელს მოიპოვა ოქროს პალმა ფილმით „ალუბლის გემო”. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ქიაროსთამის ხელოვნება უფრო „ევროპული” გახდა, რამაც მის შემოქმედებას ბევრი ვერაფერი შესძინა. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს რეჟისორის მიერ კანში წარმოდგენილი ბოლო ნამუშევარი: მოხუცი მარტოხელა მამაკაცის და ახალგაზრდა მეძავი ქალის ურთიერთობაზე შექმნილი „თითქოს შეყვარებული”.

როგორც სტატისტიკის მოყვარულებმა გამოთვალეს, კანის კინოფესტივალში მონაწილეობით პირველ ადგილზეა ინგლისური სოციალური კინოს ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი კენ ლოუჩი. წელს ის მეთექვსმეტედ წარმოადგენს თავის ფილმს. ამ ხნის განმავლობაში ლოუჩს მრავალი პრიზი აქვს მიღებული, ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას კი 2006 წელს მიაღწია ოქროს პალმით აღნიშნული სურათით „ქარი, რომელიც არხევს თავთავს”. წლევანდელი საკონკურსო ფილმის, „ანგელოზის ხვედრის” ჩვენება ფესტივალის ბოლო დღეებშია დაგეგმილი.

2007 წელს კანში ნამდვილი ფურორი მოახდინა რუმინელი რეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმმა „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე”. მან სრულიად სამართლიანად დაიმსახურა ოქროს პალმის რტო და სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ყველა

კენ ლოუჩი
რუმინული კინოს ფენომენზე. რეჟისორის წლევანდელი ფილმის – „გორაკებს მიღმა” – სიუჟეტი რუმინეთის ერთ-ერთი პროვინციის მართლმადიდებლურ მონასტერში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა გოგონა, ალინა, იმ მეგობრის მოსანახულებლად ჩადის, რომელთან ერთადაც ბავშვთა სახლში იზრდებოდა. მონასტრის წინამძღვარი და იქ მცხოვრები მონაზვნები ცდილობენ, გოგონა ჭეშმარიტების გზაზე დააყენონ და რწმენა ჩაუნერგონ, თუმცა ალინას განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს. საეკლესიო წესებთან შეუგუებლობისა და განუწყვეტელი პროტესტის გამო, მონასტრის მსახურები გადაწყვეტენ, რომ გოგონას ეშმაკი ჩაუსახლდა და მისი განდევნა ლოცვითაა შესაძლებელი. ამ რიტუალის მიხედვით, მონასტრის მსახურებს ალინა დაბმული ჰყავთ და „ეშმაკი რომ არ გაძლიერდეს”, საკვებს არ აძლევენ. შედეგად, გოგონა იღუპება – „ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ უშვებენ ადამიანები უდიდეს შეცდომებს რწმენის სახელით”, – ამბობს მუნჯიუ. მიუხედავად იმისა, რომ საპრემიერო ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიის ნაწილი ფილმს სტვენით შეხვდა, ფესტივალის ყოველდღიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით ის მთელი კვირის მანძილზე ინარჩუნებდა ლიდერობას.

კანის კინოფესტივალზე ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმებს. ამის დასტურია, რომ კანში მის ნამუშევრებს პრიზის გარეშე არ ტოვებენ („პიანისტი ქალი” – ჟიურის პრიზი, 2001 წელი; „თეთრი ბაფთა” – ოქროს პალმის რტო, 2009 წელი). ამჯერად ჰანეკე მაყურებელს „სიყვარულს” სთავაზობს, ახალ ნამუშევარს მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე. ფილმში მთავარ როლებს თავიანთი გმირებივით ხანდაზმული ფრანგული კინოს აღიარებული მსახიობები, ჟან-ლუი ტრენტინიანი და ემანუელ რივა ასრულებენ.

ფილმის “გორაკებს მიღმა” გადამღები ჯგუფი
კრიტიკოსთა აზრი ორად გაიყო ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ახალ ფილმთან „ჟანგი და ძვალი” დაკავშირებით. ზოგს ის კატეგორიულად არ მოეწონა, ზოგი კი პალმის რტოს უეჭველ პრეტენდენტად მიიჩნევს. მსახიობები მარიონ კოტიარი და მატიას შუნარტსი ძალიან დამაჯერებლები არიან იმ მელოდრამატული ამბის გადმოცემისას, რომელიც ყველას გასაკვირად, ფრანგული საავტორო კინოს აღიარებულმა მეტრმა შეარჩია.

იტალიელმა რეჟისორმა მატეო გარონემ წელს კანში ტრაგიკომიკურ ჟანრში გადაღებული ფილმი „რეალითი შოუ” აჩვენა. მთავარი გმირი, ლუჩიანო, შეპყრობილია სატელევიზიო შოუში მონაწილეობის სურვილით. დროთა განმავლობაში ეს იდეა ისტერიაში გადაეზრდება და მეოჯახე მამაკაციდან გადაიქცევა შეშლილ პარანოიდად, რომელსაც ეჩვენება, რომ შოუს ორგანიზატორები უთვალთვალებენ, რომ მის ცხოვრებას კარგად გაეცნონ და ამის შემდეგ მიიღონ შოუში. საბოლოოდ, ლუჩიანო იმედგაცრუებული რჩება, თუმცა სურვილს ნაწილობრივ მაინც აისრულებს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცის მთავარ როლს შესანიშნავად გაართვა თავი მსახიობმა ანიელო არენამ, რომელსაც ამჟამად ოცწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და ფილმში მონაწილეობის მისაღებად დროებით გამოუშვეს.

კონკურსში ნაჩვენებ ყველაზე სკანდალურ ფილმად შეიძლება ავსტრიელი რეჟისორის ულრიხ საიდლის ნამუშევარი „სამოთხე: სიყვარული” ჩაითვალოს. ის სექსტურიზმის წინააღმდეგაა მიმართული. კანის აუდიტორია ამ ფილმმაც ორად გაყო: ზოგი თვლის, რომ ჭარბად გამოყენებული ნატურალისტური სცენები ამაზრზენია, სხვები კი მიიჩნევენ, რომ სექსუალური სცენები ფილმს მხატვრულ ღირებულებას და დამაჯერებლობას ჰმატებს. „სამოთხე: სიყვარული”

ბრიუს უილისი და ბილ მიურეი
მოგვითხრობს საშუალო ასაკის მარტოხელა ავსტრიელ ქალზე, რომელიც დაბადების დღის აღსანიშნავად მიემგზავრება კენიის სანაპიროზე, სადაც ადგილობრივი შავკანიანი მამაკაცების სექსუალური მომსახურებით სარგებლობაა შესაძლებელი.

კონკურსში ნაჩვენებ ფილმებს შორის გამოირჩევა დანიელი რეჟისორის, ტომას ვინტერბერგის ფილმი „ნადირობა”, რომელიც ჯერჯერობით ჩემი ფავორიტია. როგორც რეჟისორი ამბობს, „ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ტყუილი იქცეს სიმართლედ, თუ მას ყველა დაიჯერებს”. ფილმი აღწერს საბავშვო ბაღის ახალგაზრდა მასწავლებელი მამაკაცის ცხოვრებას, რომელსაც მისი საუკეთესო მეგობრის პატარა გოგონა უსამართლოდ ადანაშაულებს პედოფილიაში, რის შემდეგაც მთავარი გმირის ცხოვრება სრულიად იცვლება. გარდა იმისა, რომ საქმე პოლიციამდე მიდის, მისი რეპუტაცია შელახულია, არავის სურს მასთან ურთიერთობა, იგი იძულებულია განსაცდელს მარტო გაუმკლავდეს და ერთადერთ გულშემატკივრად მისი ვაჟი რჩება. ფილმში მთავარ როლს ასრულებს დანიელი მსახიობი მედს მიქელსენი, რომელიც, ვფიქრობ, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზს ნამდვილად იმსახურებს.

და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ფესტივალის ნახევარია განვლილი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას – როგორც მოსალოდნელი იყო, კანის კინოფესტივალი ამჯერადაც ინარჩუნებს თავის რეპუტაციას. მით უმეტეს, რომ აქ ჯერ კიდევ ელიან ისეთი გამოჩენილი რეჟისორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ალენ რენე, კენ ლოუჩი, დევიდ კრონენბერგი, ლეო კარაქსი, ვალტერ სალესი, კარლოს რეიგადასი...

კომენტარები