Christie’s აუქციონი

მარსიანული ვარდისფერი

თითქმის ყველა უცხოური საინფორმაციო სააგენტო გამოეხმაურა Christie’s აუქციონზე -  „ჰონგკონგის შესანიშნავი ძვირფასეულობა“ (Hong Kong Magnificent Jewels) - მომხდარ გუშინდელ ამბავს, როდესაც ტოპ-ლოტად აღიარებული, უიშვიათესი ბრილიანტით - „მარსიანული ვარდისფერით“ დამშვენებული ოქროს ბეჭედი ყველასთვის მოულოდნელად 17,4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

„მარსიანული ვარდისფერი“ აუქციონის მთავარი „გმირი“ იყო. ამის მიუხედავად, ძვირადღირებულ ბეჭედში გადახდილმა ფასმა ყოველგვარ მოლოდინსა და ექსპერტების მიერ წინასწარ გაკეთებულ გათვლებს გადააჭარბა. ჰონგკონგში ორგანიზებული აუქციონის დაწყებამდე ყველა ვარაუდობდა, რომ უიშვიათესი ბრილიანტის სამკაული მაქსიმუმ 8-12 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა და ვერავინ იფიქრებდა თუ მასში 17,4 მილიონს გადაიხდიდნენ. კონკრეტულ ლოტზე ვაჭრობა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. „მარსიანული ვარდისფერის“ მყიდველმა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა და ანონიმად დარჩა.

 „მარსიანული ვარდისფერი“ - ეს სახელწოდება 12,04 კარატიან ბრილიანტს 1976 წელს „ნასას“ მარსიანული მისიის ფარგლებში განხორციელებული კოსმოსური აპარატების გაშვების საპატივსაცემოდ დაარქვეს. ძვირფასეულობაზე იმუშავა საიუველირო კომპანიამ Harry Winston. როგორც JCK online აღნიშნავს, „მარსიანული ვარდისფერი“ ყველაზე დიდი ვარდისფერი ბრილიანტია მათ შორის, რომელიც კი აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.

29 მაისის  Christie’s აუქციონმა 80 მილიონი დოლარი ივაჭრა. მასზე წარმოდგენილი ლოტების 79 პროცენტი გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ვარდისფერი ბრილიანტებიდან ყველაზე ცნობილია  24 კარატიანი ქვა, რომელიც 1947 წელს, დამუშავების შემდეგ, ელისაბედ მეორეს როგორც საქორწილო საჩუქარი ისე მიართვეს.            

კომენტარები