განათლების სისტემა

მაია მიმინოშვილი: საეჭვო ატესტატების საქმე ამ დრომდე საქმის ინტერესების გამო არ გახმაურდა

საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც საეჭვო ატესტატების საქმე ამ დრომდე არ გახმაურდა.

სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ გასულ წელს ატესტატების უკანონოდ გაცემის ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის განმარტებით, შესაბამისი უწყებების საქმის კურსში ჩაყენებით გამოცდების ცენტრს ჰქონდა გარანტია, რომ რეალურად ატესტატის არმქონე მოსწავლეები მომდევნო წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სხვა აბიტურიენტების კონკურენტები არ გახდებოდნენ.

"გარანტორები თავად ჩვენ ვიყავით. მონაცემთა ბაზებში არსებული ყველა ჩანაწერი იყო რეალური ბერკეტი, რომ ამ ვალდებულებას შევასრულებდით და მისაღები გამოცდების მთავარ პრინციპს არაფერი დაემუქრებოდა. უკვე დღეს ასეთი გარანტიები, ჩვენი მხრიდან აღარ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც ფაქტები საჯარო არ გახდა, მიმინოშვილმა „საქმის ინტერესები" დაასახელა.

მაია მიმინოშვილმა დიმიტრი შაშკინის ნებართვით 600-მდე ყალბი ატესტატის გაცემასთან დაკავშირებით განცხადება 29 მაისს გააკეთა. მისი თქმით, გასულ წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის პრეტენზია რამდენიმე ახალგაზრდამ გამოთქვა, რომლებზეც ატესტატები გაცემული არ იყო. მონაცემთა ბაზის გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ისინი ჩაჭრილები იყვნენ.

მიმინოშვილის ბრალდებებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უპასუხეს და განმარტეს, რომ სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატი ორი კატეგორიის 298-მა კურსდამთავრებულმა აიღო. პირველი კატეგორიაა ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

 სამინისტროს განცხადებით, მეორე კატეგორიაში 14 განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლე შედის, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან იმ უნივერისტეტებში, სადაც ჩარიცხვის მკაცრი მექანიზმები მოქმედებს.

 

კომენტარები