უწყებათაშორისი კომისია განცხადებასა და რეკომენდაციას ავრცელებს

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის განცხადებასა და რეკომენდაციას ავრცელებს.

”ნებისმიერი საჯარო უწყების წარმომადგენელს, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით განსაზღვრული სხვა პირებისა, აქვს სრული უფლება, ღიად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის წარმოება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ.” - ნათქვამია განცხადებაში.

კომისია განმარტავს, რომ ზემოხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობების პირებზე: პარლამენტარებზე, პრეზიდენტზე, მინისტრებზე, მინისტრების მოადგილეებზე, საკრებულოს წევრებზე, გამგებლებზე, გუბერნატორებზე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებსა თუ იმავე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებზე.

უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან უფლებამოსილნი დაავალდებულონ ხელქვეითები წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიებში მონაწილეობა მიიღონ ან არ მიიღონ.

”საჯარო მოხელეების ან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლების გათავისუფლება მათი ან მათი ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების გამო კატეგორიულად დაუშვებელია. თუმცა, ეს შეზღუდვა მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრულ პირებზე ვრცელდება და არ გულისხმობს ისეთ ვითარებებს, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირს არსებითი აზრთა სხვადასხვაობა აქვს მის მიმართ დაქვემდებარებული სტრუქტურის ხელმძღვანელთან უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასეთ შემთხვევებში, გათავისუფლება უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ უწყებრივ პოლიტიკასა და შიდა საკითხებს და არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიღმა გამოხატულ პოლიტიკურ სიმპათიებს თუ ანტიპათიებს.” - ვკითხულობთ განცხადების ბოლოს.

რაც შეეხება რეკომენდაციას, უწყებათაშორისი კომისია განმარტავს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საჯარო სექტორიდან თანამშრომლების პოლიტიკური მოტივაციით გათავისუფლების პრობლემას აწყდებიან. ყველა ის შემთხვევა, სადაც მსგავსი ნიშანი იკვეთება, კომისიის რეკომენდაციით შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

”ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ უწყებებში ოპტიმიზაციის, შემცირებების ლეგიტიმური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს და ხშირად რთული იყოს უტყუარი ფაქტის დადგენა ამა თუ იმ პირის გათავისუფლების რეალური მოტივის შესახებ.” - ნათქვამია რეკომენდაციაში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოების და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების, ასევე საჯარო სკოლების დირექტორების მხრიდან თანამშრომელთა პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას იძლევა:

”ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათთვის დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს საარჩევო პროცესის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე დაგეგმილი ან შესაძლო ოტპიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.”

 

კომენტარები