განათლების სისტემა

გამოცდების ცენტრის ყოფილი თანამშრომლები უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას ითხოვენ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ. ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აღმოჩნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული პოზიციის მიუხედავად, მინისტრ დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა და ხშირ შემთხვევაში, გავრცელებულმა არაობიექტურმა ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების აუცილებლობა დაანახათ.

"სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება", - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობასა და ობიექტურობას და ქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას.

"გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი კატეგორიულლად ეწინააღმდეგებოდა მინისტრის მხრიდან ცენტრის მუშაობაში უხეშად ჩარევის ფაქტებს. ამის კარგი მაგალითია სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით. ცვლილების ამ პროექტს კატეგორულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და მთელი კოლექტივი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გარემოება გახდა. მათივე განმარტებით, ისინი რჩებიან საჯარო სივრცეში, თუმცა საჯარო სამსახურის გარეთ.

"ასევე, გვსურს საერთაშორისო და უფლებადმცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და დაშინება. ასევე, კატეგორულად მოვითხოვთ სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუწესრიგებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რატომ გაატარა მან ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს". - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში.

 

კომენტარები