სირია

სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების მორიგი მასობრივი მკვლელობა განხორციელდა

უცხოურ ინტერნეტსაიტებზე ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელზეც სირიის რამდენიმე დაღუპული მოქალაქეა აღბეჭდილი. BBC - ის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების მორიგი მასობრივი მკვლელობა პროსახელისუფლებო სამხედრო ძალებმა განახორციელეს.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ქუსაირთან ახლოს მდებარე სოფელში ადგილობრივი ფაბრიკის 13 მუშას სატრანსპორტო საშუალება მთავრობასთან დაკავშირებულმა პირებმა დაატოვებინეს და მათ ცეცხლი გაუხსნეს.

გასულ კვირაში სირიის ქალაქ ხულაში განხორციელებულ ფართომასშტაბიან დაბომბვასთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განცხადება გაკეთდა, რომლის თანახმადაც, მომხდარში მთავარ ეჭვმიტანილად სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები მიიჩნევიან.

ხულაში გასულ კვირაში 100–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ათობით მცირეწლოვანი ბავშვი.

ოფიციალური დამასკო, თავის მხრივ, მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობას ოპოზიციასთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ აკისრებს.

 

კომენტარები