სირიის რეჟიმი

ანგელა მერკელი: გერმანია და რუსეთი სირიაში კონფლიქტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი და გერმანია მხარს უჭერენ სირიაში კონფლიქტის შეწყვეტის საკითხს. მერკელის თქმით, ორი ქვეყნის მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სირიამ სამოქალაქო ომი თავიდან აიცილოს.

ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ბერლინს თავისი პირველი ოფიციალური ტურნეს ფარგლებში ეწვია, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ არცერთ რადიკალურს მხარეს არ ემხრობა. მისი თქმით, რუსეთი წინააღმდეგია სირიაში მკაცრი ძალისმიერი ზომების გატარების.

ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი სირიის სამოქალაქო ომისთვის იარაღით უზრუნველყოფას არ ახორციელებს.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სირიაში ძალადობის შეწყვეტის მიზნით, ქვეყანაში მკაცრი ზომების გატარებასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის პოზიცია სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაცრად გააკრიტიკა.

ბერლინში პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც რუსეთის პრეზიდენტი სირიაში არსებული ვითარებისადმი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკეს. მათი პროტესტი რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევისაკენაც იყო მიმართული.

 

კომენტარები