ევრო 2012

ინგლისმა ლამპარდი დაკარგა

ევრო 2012-ის ერთ-ერთ ფავორიტს ინგლისის ნაკრებს პოლონეთ-უკრაინაში გამოცდილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ვერ დაეხმარება: ლონდონის ჩელსის ვიცე-კაპიტანმა ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო. გუნდის თავკაცმა როი ჰოჯსონმა მის ნაცვლად ლივერპულის შუახაზელს ჯორდან ჰენდერსონს უხმო.

”ფრენკის არყოფნა ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე დავკარგეთ ერთი გამოცდილი ნახევარმცველი - გარეთ ბერი,” - განაცხადა ინგლისელთა თავკაცმა საგანგებო პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, მან ექიმებს ლამპარდის კიდევ ერთხელ გამოკვლევა სთხოვა, თუმცა იგივე პასუხი მიიღო: სამედიცინო შტაბმა მძიმე ტრავმა დაადასტურა.

”ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თან, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. გული მწყდება, რომ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გუნდი ჩემპიონთა თასამდე მიიყვანა, ასეთ დიდ ტურნირზე ვერ იასპარეზებს,” - დასძინა როი ჰოჯსონმა.

ფრენკ ლამპარდმა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით 90 მატჩში 23 გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატზე კი ერთადერთხელ იასპარეზა: 2008 წელს, პორტუგალიაში საფრანგეთს, ხორვატიას და პორტუგალიას გაუტანა.

ლამპარდის და ბერის შეცვლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების განაცხადში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ:

მეკარეები: ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), რობერტ გრინი (ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი), ჯეკ ბატლენდი (ბირმინგემ სიტი)

მცველები: ლეიტონ ბეინსი (ლივერპულის ევერტონი), გარი კეჰილი, ეშლი კოული, ჯონ ტერი (ყველა ლონდონის ჩელსი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯოლეონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), სტიუარტ დაუნინგი, ჯორდან ჰენდერსონი, სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, თეო უოლკოტი (ლონდონის არსენალი), სკოტ პარკერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი)

თავდამსხმელები: ენდი კეროლი (ლივერპული), ჯერმეინ დეფო (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), უეინ რუნი, დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი)

კომენტარები