უეფას ჩემპიონთა ლიგა

ტერის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ლონდონის ჩელსის კაპიტანი ჯონ ტერი ევროტურნირებში 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში, ბარსელონასთან ფრედ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში უხეშობისთვის გააძევეს - ინგლისელმა კატალონიელთა ჩილელ თავდამსხმელს ალექსის სანჩესს უკნიდან ჩაარტყა ფეხი.

ხსენებული კომიტეტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ტერის მიუნხენში, ბაიერნთან მოგებული ფინალი, რომელშიც ვერ იასპარეზა, გამოტოვებულ შეხვედრად ჩაეთვალა. 2012-2013 წლების სეზონში ის კიდევ ორ მატჩში ვერ დაეხმარება თავის კლუბს.

ჯონ ტერი, რომელიც უეფამ 2005, 2008 და 2009 წლებში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად აღიარა, დღეს ინგლისის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ცნობისათვის: ლონდონური კლუბის მაისურით 31 წლის მცველმა 537 ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა და 49 გოლი გაიტანა. ჩელსისთან ერთად ჯონ ტერიმ 13 ტიტული მოიგო, მათ შორის ხუთჯერ ასოციაციის თასი.

კომენტარები