ინგლისის პრემიერლიგა

ჩეხი ჩელსიში 2016 წლამდე

მიხარია, რომ ამ დიდი კლუბის წევრი კიდევ ოთხი წლის განმავლობაში ვიქნები, - განაცხადა ჩეხეთის ნაკრების და ლონდონის ჩელსის კარის დარაჯმა პეტრ ჩეხმა.

30 წლის ფეხბურთელმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ აღიარეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ, ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა.

ჩეხი ლონდონური კლუბის საკუთრება 2004 წლის თებერვალში გახდა, თუმცა გუნდში რამდენიმე თვის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ჩაირიცხა. რომან აბრამოვიჩის კლუბმა ჩეხი მეკარის სანაცვლოდ საფრანგეთის რენს 7 მილიონი გირვანქა გადაუხადა - ასეთი დიდი თანხა მეკარის სანაცვლოდ კლუბს არც მანამდე გაუღია და არც მას შემდეგ.

პეტრ ჩეხმა დედაქალაქური კლუბის მაისურით 369 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის 254 ინგლისის პრემიერლიგაში, 74 კი ჩემპიონთა ლიგაში. აქედან თითქმის ნახევარში, 178 მატჩში მან გოლი არ გაუშვა.

369 ოფიციალური თამაშით პეტრ ჩეხი ლონდონური კლუბის რეკორდსმენია: ამდენი მატჩი ჩელსის მაისურით არაინგლისელს არ უთამაშია!

სტემფორდ ბრიჯზე გატარებულ წლებში მეკარემ სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა (2005, 2006, 2010), ოთხჯერ აღმართა ასოციაციის თასი (2007, 2009, 2010, 2012), ორ-ორჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი (2005, 2007) და სუპერთასი (2005, 2009), ახლახანს, მაისში კი ჩემპიონთა თასიც მოიპოვა.

ინგლისში გადასვლის შემდეგ ტანმაღალი მეკარე ჩეხმა ჟურნალისტებმა 7-ჯერ დაასახელეს წლის ფეხბურთელად, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი ეს ტიტული 5-ჯერ მიანიჭა.

კომენტარები