ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

27 მაისს, საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ აქციაზე, თავისუფლების მოედანზე კოალიციის ათეულათასობით მომხრე შეიკრიბა. მათ წინაშე გამოსვლისას ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებს „ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი” უწოდა და განაცხადა, რომ მისი კოალიცია ამ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

ივანიშვილმა კოალიციის პრიორიტეტები ჩამოაყალიბა – ბრძოლა იმისთვის, რომ „გამთლიანებული, დემოკრატიული და წელში გამართული საქართველო გახდეს ევროკავშირის, NATO-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი”. ასევე – ყველა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, სასამართლო – სამართლიანი, მედია – დამოუკიდებელი, ბიზნესი – ხელშეუხებელი. ემიგრანტები სამშობლოში, დევნილები კი თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.

მან კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა. „ჩვენ ვერ გპირდებით სასწაულს, მაგრამ მაქსიმალურს გავაკეთებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

აქციაზე გაჟღერებული დაპირებების უდიდესი ნაწილი სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს ეხებოდა. ივანიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნება შეძლებს, „უმუშევრობის პრობლემა მინიმუმამდე დაიყვანოს”, განსაკუთრებული აქცენტი კი ახალგაზრდობის დასაქმებაზე უნდა გაკეთდეს.

ივანიშვილმა მიტინგზე რამდენიმე კონკრეტული საკითხიც გააჟღერა – ქართული ოცნება საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფოს ხარჯზე სამედიცინო დაზღვევას ჰპირდება. გარდა ამისა, კოალიცია „ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს”.

მისი თქმით, პენსიონერებს „ღირსეულად ცხოვრებისათვის” აუცილებელი პენსია ექნებათ. ივანიშვილს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა რამდენიმე დღით ადრე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მინიმალური პენსიის ოდენობა ქვეყანაში 220 ლარი უნდა გახდეს.

მოგვიანებით რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ ქართული ოცნების გეგმით, სახელმწიფომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევით (მათი შემოსავლის მიუხედავად). მაგალითისთვის მან მოიყვანა აშშ-ის სამედიცინო დაზღვევის რეფორმა, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია ახორციელებს.

ამ რეფორმის მიზანი, 2019 წლამდე დამატებით 32 მილიონი ამერიკელის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფაა. თუმცა, ის მაინც ვერ მოიცავს აშშ-ის ყველა მოქალაქეს. რეფორმამდე აშშ ერთ სულ მოსახლეზე, ჯანდაცვის სფეროში, წელიწადში 7,5 ათას დოლარს ხარჯავდა. ახალი ინიციატივა, დამატებით, დაახლოებით ტრილიონ დოლარს მოითხოვს, მისი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო კი უნდა გახდეს ახალი აქციზური გადასახადი, რომელიც შედარებით ძვირი სადაზღვევო პაკეტების მფლობელებმა უნდა გადაიხადონ.

ქართული ოცნების წარმომადგენლებს პენსიებთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინიციატივების დაფინანსების კონკრეტული გაანგარიშებები ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ, გადასახადების შესაძლო ზრდაზე საუბრისგან კი თავს იკავებენ. საჭირო თანხების წყაროებზე ივანიშვილის გუნდში ბუნდოვნად საუბრობენ. მაგალითად, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება „საბიუჯეტო ხარჯების პრიორიტეტებს” გადახედავს და „ხიდების, პრეზიდენტის სასახლეებისა და ანაკლია2-ის” მშენებლობის ნაცვლად, გამოთავისუფლებულ თანხებს „გაჭირვებულ ადამიანებს მოახმარს”.

ბიძინა ივანიშვილის პირობა იმის თაობაზე, რომ პრიორიტეტად ახალგაზრდობის დასაქმებას აქცევს, წინააღმდეგობაში მოდის ქართული ოცნების კიდევ ერთ დაპირებასთან. 1 მაისს კოალიციამ, მშრომელთა დღესთან დაკავშირებით, გაავრცელა მისალოცი განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს მოქმედი „დისკრიმინაციული” შრომითი კოდექსის გაუქმებასა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მსგავსი შრომითი კანონმდებლობის შემოღებას დაჰპირდა. თუმცა, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც კანონმდებლობის წყალობით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება ძალიან რთულია, სწორედ ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა დგას მწვავედ. 2009 წელს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, 24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი საფრანგეთში 18 პროცენტი იყო.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წილს ეკონომიკაში, რომლის გაზრდის პირობა ივანიშვილმა მიტინგის ტრიბუნიდან დადო – ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ეს მაჩვენებელი უნდა მცირდებოდეს. საქართველოს ეკონომიკაში დარგის წილი ამჟამად 8 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც საფრანგეთის ეკონომიკაში – 4, ნიდერლანდების – 1,6, აშშ-ის – 0,9 პროცენტს.

უფრო დეტალური პროგრამის წარმოდგენას კოალიცია შემდგომ აქციებზე გეგმავს.

კომენტარები