ქართული ოცნება

სამიტინგო არითმეტიკის საწყისები

0 კომენტარი

გასულ კვირას, კოალიცია ქართულმა ოცნებამ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა, რითაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა სადავო გახდა და საგრძნობლად განსხვავებული მონაცემებიც გავრცელდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა საქართველოში სპეკულაციის საგანი ხდება. მსგავსი დავები წარსულში გამართული არაერთი აქციის თანმხლები იყო.

ბუნებრივია, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემონსტრანტების რაოდენობა საკამათო ხდება. პიარის სპეციალისტები და პოლიტიკოსები სხვაგანაც ხშირად მანიპულირებენ ამა თუ იმ ღონისძიების მხარდამჭერი, ან საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობით. ასეთ შემთხვევებში მედიასა და მოქალაქეებს თავად უწევთ ხალხის რაოდენობის დათვლა.

დათვლის ყველაზე აპრობირებული მეთოდი ამერიკელი ჟურნალისტის, ჰერბერტ ჯეიკობსისგან მომდინარეობს. ის 60-იან წლებში კალიფორნიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორი იყო. ბერკლიში სტუდენტები ხშირად იკრიბებოდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციებს ჯეიკობსი კარგა ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, რაც მას დემონსტრანტების რაოდენობის დათვლის პრინციპის პოვნაში დაეხმარა. მოედანი, რომელზეც აქციის მონაწილეები გროვდებოდნენ, კონკრეტულ მონაკვეთებად იყო დახაზული. შესაბამისად, ჯეიკობსმა განსაზღვრა, მოედნის რა მონაკვეთები ეკავათ სტუდენტებს, თითოეულ მათგანზე საშუალოდ რამდენი ადამიანი იდგა და სწორედ ამის მიხედვით დათვალა რაოდენობა.

მეთოდი, რომელიც მისი დაკვირვებიდან გამომდინარეობს, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს საშუალებას, ტექნოლოგიების, რთული მათემატიკული და კომპიუტერული მოდელების შექმნის გარეშე მიახლოებით დათვალოს დემონსტრანტების რაოდენობა. ამისთვის მარტივი არითმეტიკა და რამდენიმე მონაცემის განსაზღვრაა საჭირო:

. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა სივრცეს იკავებდნენ დემონსტრანტები და ამ ტერიტორიის ფართობი. საქართველოში აქციის მონაწილეებს თავის მოყრა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სჩვევიათ – ჩვეულებრივ, ლესია უკრაინკას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არეალში. ამ მონაკვეთის ფართობის ზუსტი მონაცემის ონლაინ პოვნა შეუძლებელია და მსურველს თავად უწევს დაახლოებითი მონაცემის გამოთვლა-გაზომვა. სამაგიეროდ, ცნობილია საკუთრივ თავისუფლების მოედნის ფართობი. მთლიანობაში, მოედანი და დანარჩენი ტერიტორია – ლესია უკრაინკას ქუჩამდე, დაახლოებით 25 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

2. ფართობის განსაზღვრის შემდეგ, მეორე ეტაპი აქციის სიმჭიდროვის განსაზღვრაა – უნდა დავთვალოთ, რამდენი ადამიანი დგას საშუალოდ ერთ კვადრატულ მეტრზე. ჩვეულებრივ, საშუალო სიმჭიდროვისას, ორ, მაქსიმუმ სამ ადამიანს ითვლიან, ძალიან დიდ სიმჭიდროვეში – ოთხს, უკიდურეს შემთხვევაში, ხუთსაც კი. ასეთი მდგომარეობა შეიძლება შეგვხვდეს მექაში ტავაფის რიტუალისას, როდესაც მომლოცველები ქააბას წრეს ურტყამენ. იქ, იშვიათ შემთხვევებში, რიტუალის თავისებურებიდან გამომდინარე, ერთ კვადრატულ მეტრზე რვა ადამიანიც დამდგარა, რაც ჭყლეტისა და მსხვერპლის საშიშროებას ქმნის.

3. ბოლო ნაბიჯი დემონსტრანტების მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობის გამრავლებაა გამოთვლილ სიმჭიდროვეზე. ვთქვათ, თუ 2000 კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე, დემონსტრანტები სამი ადამიანის სიმჭიდროვით დგანან, მაშინ აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ ორი მონაცემის ნამრავლის ტოლია, ანუ 6000 ადამიანს შეადგენს.

ბუნებრივია, მსგავსი გამოთვლები ბოლომდე ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი შეიძლება მივიღოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდში ცდომილება დაახლოებით 20%-ს აღწევს.

აქციის მონაწილეთა რაოდენობის დათვლის განსხვავებულ მეთოდს იყენებენ, როდესაც დემონსტრაცია მოძრავია. აქ ე.წ. დინების მაჩვენებელი გამოიყენება – ითვლიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტულ არეალს გაივლიან. შემდგომში კი მოვლენის ნაწილზე დაკვირვებით მიღებულ შედეგებს მთელ მოვლენაზე განავრცობენ, რაც ასევე არ იძლევა ზუსტ სურათს.

ჯეიკობსის პერიოდიდან მოყოლებული შეიქმნა სხვა არაერთი ფორმულა და მოდელი, რომლის მიხედვითაც დემონსტრანტების რაოდენობას ითვლიან. არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიებიც, თუმცა მედია მათ იშვიათად იყენებს, რადგან ეს მაღალ სპეციალიზაციას, შესაბამის აღჭურვილობას, გუნდს, დროსა და სხვა რესურსებს მოითხოვს, რაც, თავისთავად, ძვირი სიამოვნებაა. სირთულე მით უფრო მატულობს, როდესაც დემონსტრანტთა რაოდენობის დათვლა პოსტფაქტუმ უწევთ. ამიტომ, ყველაზე გავრცელებულ და მარტივ მეთოდად კვლავაც ფართობისა და სიმჭიდროვის მიხედვით დათვლა რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები