ევროკავშირი

ევროკავშირის უცნაური რჩევები

ევროკავშირი თბილისს ოკუპირებული რეგიონების მიმართ პოლიტიკის კორექტირების რეკომენდაციებს აძლევს. მართალია, ამ პოლიტიკას ევროკავშირი, ძირითადად, დადებითად აფასებს, მაგრამ, ამავე დროს, ბრიუსელმა თბილისს რეკომენდაცია მისცა, „უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის და შერიგების პოლიტიკა, დე ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით”. ასევე, გადადგას „პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები” ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის, გადაადგილებისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით.

ამ ზოგადი რჩევების გარდა, ევროკავშირი რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციასაც იძლევა. მათ შორის – ურჩევს თბილისს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს „გადახედოს”. 2008 წელს მიღებული კანონის თანახმად, ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გადაადგილებაზე – მათი შესვლა ამ ტერიტორიებზე მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მხრიდან არის დაშვებული. ასევე იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ლიცენზირებას ან ნებართვას საჭიროებს. ბათილად ცხადდება გარიგებები უძრავ ქონებაზე. რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე კი პასუხისმგებლობა ოკუპანტ სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

აქამდე ბრიუსელს კანონთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამს და ამ კანონის კრიტიკით მხოლოდ მოსკოვი გამოდიოდა. ევროკავშირი ცდილობს კომპრომისული პოზიცია შეიმუშაოს და, როგორც ჩანს, მოსკოვის გარკვეულ მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს, რისი შედეგიც საქართველოს მისამართით გამოთქმული შენიშვნები გახდა. მაგრამ თბილისი მათ გათვალისწინებას არ აპირებს.

როგორც ტაბულას რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზებით ითხოვს ევროკავშირი კანონის გადასინჯვას. ტყეშელაშვილის თქმით, „ცოტა უცნაურია, როდესაც პოლიტიკა პოზიტიურად არის დანახული და, იმავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში პრობლემას ხედავენ”.

მინისტრის განცხადებით, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, „აბსოლუტური აუცილებლობაა არსებობდეს სამართლებრივი ჩარჩო”, რომელიც ამ პრობლემას ასახავს. შესაბამისად, „სანამ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, ეს კანონი აუცილებელი იქნება არსებული ფორმით და რაიმე გადახედვას არ ექვემდებარება”.

ბრიუსელის კიდევ ერთი რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა მკურნალობას ეხება. ევროკავშირი ამ პრაქტიკას მიესალმება და შერიგებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. იმავდროულად, იძლევა რეკომენდაციას, ადამიანებს მომსახურება გაეწიოთ ისეთი „წინაპირობების გარეშე”, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს პირადობის მოწმობების აღების ვალდებულება.

ეკა ტყეშელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, მკურნალობა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეუძლიათ. თუმცა, მისივე თქმით, თუ ადამიანს სურს, რომ სამკურნალოდ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება მიიღოს, ეს შეუძლებელია, თუ მას სახელმწიფოსთან რაიმე სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია (ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა). აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს პასპორტი თუ არა, სტატუსნეიტრალური დოკუმენტი მაინც. მინისტრი ამასთან დაკავშირებულ რეკომენდაციასაც „ხელოვნურს” უწოდებს.

რაც შეეხება თავად სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს, ამ მხრივ ევროკავშირს კიდევ ერთი შენიშვნა აქვს. ის მიესალმება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შემოღებას, როგორც ნაბიჯს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა იზოლაციიდან გამოყვანის გზაზე. თუმცა თვლის, რომ სანამ დოკუმენტი ამ რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მეტად მისაღები არ იქნება, ის „მგზავრობის ერთადერთი შესაძლებლობა არ უნდა იყოს”.

ამ რეკომენდაციის კომენტირებისას სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ სტატუსნეიტრალური დოკუმენტის ერთადერთი ლეგალური ალტერნატივა შეიძლება საქართველოს პასპორტი იყოს. ეს იმიტომ, რომ რუსეთის მიერ პასპორტების გაცემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა, რაც ევროკავშირის 2008 წლის კონფლიქტის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული. შესაბამისად, ლეგალური გადაადგილების საშუალებად რუსულ პასპორტებს ვერც ევროკავშირი ჩათვლის.

„რატომაც არ უნდა იყოს ნეიტრალური დოკუმენტი გადაადგილების ერთადერთი საშუალება?” – კითხულობს, თავის მხრივ, პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტის არსი ისაა, რომ ხელი შეუწყოს სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტას მანამ, სანამ კონფლიქტი მოგვარდება. შეიძლება სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული რაღაც დეტალები კითხვებს იწვევდეს და ამაზე საუბარი მისაღებია, – ამბობს დარჩიაშვილი, – მაგრამ „თუ ეს დოკუმენტი ერთადერთი არ იქნება, მაშინ რა აზრი აქვს მას?”.

კომენტარები