ავიაკომპანიები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უნგრულ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კოპიტნარის აეროპორტში ოპერირებასთან დაკავშირებით უნგრულ ავიაკომპანია Wizz Air - თან ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კომპანია კოპიტნარის აეროპორტიდან მგზავრებს უკრაინაში მხოლოდ 22 ევროდ გადაიყვანს.

"აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც თავიდან მგზავრებს ქუთაისიდან კიევში 22 ევროდ გადაიყვანს. კიევიდან კი მათ მხოლოდ 15-20 ევროს დამატება მოუწევთ, რომ მაგალითად ლონდონში გადავიდნენ. 22 ევროდ ტაქსი არ ჩაგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში, თუმცა აქ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ ამ ფასად ბოინგმა ჩაგიყვანოს ევროპაში. აი, ესაა კოპიტნარის აეროპორტის მთავარი დანიშნულება. ამიტომ იდება აქ ფული". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, Wizz Air - ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან გაზრდის ქუთაისის, როგორც რეგიონის საკვანძო აეროპორტის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე გამოჩენა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და იმერეთის რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პრეზიდენტის განცხადებით, თავდაპირველად კოპიტნარის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები კიევის მიმართულებით განხორციელდება, თუმცა სამომავლოდ პირდაპირი მიმოსვლა ევროპის სხვა ქალაქებშიც დაიწყება.

ავიაკომპანია „Wizz Air“ მგზავრების გადაყვანას 27 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისი თბილისი - კიევი 22 ევრო ეღირება.

 

კომენტარები