ჰილარი კლინტონი ბიძინა ივანიშვილს პირისპირ არ შეხვდება

კოალიცია ქართული ოცნების სახელით ჰილარი კლინტონს რესპულიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, ქართული ოცნება-დემოკარტიული საქართველოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე და დემოკრატიული მოძრაობის წევრი თეა წულუკიანი შეხვდებიან. შეხვედრა სავარაუდოდ ხვალ დილით გაიმართება.

კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით,  ამერიკის სახელმწიფო მდივანთან საუბრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და არჩევნები იქნება.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა: „ ვიცი, რომ ქალბატონი კლინტონი ძალიან მოკლე დროით ჩამოდის. ჯერ არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცდელობა გვექნება.“

ქართული ოცნების პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, კოალიციამ აშშ-ს საელჩოს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც ბიძინა ივანიშვილის და ჰილარი კლინტონის პირისპირ შეხვედრას ითხოვდა. როგორც სააგენტოები აშშ-ს საელჩოზე დაყრდნობით იუწყებიან, ამ ეტაპზე ჰილარი კლინტონს ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები დაგეგმილი არ აქვს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კავკასიური ტურნეს ფარგლებში 5 ივნისს საქართველოს ეწვევა და ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.

კომენტარები